"თუნდ "არა" მითხარით, ოღონდ მიპასუხეთ..." - კვირის პალიტრა

"თუნდ "არა" მითხარით, ოღონდ მიპასუხეთ..."

ასეთ წერილებს "კვირის პალიტრას" თითქმის ყოველდღე უგზავნიან და ყოველთვის გვრცხვენია მათი წაკითხვისას, რადგანაც მსგავსი რამ ჩვენ თვალწინ ხდება და ვერ შევძელით, ხელისუფლება გვეიძულებინა, მილიონზე მეტი ხანდაზმული ადამიანის სიცოცხლე დაეცვა. უამრავ წერილთაგან დღეს ერთს იმიტომ ვბეჭდავთ, რომ სხვის სიბერეზე თუ არა, საკუთარ სიბერეზე მაინც დაგვაფიქროს!

პირველ რიგში შენ გწერ, ჩემო "კვირის პალიტრა", რადგან ჩვენისთანა ცხოვრებაში დაკარგულების ხმას ხალხს აგონებ. გთხოვ, ახლა ჩვენს მთავრობას გააგონო ჩემი ხმა, - ჩათვალონ, რომ მე ერთი ნაწილი ვარ იმ ათასობით ადამიანისა, ღვთის ანაბარად რომ მიაგდეს. ჩვენ ხომ აღარც მუშაობა შეგვიძლია, აღარც თავის შენახვა.

ამ წერილს სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირი, 83 წლის სოფიო გწერთ. მითხრეს, ტყუილად იღლი ხელსო, მაგრამ მე ხომ მჯერა თქვენი.

II მსოფლიო, ანუ სამამულო ომი რომ დაიწყო და მობილიზაცია გამოცხადდა, სამხედრო კომისარიატში ვთხოვე, ფრონტზე გავეგზავნე. უარი მითხრეს - 15 წლისა ვიყავი, ამიტომ 31-ე საავიაციო ქარხანაში გამიშვეს მუშად. ომის წლებში ცივ ბეტონზე ვიდექი და თვითმფრინავის ფრთებს, კუდებს, კარკასებს ვაკეთებდი. თავი არ დამიზოგავს. ომი რომ დამთავრდა, მუცელსა და ფილტვებში წყალი მქონდა ჩამდგარი. დიდხანს ვებრძოდი სიკვდილს, სასწაულებრივად გადავრჩი, მაგრამ თავზარი დამეცა, როცა ექიმებმა მითხრეს, - შვილი არ გეყოლებაო...

მე და ჩემმა მეუღლემ გოგონა ვიშვილეთ და გავზარდეთ. ღმერთს ვთხოვ, ყველას ჰყავდეს ასეთი შვილი, ახლა 43 წლის არის და თავს გვევლება, მაგრამ რა ქნას, როგორც ბევრ მის ხნისას, მასაც არა აქვს სამსახური. რისთვის ვიკლავდი თავს, რად მჭირდება დიპლომი, საპენსიოდ ძალიან ახალგაზრდა ვარ, სამსახურის შოვნისთვის ძალიან მოხუციო, - წუხს, მაგრამ ცხრაპირ ტყავში ძვრება და მაინც არ გვხოცავს შიმშილით.

აღარას ვჩივი, სხვა უბედურებაც რომ არ გვჭირდეს - წამალს ვეღარ ვყიდულობთ პენსიონერები და წამლის ფასის გაგონებაზე გულის გახეთქვას შინ სიკვდილი გვირჩევნია; თელასიც ჭირად დაგვაწვა... ერთ დროს, ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი გვქონდა.

შესაბამისი ცნობა ჩემი ხელით ჩავიტანე თელასში, მაგრამ შარშან დენი მაინც ჩამიჭრეს (არა მარტო მე, დასახლების 90%-ს) იმ დავალიანების გამო, რომლისგანაც გათავისუფლებული ვიყავი. თანაც მითხრეს, ახლა საჯარიმო თანხა კომპიუტერშია შეტანილი და ვერაფერს გიშველითო. ახლა 308 ლარი დამადეს ვალად და სანამ არ გადავიხდი, შუქს არ ჩამირთავენ. რა მეშველება?! გასაყიდიც აღარაფერი გვაქვს და რაღა ვქნათ, როდემდე უნდა ვისხდეთ სიბნელეში? გაზსაც ვეღარ ვანთებ, შვილო, ისიც გადამიჭრეს, უგაზობას კიდევ ავიტან, მაგრამ 84 წლის მოხუცს, რომელსაც ორი პარასკევი დამრჩენია, სიბნელე იმ ქვეყნად არ მეყოფა?!

ნუთუ არავის აწუხებს ჩვენი ბედი, განა რამდენი ვართ - ვინც დავრჩით, თითებზე ჩამოგვთვლის კაცი, განა რამდენი წელი უნდა ვიცოცხლოთ კიდევ? ასე უნდა ფასდებოდეს სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი?

რისი იმედით უნდა გავუშვათ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, მამები, ძმები, ქმრები იმ ომში, რომელიც ალბათ ჩვენი მიწისთვის მოგვიწევს?! იმის იმედით, რომ გავა წლები, მოხუცდებიან და ჩემსავით სიბნელეში დაიხოცებიან? გთხოვთ მიპასუხოთ, თუნდაც "არა" მითხარით, ოღონდაც მიპასუხეთ...

პატივისცემით - სოფიო, 84 წლის