"ისევ ჭურში ვზივართ?!" - კვირის პალიტრა

"ისევ ჭურში ვზივართ?!"

ამბობენ, ნიჭიერი კაცი ზარმაციაო. ყოველ შემთხვევაში, ქართველებისთვის ეს აქსიომაა, - ნამდვილად არ ვართ უნიჭო ერი. თუმცა მერე, რა! რაც შევქმენით, ჩვენი სიმღერებისა არ იყოს, იმისი დაცვა გვეზარება. იქ, სადაც ხალხი "პაჭაპუჭა" ღირებულებებით იწონებს თავს, ჩვენ არც კი ვჩნდებით, ამიტომაც ჩვენსას სხვა იჩემებს.

სხვათა შორის, ახლა ისეთი გაქანებული ბრძოლაა ეროვნული კულინარიული კერძების მისათვისებლად, შეიძლება, საცივის (და ხაჭაპურის!) პატრონობაც კი წაგვართვას ვინმემ. თუ არადა, ნახეთ, რა ხდება მსოფლიო კულინარიის "ბრძოლის ველზე."

ცნობილ პარმეზანს - პარმის ყველს ამ ორი წლის წინ მიენიჭა იტალიის ნაციონალური სიმბოლოს სტატუსი. ამიერიდან, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხვა ქვეყნებს აკრძალული აქვთ ამ დასახელების ყველის ბაზარზე გატანა. პარმის ყველის მწარმოებელთა აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიის უდიდესი გამარჯვებაა.

იტალიელები დაახლოებით 400 დასახელების ყველს ამზადებენ. მათგან ყველაზე პოპულარულია პარმეზანი. იგი პირველად 1100 წელს დაამზადეს ქალაქ პარმის მახლობლად მდებარე მონასტრის ბერებმა. 1 კგ ყველის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 16 ლ რძე. თავდაპირველად მას 1 წელი ინახავენ სპეციალურ ფორმებში.

წლისთავზე ამოწმებენ. თუ პროდუქტი ფორმითა და შემცველობით სტანდარტს არ შეესაბამება, იწუნებენ, მაგრამ არ ანადგურებენ და ბაზარზე სხვა დასახელებით გააქვთ, ხოლო ღირებულ პროდუქტს კიდევ ერთი წლით ინახავენ და მხოლოდ ამის შემდეგ ადებენ ხარისხის მაჩვენებელს.  მარკირება ხდება მაშინ, როცა ყველი ძალიან რბილია, ანუ "ახალგაზრდაა". მის ასაკს ძველად ვერცხლის ზარების დარტყმის ხმით განსაზღვრავდნენ.

ახლა, რაც შეეხება, სხვა ქვეყნებს: ლიბანი და ისრაელი ამჟამად კულინარიის გამოც ომობენ. ლიბანის მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარეს   განზრახული აქვს, თავისი ორგანიზაციის სახელით სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ "ლიბანის სამზარეულოს მიტაცებისთვის". ისრაელის კომპანიებს მთელ მსოფლიოში გააქვთ "ხამუსი", "თაბულე" და "ფალაფელი", როგორც ნაციონალური კერძები, არადა, ისინი ჩვენი ეროვნული საკუთრებაა და კრიმინალური მარკეტინგის გამო ლიბანი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს კარგავსო, - ამბობენ ლიბანელები.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ამ საქმეში ნაწილობრივ საკუთარ მთავრობასაც ადანაშაულებენ, რომელმაც აქამდე არ იზრუნა ეროვნული სამზარეულოს კერძების უფლებების რეგისტრაციაზე, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, კონიაკზე - საფრანგეთმა, პარმის ყველზე - იტალიამ, ფეტასა და მეტაქსაზე - საბერძნეთმა და ა.შ.

და რატომ ვზივართ ჭურში ქართველები? ჯერ იყო და, მსოფლიოს 7 საოცრების კონკურსი ჩატარდა, სადაც გამოკითხვაში 2 მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენ გარდა, თითქმის ყველა ქვეყანამ წარადგინა თავისი ღირსშესანიშნავი ძეგლები. შარშან კი, ჩვენი პლანეტის შვიდი ბუნებრივი საოცრების კონკურსი იყო და აქაც ყური არ შევიბერტყეთ. ეროვნული სამზარეულოს კერძების დარეგისტრირებაზეც ხომ ხმას არავინ იღებს! არ შეიძლება, ჩამოვწეროთ ეროვნული კერძების სია, გამოკითხვით ავირჩიოთ მათგან საუკეთესონი და მივანიჭოთ ეროვნული სიმბოლოს სტატუსი?

ბოლოს და ბოლოს, დავესესხოთ ლუარსაბსა და დარეჯანს ჭკუა, ცოდნა, გამოცდილება და მათი დახმარებით მაინც შევძლოთ ამ საქმის თავის მობმა, თორემ ჩვენს მეზობლებს სულაც არ დაეზარებათ ამაზეც განაცხადონ პრეტენზია!

მედეა თავდიშვილი