"შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან..." - ემიგრანტი ქალის წერილი - კვირის პალიტრა

"შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან..." - ემიგრანტი ქალის წერილი

შეიძლება ჩვენი ბედისწერაა, შეიძლება ჩვენი გადარჩენა, - საუკუნეები გადის და ქართველებისთვის არაფერი იცვლება. ათასი წლის წინ სამშობლოდან გადახვეწილი ქართველი რომ წამოაყენო, ტკივილამდე მონატრებულ სამშობლოს უცხოეთიდან ზუსტად ისეთსავე წერილს მოსწერდა, როგორსაც ახლა წაიკითხავთ, - ჩვენ გვიჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა, მაგრამ იძულებული ვართ, მაინც დავტოვოთ იგი.

ეს საბერძნეთში წასული ქართველი ქალის წერილიც ზუსტად ისეთივე შინაარსისაა, როგორიც საზღვარგარეთ გასულ ქართველთა მოწერილი წერილები. ამიტომაც ვბეჭდავთ და იმიტომაც, რომ არავის ეგონოს, რახან წავიდა, სამშობლოც მიავიწყდა, არადა, იგი, ხანჯალივით გულში გაყრილი, სულ თან დაჰყვება:

ჩემო ლამაზო სამშობლო, ტკივილამდე მენატრები... თითქოს აქ გადმოხვეწილს საკუთარი ტკივილები არ მყოფნიდეს, შენც სულ თან დამყვები. რა ვქნა, როგორ დაგეხმარო? ინგრევა და ინგრევა ნელ-ნელა შენი მოდგმის ნაშენები ოჯახები, მიდის მამა და რჩება ოჯახი უკაცოდ, მიდის დედა და რჩება ოჯახი უქალოდ.

დედაკაცი იყო მამულის ბურჯი და მამაკაცი - ზღუდე... მიდის შვილი და რჩება მშობლები სხვის ანაბარა, ვინ იცის, რამდენ დედას ვერ ეღირსება სიკვდილის წინ მონატრებული შვილის ნახვა, მის ლოცვაში ამოხდება სული. აცილებ ნელ-ნელა შენს შვილებს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და ვაითუ, გულში ფიქრობ, - დამივიწყებენო. არა, ჩემო მოუნელებელო ტკივილო, შენი დავიწყება არავის შეგვიძლია, შენ შენი შვილებისათვის ერთადერთი საფიცარი ხარ, აქ გადმოხვეწა იძულებით გვჭირს.

ბევრმა და მეც, შენგან დაშორებულმა, უფრო შევიგრძენი შენი სიყვარული და ნამდვილად ვიცი, რომ უშენოდ არ შემიძლია სიცოცხლე. შენ ჩემი ხატი ხარ, მარტო გულით კი არა, სულით მენატრები და ყოველდღე უფალს მუხლმოდრეკილი ვევედრები, უცხო მხარეში არ ამომხადოს სული. რაიმის თუ მეშინია, იმისა, რომ შენი ერთი მუჭა მიწაც კი არ წამომიღია გულზე დასაყრელად. მაგრამ იცი, რატომ? იმიტომ, რომ არ მოგაკელი...

"საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,

მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადის...

შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან

ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი".

აი, რატომ არ მოგაკელი ის ერთი მუჭა მიწა, მაგრამ თუ მაინცდამაინც მომიწევს უცხო მხარეში სიკვდილი, ვიცი, ეს მიწა ჩემთვის ორჯერ ცივი და მძიმე იქნება, ჩემი მოუსვენარი სული მაინც ვერ მოისვენებს, მოაღწევს შენამდე... იმედი გქონდეს, ზეციდან დაგიდგებით დარაჯად, ყოველთვის გამცნობ მოახლოებულ საშიშროებას და მუდამ ვილოცებ შენი გამარჯვებისთვის.

სხვა რა გითხრა...

ნანა გერაძე, საბერძნეთი