"ისე ვგუგუნებდით, მეგონა, ჩვენი ხმა თურქეთშიც გადიოდა" - კვირის პალიტრა

"ისე ვგუგუნებდით, მეგონა, ჩვენი ხმა თურქეთშიც გადიოდა"

ერის გადარჩენა საკუთარი ფესვების ხსოვნაა. ახალციხელმა ტარიელ ოქრომელიძემ გასაოცარი ამბავი მოგვწერა, ზღაპარივით ამბავი... დაახლოებით 250 წლის წინ ორი ძმა ოქრომელიძე საქართველოს ბედკრულმა ისტორიამ ერთმანეთს დააშორა. ერთი სამცხეში, სოფელ მუსხში დამკვიდრდა, მეორე - შავშეთში (მაშინ ის მიწაც საქართველო იყო!) დასახლდა და გამრავლდა. გადიოდა დრო. დრო, რომელიც ძმების შთამომავალთ სამუდამოდ აშორებდა ერთმანეთს. მაგრამ არის ისეთი რამ, რაც დროს ამარცხებს. ეს ერის ცნობიერებაა.

ტარიელ ოქრომელიძე: - შარშან, ახალი წლის მეორე დღეს, მეზობელმა დამიძახა, - ტარიელ ბიძია, სტუმრები მოგიყვანეო. ცოლი 7 წელიწადია, ავად მყავს, თავზე ვადგავარ, ვერსად გავდივარ, ამიტომ სტუმარს ამომავალ მზესავით ვუყურებ. ერთი მოსულთაგანი ჩემი მამიდაშვილის შვილიშვილს, ვანოს ჰგავდა და - ამ ახალ წელიწადს როგორ გამახარე-მეთქი, - ხმამაღლა გავეხმაურე. ახლოს რომ მივედი, ჩემმა მეზობელმა - ვანო კი არა, თურქი ძმები მოგიყვანეო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-მეთქი და შინ შევიწვიე.

შენი დიდი ბაბუის ძმა, თემუროღლი, ხომ თურქეთში ცხოვრობდაო, - მკითხა ერთმა, ოღონდაც დაკოჟრილი ქართულით! ჰო, ჩვენ, მესხ ოქრომელიძეებს, თურქეთში დარჩენილი ძმის სახელს რა დაგვავიწყებს-მეთქი. რას ვიფიქრებდი, თუ ისინიც იქ, თურქეთში, ჩვენს ხსენებაში იყვნენ შვილიშვილიდან შვილიშვილამდე!

ჰოდაო, - განაგრძო ყმაწვილმა, - ბაბუაჩემისგან ვიცი, რომ საქართველოში ჩემი ნათესავი ოქრომელიძეები ცხოვრობენ და თქვენს სანახავად მოვედიო. მეგონა, ცა გამეხსნა, სიხარულისაგან პირი ვეღარ გავხსენი, მერე კი ვიყვირე, ჩემს ბიძაშვილებს გავძახე. იმათ - ჩვენც ოქრომელიძეები ვართ, ეს კაცები ჩვენთანაც მოვიდნენ, შენც გადმოჰყევი და ისეთ სუფრას გავშლით, ჩიტის რძე არ დააკლდებაო. დავსხედით და იმ "ჩემმა ვანომ" - დემიქარდეში ვცხოვრობთ, იქ ახალციხიდან ჩამოსულ ოქრომელიძეებს შემთხვევით შევხვდით, გამოვეცნაურეთ და წამოვყევითო. სადაც ჩვენი წინაპარი ცხოვრობდა, ის ადგილები უნდა მოვინახულოთ, ჩვენი ნათესავები უნდა გავიცნოთო. ვუთხარი, - ბიჭო, რომ დაგინახე, ჩემი მამიდაშვილის შვილიშვილი მეგონე, გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ, მასავით ცისფერი თვალები გაქვს-მეთქი! ჩემმა სტუმარმა კი - 15 ოჯახი ოქრომელიძეები ვართ თურქეთში, იქ ალთუნოღლად გვაქვს გვარი გადაკეთებული, ოქრომელიძედ ვინღა გაგვიშვებდა, მაგრამ გვარში "ოქრო" (ალთუნ) მაინც შევინახეთო. რომ შევთვერით, ამღერდნენ, მაგრამ რას ამღერდნენ, თვალებზე ცრემლი მომადგა, - ჩემს ბავშვობაში მუსხში რომ ვმღეროდით, ის სიმღერები იცოდნენ. ისე ვგუგუნებდით, მეგონა, ჩვენი ხმა თურქეთშიც გადიოდა და ყველა ოქრომელიძეს ესმოდა, ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც... ბიჭებმა თქვეს, - აწი თქვენც ჩამოდით ჩვენთანო. მე რას წავალ, მაგრამ ჩემი სისხლი და ხორცი ხომ წავა! მე კი ერთი სურვილი მაქვს და უფალს იმის ახდენას ვთხოვ, - ასე საუკუნიდან საუკუნემდე იაროს ოქრომელიძეების და მთელი საქართველოს ჯიშმა და ჯილაგმა!

...მე სურათების გადაღებისა არა ვიცი, რა, მაგრამ მოვიძიე და "ჩემი ვანოს" პატარა სურათი ვიშოვე. უეჭველად გამოგადგებათ...