50 ბავშვი და ერთი ძიძა - კვირის პალიტრა

50 ბავშვი და ერთი ძიძა

სამწუხაროდ, ჩვენს პრობლემებს ბოლო არ ეღება. მათ შორის ისეთს, რომელიც ყველაზე ძვირფასს, მომავალს გვიზარალებს. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, საბავშვო ბაღების ფანჯრებზე მომდგარი ატირებული პატარები, რომლებსაც ძიძები თუ პედაგოგები ხშირად იმიტომ ვერ ამშვიდებენ, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, გული მოუკვდება. ამ წერილის მიზანი ვინმესთან დავა კი არა, ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემების წარმოჩენაა...

"ამ წერილს თბილისის ერთ-ერთი ბაღის რამდენიმე ძიძა გწერთ, მაგრამ გთხოვთ, ჩვენს ვინაობას ნუ გაამხელთ, თორემ სამსახურიდან დაგვითხოვენ. თითო ჯგუფში 50-მდე ბავშვი გვყავს და მათი მოვლა იოლი არ არის. არ ვწუწუნებთ, ეს ჩვენი სამსახურია, რომელსაც ზოგიერთმა ცხოვრებაც კი მიუძღვნა, მაგრამ იმ სიტუაციაში, რაც დღეს საბავშვო ბაღებშია, ეს ყოვლად შეუძლებელია. რა ფართობისაც უნდა იყოს ჯგუფისთვის განკუთვნილი ოთახი, იქ რომ 50-მდე ბავშვი მთელი დღე გამოკეტილია, ნიშნავს, რომ პატარები დატყვევებული გვყავს, რაც აუცილებლად დააჩნდება მათ ფსიქიკას, _ ბაღების უმრავლესობაში გასართობები და სკამები არ არის, ამიტომ ბავშვები მასწავლებლებს ჰაერზე ვერ გაჰყავთ.

გარდა ამისა, ბაღში ბავშვის კვებაზე სამედიცინო ნორმით დადგენილის მესამედიც არ იხარჯება. ბაღებს მზარეულებიც არ ჰყოფნით. 500-მდე ბავშვის სადილის მომზადება სამმა მზარეულმა დღეში 3-ჯერ თავის დროზე როგორ უნდა მოასწროს? 3-4-წლიანთა ჯგუფებში ბავშვებს ისეთ დროს ვასადილებთ, როცა უკვე ძილის დროა, ამიტომ პატარა ძლიერ სტრესს იღებს.

3-4-წლიანთა ჯგუფები საბავშვო ბაღების განსაკუთრებული პრობლემაა _ პამპერსის გამოცვლა და ჩაბანა ერთდროულად რამდენიმე ბავშვს სჭირდება, მაშინ, როცა 50-ბავშვიან ჯგუფებს მხოლოდ ერთი ძიძა ჰყავთ და ჯადოქრები ხომ არ არიან, შეუძლებელი შეძლონ? ძიძებს მასწავლებლებიც ეხმარებიან, მაგრამ საქმეს ვერც ეს შველის. ბევრ ბაღში ბავშვებს საწოლებიც არ ჰყოფნით (ან უვარგისია და დაძინებისას იატაკზე ცვივიან). მასწავლებლებს იმის იმედი აქვთ, რომ ვიღაც არ მივა და პატარებს ერთმანეთის საწოლებში აწვენენ.

კიდევ ერთი პრობლემა: საბავშვო თეატრებში მთელი ბაღი ერთად მიჰყავთ (თეატრები ბილეთებს, კოლექტიურად, 3-4 ლარად ყიდიან), ციცქნა დარბაზში ამდენი ბავშვი ვეღარ ეტევა და ზოგი იატაკზე ზის, ზოგი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მშობელს ხელში ჰყავს აყვანილი. ნუთუ არ შეიძლება, იმდენი ბავშვი შეიყვანონ სპექტაკლებზე, რამდენიც დაეტევა?"

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსს, თემურ თორდინავას, რომელმაც არსებული სიძნელეები წინა ხელისუფლებისგან დატოვებული მძიმე მემკვიდრეობით ახსნა და დაგვპირდა, რომ თბილისში უახლოეს მომავალში 50 საბავშვო ბაგა-ბაღი ამუშავდება და ეს საკითხიც მოგვარდება. იმედია, ასეც იქნება, ჯერჯერობით კი, ფაქტია, ახალი ხელისუფლების მოსვლის მესამე წელიწადსაც ბაგა-ბაღების მოწესრიგება გადაუჭრელ პრობლემად რჩება.