გზა, რომელიც ულამაზეს სურებთან ვერ მიგიყვანთ - კვირის პალიტრა

გზა, რომელიც ულამაზეს სურებთან ვერ მიგიყვანთ

"17-კილომეტრიანი ჯოჯოხეთის გავლა-გამოვლას ორსაათ-ნახევარი მაინც სჭირდება"

მდინარე სუფსის ხეობაში "ჩაფენილი" ქვემო, ზემო და შუა სურები თვალს სილამაზით იტაცებს. არც ისე დიდი ხნის წინ სურები გურიის ბეღელიც იყო - აქედან გადიოდა რძე, ყველი, სიმინდი, თაფლი... ყველაფერი ეს ახლაც აქვთ, ოღონდ უგზოობის გამო ვერც თავად იყენებენ, ვერც სხვას ასარგებლებენ - ამქვეყნიური სამოთხე, საიდანაც ხალხს წასვლა არ უნდოდა, 25-წლიანი უშუქობა-უგზოობის გამო თითქმის დაცარიელდა, 2000 კომლიდან 200 კომლამდე დარჩა. საბედნიეროდ, განგებას ამ სამოთხის დაცარიელება არ უნდა და სასწაულიც მოხდა. აქაურებმა თავის თავში სოფლის გადასარჩენად ძალა იპოვეს. დედაქალაქელმა და სოფლად მცხოვრებმა სურებელებმა შექმნეს საზოგადოება, რომლის პირველი გამარჯვება შუქია. დღეს, 25-წლიანი სიბნელის შემდეგ, სოფელ სურებს სინათლე აქვს. ახლა გზა დარჩათ გასაკეთებელი. აი, ამაზე გვწერდა სურებელთა საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ დარსალია. ჩვენ მას დავუკავშირდით.

- თბილისელი ვარ, მაგრამ სურებში ბაბუამ გამზარდა. როცა დედაქალაქში სურების ფუძიდან წამოსულებმა ერთმანეთი მოვძებნეთ, მივხვდი, რომ ადგილის დედის ძახილი მარადიულია, მათ შორის ბევრი ისეთიც იყო, ვისაც სურებში აღარაფერი აქვს, მაგრამ მისთვის ყველაფერს გააკეთებს. მართლა დიდი ბრძოლა გადავიხადეთ სოფელში შუქის დასაბრუნებლად. ახლა სურებში სინათლე კია, მაგრამ უგზოობა იმ 200 კომლსაც გააქცევს. ჩვენში ისეთი მიწაა, ყველაფერს მოგცემს. თაფლი, პირუტყვი, სიმინდი თუ ხილი ბლომად არის, მაგრამ როგორ ჩამოიტანონ და გაყიდონ? სურებიდან ჩოხატაურამდე 17 კილომეტრი "დანის პირზე" უნდა იარო სუფსის ხეობაში. ამ 17-კილომეტრიანი ჯოჯოხეთის გავლა-გამოვლას ორსაათ-ნახევარი მაინც სჭირდება და აქაურებისთვის არცთუ ისე მცირე თანხა - 10 ლარი.

ახლა ამ გზაზე მხოლოდ ერთი დანჯღრეული მიკროავტობუსი ბედავს სიარულს. მძღოლს ნამდვილად რკინის გული აქვს. არადა, სადაც გზა არ არის, იქ სიცოცხლეც არ არის. აბა, ის რა სიცოცხლეა, საყვარელი ადამიანი ავად რომ გაგიხდება და ექიმის მოლოდინში სიკვდილს ინატრებ, - ვაითუ გზაზე ვერ ამოვიდეს ან ძალიან დაიგვიანოსო! იმიტომ შევძარით სურებელებმა ქვეყანა. სად აღარ მიგვაქვს წერილები - პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, სამინისტროებში... ისინი ჩვენს წერილებს ჩოხატაურის გამგეობაში გზავნიან.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაითვალეს ხარჯები, რომ 17-კილომეტრიანი გზის გაკეთებას ნახევარი მილიონი ლარი სჭირდებაო. ეს ფული მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა. მაგრამ მისცა იმიტომ, რომ წყალში გადაიყაროს.

- ეს როგორ?

- როგორ და, როგორც 2 წლის წინ გადაიყარა - ამ გზის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 40.000 ლარი სუფსისა და სურების მთების მეწყერს შეეწირა. ასეთი გზა "გაკეთებისთანავე" წაიღო წყალმა. ახლაც ასე იქნება, რადგან მუნიციპალიტეტი ამ თანხით სურების გზის მხოლოდ 6-კილომეტრიანი მონაკვეთის "მოხრეშვას" აპირებს. სურების გზას "მოხრეშვა" ვერ გაამაგრებს და მომდევნო ადიდებაზე სუფსა თან გაიყოლებს. ამ გზას საფუძვლიანი შესწავლა და კაპიტალურად გამაგრება-მოასფალტება სჭირდება. ჩვენი გამოთვლით ამას დაახლოებით 7 მილიონი ლარი სჭირდება.

- თუკი გზის კაპიტალურად გაკეთებას 7 მილიონი ლარი სჭირდება, საგზაო დეპარტამენტმა ნახევარ მილიონ ლარამდე რატომ გადაურიცხა მუნიციპალიტეტს, ამით რა უნდა გაკეთდეს?!

- მაგას თავად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახსნის. ჩვენ კი პირობას ვიძლევით, რომ თუ სურების გზა გაკეთდა, ჩვენი სოფელი იცოცხლებს. 40-მდე სურებელი ოჯახით უკანაც დაბრუნდება.

მოგვიანებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.

- მე ვთქვი, - სურების გზა განვლადი რომ გახდეს, დაახლოებით 400 ათასი ლარია საჭირო-მეთქი. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სწორედ ეს თანხა გამოგვიყო. სურების გზის სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 17 მილიონი ლარი მაინც არის საჭირო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, გზის მხოლოდ 6-კილომეტრიანი მონაკვეთი "მოგვეხრეშა".

- სურებელები ამბობენ, რომ გზას დაახლოებით 7 მლნ ლარი სჭირდება.

- ეს საკამათოა, შესწავლაა საჭირო.

- განა გამოსავალია გზის მხოლოდ მესამედის მოხრეშვა, რომელსაც წყალი წაიღებს?

- სულ არარაობას კონკრეტული მონაკვეთის გაკეთება რატომ არ სჯობია?

- უფრო ლოგიკური არა არის უკვე არსებული თანხით ჯერ 17-კილომეტრიანი გზის სრულფასოვანი შესწავლა მოხდეს, მერე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გზის კაპიტალურად შეკეთების ხარჯები წარადგინოთ?

- კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გადმორიცხული თანხის მიზნობრიობა უნდა შეიცვალოს.

...ვისურვებდით, სურებელების ბრძოლის ძალა სხვა დაცარიელებული სოფლების შვილებსაც მისცემოდეთ.