დედის ლოცვის ძალა და ხელთათმანში ჩაკეცილი სიყვარული - კვირის პალიტრა

დედის ლოცვის ძალა და ხელთათმანში ჩაკეცილი სიყვარული

რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, არ განელდება ის ტკივილი, რომელიც ჩვენს დიდ ბებია-ბაბუებს მიაყენა მეორე მსოფლიო ომმა. ამ თემაზე რედაქციაში საოცარი წერილი შემოვიდა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

მოგესალმებით პატივისცემითა და სიყვარულით. დედაჩემის ძმის, ბონდო კანდელაკის თავგადასავალს მინდა მოგიყვეთ. ფოტოსაც გიგზავნით - ხელშეხვეული ჩემი ბიძაა, ბონდო კანდელაკი და მამამისი, ჩემი თვალით უნახავი ბაბუ, რაფიელ კანდელაკი. დედაჩემის მშობლები, რაფიელი და ალექსანდრა ნიკორწმინდაში ცხოვრობდნენ. 7 ლამაზი და ჭკვიანი შვილი ჰყავდათ, 2 ვაჟი და 5 ქალი. ამიტომაც მომავალს დიდი იმედით უყურებდნენ, მომავალში კი საიმედო არაფერი იყო: 1941 წელს ატეხილმა ომმა ჯერ უფროსი ვაჟი წაართვათ, მერე - ჯარისკაცები დაგვაკლდაო და ომში გასაგზავნად სამი 15 წლის ბიჭი ამოარჩიეს, ერთი ბიძაჩემი ბონდო იყო. გავიდა თუ არა ბონდო ეზოდან, ბებიაჩემი გაქვავდა, - ჩემი შვილები შიშველ მიწაზე წვანან, მე საბან-ბუმბულში რა დამაწვენსო! მაშინ უფროსი ბიჭის დაღუპვის ამბავი არ იცოდა, მაგრამ დედის გულს რას გამოაპარებ... გაშეშებული ლოცულობდა, - ღმერთო, ჩემი ბონდო მაინც გადამირჩინე და ცოცხალი მანახეო. ბონდო კი ამ დროს ფრონტის წინა ხაზზე იყო, სადაც ცოცხალი მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვინც დაიჭრებოდა და ჰოსპიტალში გაგზავნიდნენ. დედამ იმის მოფიქრებაღა შეძლო, იქნებ მარცხენა ხელში მაინც დაიჭრას, რომ ცოტა ხნით სამშვიდობოს იყოსო. სამ დღეში დეპეშა მოვიდა, - ბონდო კანდელაკი მარცხენა ხელის მაჯაში დაიჭრა და ბაქოშია ევაკუირებულიო.

ბაბუა ბაქოში წავიდა და შვილი ნახა, სწორედ ამ დღეს, 1943 წლის იანვარშია გადაღებული ფოტო, სადაც ბონდო მარცხენა მაჯაშია დაჭრილი. იმ დღესვე ჩაუვარდა ბაბუაჩემი სამხედრო ხელმძღვანელობას ფეხებში, - გამატანეთ შვილი ქუთაისის ჰოსპიტალში, ფეხზე დავაყენებთ და ისევ წაიყვანეთო. გამოატანეს. მოგვიანებით თავის ნაწილში კვლავ დააბრუნეს და მხოლოდ 1945 წლის ოქტომბერში დაბრუნდა... ამ ამბავს გამაოგნებელი დასასრულიც უნდა დავამატო, - მაშინ ხომ საბჭოთა სოფლებში ყველგან ქსოვდნენ სამოსს ჯარისკაცებისთვის. ბონდო ბიძიას ხელთათმანები შეხვდა და როცა დაჭრილ მარცხენაზე წამოიცვა, საჩვენებელი თითის წვერში რაღაც ემაგრა. ხელთათმანი წაიძრო, ამოატრიალა და პატარა დაკეცილი ქაღალდი გაშალა.

ეს წერილი იყო, - ლანჩხუთელი პატარა გოგო წერდა, მე ვარ ლილი ორაგველიძე, მეცხრე კლასის მოსწავლე. ჯარისკაცო, ეს ხელთათმანი შენთვის მოვქსოვეო. ბიძაჩემი რომ დაბრუნდა, ლანჩხუთში წავიდა და ლილი მოძებნა. კარი 15 წლის ობოლმა გოგომ გაუღო, რომელსაც ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. ეს იყო ლილი. ბიძაჩემმა შეხედა და... შეუყვარდა. რა თქმა უნდა, ცოლადაც შეირთო...

კანდელაკების შთამომავლობას დღეს მათი შვილიშვილები აგრძელებენ.