"პანთეონი სკოლის ხარჯზე არ გაიზრდება!"
18-05-2015
"პანთეონი სკოლის ხარჯზე არ გაიზრდება!"
166-ე სკოლის ყოფილი დირექტორი გახლავართ (მას ადრე II გახანგრძლივებული ერქვა). ეს სკოლა დიდუბის პანთეონის გვერდით არის და ამ წმინდა ადგილის ახლოს ყოფნა ბევრს ნიშნავდა ყველასთვის - აქ თაობები იზრდებოდნენ იმ შეგნებით, რომ სამშობლო მხოლოდ აწმყო არ არის, ის წარსულზე დაფუძნებული მომავალია. ახლა კი გავიგე, რომ ვიღაცას უკუღმართი აზრი მოსვლია, პანთეონის ტერიტორია სკოლის დანგრევის ხარჯზე უნდა გაიზარდოს. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას იმ მოღვაწეების მსგავსნი, რომლებიც დიდუბეში არიან დაკრძალული, თავადაც ბევრჯერ მიმიყვანია
მათ საფლავებთან ბავშვები და დიდი წინაპრების მიმართ მოკრძალება მისწავლებია. რა აზრი აქვს წარსულს, თუ მის გამო მომავალს ბუდეს დაუნგრევ და ფსიქიკას შეურყევ!.. უამრავი ადგილის მოძებნა შეიძლება ახალი პანთეონისთვის. დრო ამ ახალ პანთეონსაც მუხლის მოსადრეკ ადგილად აქცევს და მომავალ თაობებსაც აჩვენებ, როგორ უნდა წინაპრის პატივისცემა. ეს
ამბავი მინდა გაახმაუროთ, რათა უკუღმართი გადაწყვეტილება ვერავინ აღასრულოს!

პატივისცემით, ლილი მგალობლიშვილი

ამ ამბავმა ჩვენც შეგვა­შ­ფოთა და ქალბატონი­ ლილი რედაქციაში მო­ვ­ი­წვიეთ. ორი (მული ახლდა) ულამ­აზესი­ ხანდა­ზმული­ ქალბატონის მოს­ვ­ლამ ყველას ყურადღება მიიპყრო. მათი ქცევა­-საუბარი მართლაც საამო­ გახლდათ. ქალბატონი ლილი ისე ღელავდა სკოლის შენობის შესაძლო დანგრევის გამო, რომ მითხრა, - წავიდეთ სკოლის ამჟამინდელ დირექ­ტორთან და გავ­იგოთ, რა ხდებაო. ირმა ომანიძე ქალბატონ ლილ­ის ღიმილით მიეგება.

- 8 წელიწადია ამაზე საუბარი სულ მესმის, მაგრამ ეს არ მოხდება!..
- ყველაფერი ხდება, შენ კი ეგ არ უნდა დაუშვა! - ისე მკაცრად წარმოთქვა სკოლის ყოფილმა დირექტორმა, რომ მაშინვე მიხვდებოდი, თავისი სკოლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებდა. მერე მთელი სკოლა შემოიარა, ბიბლიოთეკაშიც შევიდა, სადაც "პალიტრა L"-ის წიგნების დანახვამ გამახარა - თაროებზე "დიდი ქართველების" სრული სერია ეწყო. სკოლიდან გამოსვლისას კი მითხრა - ესეც დაწერეთ, რომ XII კლასი უფუნქციოა, ბავშვებს განათლებას არ აძლევს, ამიტომაც დიფერენცირებული სწავლება უნდა შემოვიღოთ, ბავშვები ტექნიკურ თუ ჰუმანიტარულ საგნებს სურვილის მიხედვით უნდა სწავლობდნენ, მათი გაჭირვებული მშობლები რეპეტიტორებს კი არ უნდა უხდიდნენ ფულს, XII კლასში უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები უნდა მოიწვიონ გაკვეთილების ჩასატარებლად და მათ ხელფასები სკოლამ უნდა გადაუხადოს! ჩემი დირექტორობისას სწორედ ამას ვაკეთებდი, მასწავლებლები ავიჯანყე, მაგრამ ვერაფერი დამაკლესო! - და შლაპა ისე ჯიუტად გაისწორა, ეტყობოდა, მისი მომრევი­ მართლა ვერავინ იქნებოდა. არც მაშინ, თუკი ვიღაც მართლაც მოინდომებს ამ სკოლის დანგრევას.
მე კი ქალაქის არქიტექტურის სამსახურს მივმართე. ლილი მასწავლებლის დასამშვიდებლად მინდა ვთქვა, რომ მათგან ასეთი კომენტარი მივიღე: აღნიშნული სკოლის დანგრევის ბრძანება არავის გაუცია და საეჭვოა, ვინმეს მოუვიდეს აზრადო!
natia
02 ივნისი 2015 21:46
ჩვენი სკოლაა.166_ე სკოლა თბილისში ერთ ერთი საუკეთესოა.
კახა
20 მაისი 2015 06:24
მახსოვს ლილი მგალობლიშვილი, მეორე კლასში ვიყავი როცა გედევან ძნელაძე დანიშნეს.

რედაქტორის რჩევით