"ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს" - კვირის პალიტრა

"ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს"

"წელს გაზაფხული კალენდარზე დარჩა - შეიძლება ითქვას, რომ ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულზე გადავედით. შარშანდელივით მაისი წელსაც წვიმიანი გამოდგა. თუმცა, თვის მიწურულს თბილისში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა, ხოლო ქობულეთში მაქსიმალური - +37 გრადუსი უკვე დაფიქსირდა. ამბობენ, ეს გლობალური დათბობის თანამდევი პროცესიაო, მაგრამ გვაიმედებენ, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს. იმასაც ამბობენ, წინ ზაფხულის ძალიან ცხელი დღეები გველის და ისედაც დახუთულ ქალაქში სუნთქვა გაუსაძლისი გახდებაო. იქნებ წინასწარ გაგვაცნოთ ამინდის პროგნოზი, რათა თადარიგი დავიჭიროთ, სად დავემალოთ თბილისურ ხვატს".

მანანა, თბილისი

როგორი ზაფხული გველოდება წელს, ამის გასაგებად "კვირის პალიტრა" ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა:

- მაისის მიწურულს თბილისში საკმაოდ დაცხა, როგორი ზაფხული გველის?

- უკვე შევადგინეთ ზაფხულის პროგნოზი. წელს ცხელი ზაფხული გველის - შარშანდელთან შედარებით ერთი გრადუსით მეტი, თუმცა, ანომალიური და კატასტროფული არ იქნება. ივნისი შედარებით ნალექიანია, ძალიან არ ეცხელება, მაქსიმალური ტემპერატურა 36-37 გრადუსს მიაღწევს. გახსოვთ ალბათ, შარშან ყველაზე მაღალი ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს დაფიქსირდა. ამ მხრივ თბილისი და კახეთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. მართალია, წელს ცხელი ზაფხული გველის, მაგრამ არა - საგანგაშო. ზოგადად, საქართველოში ივლისი-აგვისტო ძალიან ცხელია. წინა წლებში +42-43 გრადუსი ტემპერატურა 10-12 დღესაც გაგრძელებულა. შარშან მაღალი ტემპერატურა 3-4 დღე იყო, მაგრამ ყველას დაგვამახსოვრდა. +წელს ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს. 45 გრადუსს ნამდვილად არ ველოდებით.

სალომე გოგოხია