"თუ წყალს ლამაზ ადგილას სვამთ, უფრო გეამებათ!" - კვირის პალიტრა

"თუ წყალს ლამაზ ადგილას სვამთ, უფრო გეამებათ!"

წყალი სიცოცხლეა. ჩვენს ქვეყანაში, საბედნიეროდ, ასეთი სიცოცხლის წყარო ძალზე ბევრია. მათი ძალა ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ და თავგამოდებითა და რუდუნებით ცდილობდნენ, ადგილი, სადაც წყარო მოჩუხჩუხებდა, ლამაზად შეემკოთ.

ზოგ სოფელში ხალხური ხელოვნების ნამდვილი განძი ინახება მოჩუქურთმებული წყაროების სახით. მადლობას ვუხდით თამარ კვიჟინაძეს ამ განძის აღმოჩენა-დაფასებისთვის - იმ წერილისთვის, რომელიც გამოგვიგზავნა.

"გამარჯობა, პატივცემულო რედაქციავ. მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ ჩვენს სოფლებში. გვეუბნებიან ხოლმე, - ძალიან  უცნაურები ხართ, ხალხი საზღვარგარეთ მიდის, ერთობა, სიამოვნებას იღებს, თქვენ კი კლდე-კლდე დახეტიალებთ, დაკაწრულ-დამტვერილები დადიხართ და ეს გიხარიათო. ზოგს რა უხარია და ზოგს - რა! მე და ჩემს მეგობრებს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულის ნახვა გვახალისებს.

ერთ ზაფხულს დაღლილებმა ამ წყაროებთანაც ბედნიერებმა ჩავიმუხლეთ და დავლიეთ წყალი... ამ ფოტოებზე ასახულ წყაროთაგან ერთი რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ჟოშხაში არის გადაღებული, მეორე - ხარაგაულში, ფარცხნალში.

იცით, რას ვფიქრობდით და ვლაპარაკობდით ამ წყაროებთან ჩამომსხდარნი (წყაროები გასული საუკუნის 30-იან წლებშია გაკეთებული) - ალბათ როგორ ცდილობდნენ ოსტატები ამ წყაროს პირის მოჩუქურთმებას, რათა მწყურვალს წყურვილიც მოეკლა და სილამაზითაც დამტკბარიყოო. ალბათ მაშინ ჩვევად ჰქონდათ - ყველგან ლამაზი წყაროები გაეკეთებინათ, ჩვენამდე კი ცოტამ მოაღწია. სორელმა მოხუცმა ქალებმა გვითხრეს, - წყალი წმინდაა, ამიტომ პატივი უნდა სცე. თუ წყალს ლამაზ ჭიქაში ან ლამაზ ადგილას სვამთ, უფრო გეამებათო! მოხუცების ნათქვამზე მხოლოდ მათი ლაპარაკის შემდეგ დავფიქრდი.

და კიდევ ერთი: სოფელში წყლის მომწოდებელს ეუბნებიან, - გაიხარე, წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო. მართალია, მოხუცი არ ვარ, მაგრამ მეც ასე მინდა გისურვოთ!"

პატივისცემით, თამარ კვიჟინაძე