თქვენც სიყვარულით გიმღერებთ! - კვირის პალიტრა

თქვენც სიყვარულით გიმღერებთ!

"კვირის პალიტრავ"! სტუდენტი ვარ და ამიტომაც გაგიკვირდებათ, რასაც მოგწერთ, - თითოეულ თქვენს ნომერს ვკითხულობ, მერე ვაგროვებ და დედას ვუგზავნი კახეთში, სოფელში.

ის კიდევ, მეზობლებს აკითხებს... იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენს ყველა წერილში სამშობლოს სიყვარული იგრძნობა. ამ წერილსაც ამიტომ გწერთ, - ასე მგონია, მეც მოვახერხე ეროვნული საქმის გაკეთება და ეს ამბავი მინდა გაგიზიაროთ... კონსერვატორიაში ვსწავლობ, ვოკალის ფაკულტეტზე, პარალელურად  ევროკავშირის დაცვის სამსახურშიც ვმუშაობ და იქ დაცვის ბიჭებისგან  ხალხური სიმღერების ანსამბლი შევქმენი.

ამაში ჩვენი უფროსიც ძალიან დაგვეხმარა - სანამდე ქართველი კაცი იმღერებს, მანამდე საქართველოც იქნება, ხომ ასეა, არა? თუ გამოგვეხმაურებით და ხალხს გააგებინებთ, რომ ქართული სულის სიმღერა ჩვენთანაც ისმის, გაგვიხარდება, თუ არა და, ღმერთმა გაგიმარჯოთ, მაინც ძალიან მეყვარებით.

ბექა გოგინაშვილი

აბა, როგორ არ გამოვეხმაურებოდით! ბექას დავურეკეთ და მოვიდა, ანსამბლის ხელმძღვანელიც მოიყოლა, ბატონი გელა აბესაძე - მომღერალი აბესაძეების ოჯახის ერთ-ერთი ძმაა, სწორედ ასეთი კაცი გვჭირდებოდა ხელმძღვანელადო.

კონსერვატორიის სტუდენტი დაცვის სამსახურში როგორ მოხვდი-მეთქი.

- სად კონსერვატორია და სად დაცვა, არა? მასეც არ არის. მართალია, ვოკალის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ კარატეში შავი ქამარიც მაქვს. სწორედ ჩემმა კარატეს მასწავლებელმა, ბესო ხუციშვილმა გამიწია რეკომენდაცია დაცვის სამსახურში. იქ ისეთი ბიჭები დამხვდნენ, ქართული სიმღერა რომ უყვართ. ვარჯიშებზე ილია ათანელი გავიცანი - ცნობილი მომღერლის, ლადო ათანელის ვაჟია. პირველად მას ვუთხარი, ანსამბლი ხომ არ შევქმნათ-მეთქი. თან გია სეთურის იმედიც მქონდა - სუფრაზე მოვუსმინე - ბულბულივით მღეროდა ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს...

- ყველაფერი ასე იოლად ხომ არ მოხდებოდა...

- მართლა არ იყო იოლი, მაგრამ დაცვის სამსახურის უფროსმა, ბატონმა ირაკლი კოპაძემ - გვერდით დაგიდგებითო და დაგვიდგა. ასე ერთად შევქმენით ანსამბლი.

- და 9 კაცი რეპეტიციებზე ერთად შეკრებას როგორ ახერხებთ, დაცვის სამსახური ხომ სხვადასხვა ცვლაში მუშაობს?

- ეგ მართლა ძნელია. მაგრამ ბატონი გელა იმიტომაც მოვძებნე, რომ ვიცოდი, ოღონდ გვემღერა და ყველაფერს მოახერხებდა! პირველი კონცერტი უკვე გვქონდა, - ახალ წელიწადს ევროკავშირის ელჩმა დაგვპატიჟა და ვუმღერეთ. ჯერ გვიყურა და  თვალები უბრწყინავდა. მერე ახლოს მოვიდა, - "სულიკო" ვუმღერეთ. ეგ ხომ ის სიმღერაა, სტალინს რომ უყვარდაო, - სტალინზე გიჟდება...

- ჩვენ კი თქვენისთანა ბიჭებზე ვგიჟდებით - საქართველოს როგორც შეგიძლიათ, ისე უვლით. წარმატებებს გისურვებთ...

- თქვენთან ერთად! და აუცილებლად დაგპატიჟებთ კონცერტზე. თუკი მოხვალთ, "კვირის პალიტრას" მეტი სიყვარულით ვუმღერებთ...