კიდევ ერთი მივიწყებული პროფესია - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი მივიწყებული პროფესია

დაბაღობა აღარავის აინტერესებს

ძვირფასო რედაქცია, ხალხურ მოცეკვავეებს რომ ვუყურებ ხოლმე, კითხვა არ მასვენებს, ნეტავ ვინ უკერავს ჩვენს მოცეკვავეებს ტყავის ეროვნულ ტანსაცმელს. როგორც ამბობენ, ჩვენთან ტყავის დამუშავების ოსტატები აღარ გვყავს. სამწუხაროდ, არც ის ვიცი, რა ერქვა ოსტატს, რომელიც ტყაპუჭს ან ნაბადს ამზადებდა.

ერეკლე კაშია, ქუთაისი

ჩვენ დავუკავშირდით დიზაინერ ბექა ჭახელიძეს, რომლის ნამუშევრებიც ახალაშენებულ სამების ტაძარსაც ამშვენებს. სწორედ მან მოგვითხრო მივიწყებული პროფესიის შესახებ:

- ნაბადს, ტყაპუჭს, ბოხოხს და ამგვარ ძველებურ სამოსსა თუ სახლის მოსართავ ბეწვის ნაკეთობებს დაბაღი ამზადებს. სიტყვა დაბაღი ქართულში არაბული ენიდან შემოსულა და ქართულად ტყავის გამომყვანს, ტყავზე ხელით მომუშავეს ნიშნავს. სამწუხაროდ, ეს უძველესი პროფესია დღეს საქართველოში თითქმის მივიწყებულია. დედით ხევსური ვარ, ხევსურეთში კი ოდითგან ხელეწიფებოდათ სადაბაღო საქმე.

როცა ბავშვობისას მთაში წამიყვანდნენ ხატობაზე, ხბოს და ცხვარს რომ დაკლავდნენ და ტყავს გადააგდებდნენ, მაშინვე ეზოში მივათრევდი, მზეზე ბრტყლად გავაშრობდი და ბუხართან კედელზე ვაკრავდი ან იატაკზე ვაფენდი, სწორედ ისე, ძველებურ სახლებში რომ აქვთ. მაგრამ რადგანაც ტყავის გამოყვანა არ ვიცოდი და ეს საქმე ხევსურეთშიც უკვე მივიწყებული იყო, ჩემს ნახელავს მომდევნო ხატობამდე ჩრჩილი ჭამდა.

მოსკოვში, ინსტიტუტში სწავლისას ტყავის დამუშავების შემსწავლელ კურსებს მივაკვლიე და სადაბაღო საქმიანობა შევისწავლე. ამჯერად უკვე სრულფასოვანი და ხარისხიანი ტყავი გამომყავდა, ეროვნულ, ტრადიციულ სამოსსაც ვკერავდი და ორნამენტულ შესამოსელსაც. ასე ვქმნიდი ტრადიციულ ხევსურულ "ნაჭრელს", ანუ ბეწვიან ტყავზე გადატანილ ორნამენტიკას.

ძირითადად ხბოს, თხისა და ცხვრის ტყავზე ვმუშაობ, რომელსაც ტრადიციულად ღრმა დატვირთვა ჰქონდა ქართულ-კავკასიურ და მსოფლიოს უძველეს კულტურებში. ცხვარი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო და ცხვრის ტყავი, როგორც უმნიშვნლოვანესი სამკურნალო საშუალება, დასაბამიდან განუყრელ ატრიბუტად სდევდა რელიგიურ თუ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალურ წარმოდგენებს.

სამწუხაროდ, დღეს თითზე ჩამოსათვლელი სპეციალისტები გვყავს, რომლებიც სადაბაღო საქმეს აგრძელებენ.