წვეთს წვეთი დაემატა და... - კვირის პალიტრა

წვეთს წვეთი დაემატა და...

ქართველ კაცს ოდითგანვე ბევრი საფიქრალი ჰქონდა. რა გასაკვირია - ჩვენ ვერც მრავალრიცხოვნობით ვაჯობებდით ვინმეს და ვერც ძალ-ღონით, ჭკუით უნდა გვეჯობნა.

დღესაც ასეა, თუ გონებას მამულის საკეთილდღეოდ მივმართავთ, ჩინიანნი ვიქნებით, თუ უჩინონი - ქვეყნისთვის თითოეულს დიდი საქმის გაკეთება შეგვიძლია. თემურ გიორგაძეც რიგითი ქართველია, მისი ნაფიქრალი კი სრულიად საქართველოს საფიქრალს ეპასუხება:

ისტორიაზე აღარ მოგიყვებით, - მტერთაგან მორევის გარდა, ზოგჯერ მეფეთა და ზოგჯერ ხალხის დაუდევრობით გვადნებოდა ხელში საქართველო. რა გადაგვარჩენს? ღმერთი! რწმენა! მე ასე ვფიქრობ, - დღევანდელ ქართველობას, ახლანდელი მამების თაობას, უდიდესი მოვალეობა გვაკისრია იმისთვის, რომ საქართველო შაგრენის ტყავივით არ ჩაგვადნეს ხელში.

არის ერთი გზა მის გადასარჩენად, - წინაპართა დატოვებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების დასაბრუნებლად უნდა ვიბრძოლოთ. მათ ისეთი მადლი აქვთ, საქართველო უსათუოდ გაბრწყინდება. გეტყვით, როგორც, - თუ თითოეული ქართველი გააკეთებს თავის საქმეს, დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ, - მხოლოდ გროშები რომ გვედოს ჯიბეში, იქიდანაც დაუნანებლად უნდა გავიღოთ მცირე წილი იერუსალიმში ბერძნების მიერ მითვისებული ჯვრის მონასტრის, სომხების მიერ მითვისებული წმინდა იაკობის ტაძარის და სხვათა დასაბრუნებლად.

დღეს ამის მოხერხება არც ისე ძნელია - უნდა გამოცხადდეს საბანკო ანგარიში და დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი, ვის გულშიც ეროვნული გრძნობის ნაპერწკალი არ მინავლებულა, ერთ ლარს მაინც გადარიცხავს ჩვენი მფარველი სალოცავების დასაბრუნებლად. წვეთს წვეთი დაემატება, ჩვენს გულში შერჩენილი სიკეთისა და სიწმინდის ზღვად დადგება და კუთვნილს დაგვაბრუნებინებს. აი, ეს იყო ჩემი სათქმელი.

მე იბერიის გაბრწყინება ასე მესმის. იქნებ ვცდები, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით სავსე გულით ვამბობ და იმედი მაქვს, ეს სიყვარული კეთილ ნაყოფად იქცევა.