გაუმართავი ავტობუსები?! - "ეს საშიშია"
15-06-2015
გაუმართავი ავტობუსები?! - "ეს საშიშია"
"ამ წერილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მძღოლების სახელით გწერთ - "უფროსებს" ხმას ვერ ვაწვდენთ და იქნებ თქვენთან დაჩივლებამ გვიშველოს. რამდენიმე თვეა, ე.წ. ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.  "ბოგდანის" ტიპის ავტობუსები დედაქალაქში დიდი ხანია გაუმართავი დადიან, ვერც ერთი მათგანი ელემენტარულ ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის. ნორმალურ ქვეყანაში ამ ავტობუსებს მხოლოდ ჯართად თუ ჩაიბარებდნენ. ყოველდღიურად ათეულობით ავტობუსი ფუჭდება... ამას ისიც ემატება, რომ თბილისის ავტობუსებისთვის განკუთვნილ პროფილაქტორიუმში, სადაც ყვითელი ავტობუსების ტექნიკური მომსახურება და საჭირო
ნაწილებით უზრუნველყოფა ევალებათ, რესურსი დიდი ხნის წინ ამოიწურა. კერძოდ, მერია ავტობუსებისთვის აუცილებელ ნაწილებსაც აღარ ყიდულობს, შესაბამისად, ათეულობით გაფუჭებული ავტობუსი ფარეხში იჟანგება, მძღოლები კი, პრაქტიკულად, უსამსახუროდ დავრჩით.

არ გეგონოთ, ავტობუსის ნაწილებს უფასოდ გვაძლევდნენ, ყველაფერში ფულს ვიხდით, მაგრამ ახლა ავტობუსის შეკეთებისა და ნაწილების ყიდვის შესაძლებლობასაც კი აღარ
გვაძლევენ.

რამდენიმე კვირაა, ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას, მაგრამ კონკრეტულ პასუხს არავინ გვცემს. უმრავლესობას ბანკის კრედიტი გვაქვს აღებული და გაფუჭებული ავტობუსი ჩვენი ოჯახების გაღატაკებას ნიშნავს. გთხოვთ, დაგვეხმაროთ და გაგვირკვიოთ, რას გვიპირებს თბილისის მერია".

წერილის წაკითხვის შემდეგ ინფორმაცია რამდენიმე მძღოლთან გადავამოწმეთ - მათ დაგვიდასტურეს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ პროფილაქტორიუმში ნამდვილად არის ავტობუსების ნაწილების დეფიციტი. მძღოლებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს, - თუ პრობლემებზე საჯაროდ ვილაპარაკებთ, ავტობუსებს აღარ მიგვაკარებენო. სამაგიეროდ, პირად საუბარში არ დაუმალავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, იძულებულნი არიან, სამუშაოდ გაუმართავი ავტობუსებით გავიდნენ, რაც, ბუნებრივია, ავარიული შემთხვევების რისკს ზრდის. მათი განმარტებით, თბილისის მერია არაფერს აკეთებს, რომ დედაქალაქში ტექნიკურად გამართული ავტობუსები დადიოდნენ.

როგორც გაირკვა, გაუმართავ ავტობუსებს ანაწილებენ იმ სამარშრუტო ხაზებზეც, რომლისთვის განკუთვნილი ავტობუსები, ნაწილების არარსებობის გამო, ავტოპარკში­ კვირების განმავლობაში დგანან.

მძღოლებთან საუბრის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ნუცა ხიდირბეგიშვილს დავუკავშირდით: "ვადასტურებთ, რომ აუცილებელია ავტოპარკის განახლება. ავტობუსები მართლაც ხშირად ფუჭდება და სხვადასხვა ნაწილის შეცვლასაც მუდმივად საჭიროებს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ პრობლემების გამო მძღოლები ავტობუსების გარეშე რჩებიან.

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან ნაწილების შემოტანას, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ მხრივ პრობლემას არ ქმნის.­ ყველა ნაწილი საქართველოში დროულად შემოდის, უბრალოდ, ავტობუსების შეკეთება ჭიანურდება.
ამჟამად ვმუშაობთ ავტოპარკის შესაცვლელად. სხვა დეტალებს, ჯერჯერობით, ვერ გავახმაურებთ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით