სად გაქრა ქართული ცირკი?
15-06-2015
სად გაქრა ქართული ცირკი?
3 წლის ნიცა, 6 წლის თამარი და 9 წლის ლუკა მშობლებთან ერთად ცირკის სალაროსთან ბილეთების რიგში დგანან - დღეს პირველად უნდა ნახონ ნამდვილი ცირკი - ტელევიზორში ნანახი ჯამბაზები, აკრობატი ცხოველები მათთვის ცოცხალ წარმოდგენას გამართავენ. ...სკამებზე მოკალათებული პატარები გულის ფანცქალით ელიან გმირების გამოჩენას. დარბაზი ჩაბნელდა, არენა განათდა და ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილმა ჯამბაზმა წარმოდგენა დაიწყო. ნიცა შეშინდა და ატირდა. მას თამარიც აჰყვა. მშობლებმა რომ ვერაფრით დააწყნარეს, პატარები დარბაზიდან გაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ
რედაქციაში წერილი მოვიდა. ,,საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის" თავმჯდომარე და მისი მოადგილეები რამდენიმეგვერდიან წერილში გულისტკივილით იხსენებენ ქართულ ცირკს და მის აღორძინებაზე საუბრობენ.

გოჩა ხარატიშვილი, "საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის" თავმჯდომარე:
,,მოგეხსენებათ, ქართულ ცირკს დიდი და მდიდარი წარსული აქვს. რამდენიმე წელია, ქართულ ცირკში ქართველი ჯამბაზები და აკრობატები აღარავის
უნახავს. რომ არ გვქონდეს ამის რესურსი, პრეტენზია არავის ექნება, მაგრამ მაშინ, როდესაც არიან პროფესიონალები, შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ ცირკს გაუწიონ კონკურენცია და ამისთვის ელემენტარული პირობები არა გვაქვს, დასანანია.

თბილისის ცირკის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ მსახიობები ქუჩაში დავრჩით. ბევრმა ჩვენმა კოლეგამ არსებობისთვის ბრძოლა უცხოეთში განაგრძო. ისინი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ. აქ დარჩენილებმა კი შევქმენით ცირკის მსახიობების რამდენიმე პატარა ჯგუფი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმართავთ წარმოდგენებს. სამწუხაროდ, უფლება არა გვაქვს, გავმართოთ წარმოდგენები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში - თურმე მოსწავლემ ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთი რომ შეიძინოს, რომელიც ერთობ მიზერული თანხა ღირს, კორუფცია ყოფილა. არადა, უნდა ნახოთ პატარების სახეები, როდესაც ჯამბაზს ხედავენ, როგორი ბედნიერები არიან. ბევრი მათგანი პირველად ხედავს ჯამბაზს...

მივმართავთ მთავრობას, იქნებ დაგვიდგნენ გვერდით და ეს ბიუროკრატიული კანონი შესწორდეს. ჩვენი სურვილია, ქართულმა ცირკმა ძველი დიდება დაიბრუნოს. შერჩეული გვაქვს ადგილიც, სადაც შეიძლება, სასწავლებელი გავხსნათ. თუკი ხელს შეგვიწყობენ, დიდ საქმეს გავაკეთებთ.
განათლების სამინისტროს მივმართეთ. გვითხრეს, პროექტი წარმოადგინეთო. ვმუშაობთ პროექტზე, თუმცა, საკმაოდ ძვირი ჯდება.

ვიმედოვნებთ, ჩვენს გულისტკივილს გაიზიარებთ და გვერდით დაგვიდგებით".

პირველი ქართველი ჯამბაზი სანდრო თედიაშვილი

სანდრო თედიაშვილი 1913 წელს დაიბადა. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1952 წლიდან მსახიობი გადმოდის თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში (მოზარდ მაყურებელთა თეატრი), სადაც 5 წლის განმავლობაში რჩება, ვიდრე ქართული ცირკის პირველი ჯამბაზის დამსახურებულ წოდებას დაიმსახურებს.

ქალ მოჯირითეთა დასის შექმნით, ურთულესი, უცხო ილეთების და თუ სხვა მნიშვნელოვანი მიღწევების გამო, ქართული ცირკი მთელ საბჭოთა კავშირში პირველი იყო, შესაძლოა ამიტომაც, 1957 წელს, თბილისში ქართული საცირკო ხელოვნების კოლექტივის შექმნის საკითხი დაისვა; თბილისში რუსეთიდან საბჭოთა კავშირის საცირკო ხელოვნების სამმართველოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. მან მოზარდ მაყურებელთა თეატრში 44 წლის სანდრო თედიაშვილი აღმოაჩინა. დაიწყო მსახიობის შემოქმედების ახალი ეტაპი ქართულ ცირკში. სანდრო თედიაშვილს საბჭოთა კავშირში პირველი ქართველი ჯამბაზის წოდება მიენიჭა. მან ცირკში შექმნა კინტოს სახე. როგორც თავად მსახიობი ამბობს,­ კინტომ საქართველოში მალე დაიმსახურა აღიარება, თუმცა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილმა ჯამბაზმა ასეთივე წარმატება ვერ მოიპოვა. მსახიობის 20-წლიანი ეპოქა ქართულ ცირკს ეკუთვნის.

ნაყოფიერი მუშაობის გამო, პირველ ქართველ ჯამბაზს ცირკის დირექტორობასაც უპირებდნენ, მაგრამ რახან კომპარტიის წევრი არ იყო, თანამდებობაზე ვერ დანიშნეს.
...
25 აგვისტო 2015 00:08
შოთა მილორავას სახელობის საცირკო-საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული1992წელს.უძლიერესი პედაგოგები გვიკითხავდნენ ლექციებს,გავდიოდით პრაქტიკებს საახალწლო ნაძვისხის კონცერტებზე ზოგი ცირკში ზოგიც ფილარმონია ან თეატრებში.
კურსელების შეხვედრისას დიდი სიხარულია სტუდენტობის გახსენება და დიდი ტკივილი რომ აღარ არსებობს თბილისში დაწესებულება რომელიც სავსე იყო ქართული ტალანტებით და თან ერთადერთი იყო კავკასიაში და ასევე აქ სწავლობდნენ შუა აზიიდან და ჩამოსულებიბუკრაინიდანაც კი.
დღესდღეობით ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია სცენაზე რომელთაც ზუსტად ეს "საცირკო-საესტრადო..." აქვთ დამთავრებული.
sxva nino
06 აგვისტო 2015 20:34
ახლაც მახსოვს ცირკის სუნი,წითელი არენა, ორკესტრის ცოცხლად შესრულებული მუსიკა, ბუFეტში ლიმონათი და შესვენებაზე თეთრწინსაფრიანი დეიდა რო ტრუბოჩკებს ყიდდა. ჩემთვის ნამდვილი ზეიმი იყო ცირკში წასვლა. არც ერთ გასტროლს არ ვაკლდებოდით.

რედაქტორის რჩევით