"ჩემი ბაბუა - ერთი პატარა გმირობის მაგალითი" - კვირის პალიტრა

"ჩემი ბაბუა - ერთი პატარა გმირობის მაგალითი"

ამ ზარის ისტორია სამმა შეთქმულმა მოხუცმა იცოდა და მაშინ გამოაჩინეს, როცა ამის დრო მოვიდა!

ერის გადარჩენის ისტორია ჩვეულებრივი, უსახელოდ დარჩენილი ადამიანების თითქოსდა პატარა გმირობებისგან იკინძება. ალბათ ამ სიუჟეტის გმირიც უსახელოდ დარჩებოდა, მის შვილიშვილს რედაქციაში რომ არ მოეწერა.

ეს ამბავი 1975 წლის გაზაფხულზე მოხდა. მე და ჩემი ძმა სკოლის შემდეგ ბებიასა და ბაბუასთან მივდიოდით ხოლმე, რადგან მშობლები სამსახურში იყვნენ. შინ მხოლოდ ბებია დამხვდა. პატარა ვიყავი, მოშივებულს კერძი დამისხა და თავზე დამადგა - ლუკმა არ დატოვოსო. ნასადილევს ბურთის სათამაშოდ გავვარდი. თამაშით გულნაჯერები ჩვენი სახლის წინ გამავალი ხონი-ქუთაისის გზაზე მანქანებს ვადევნებდი თვალს. უცებ ჩვენს ჭიშკარს  ,,პობედა"“მოადგა. მანქანიდან ბაბუასთან ერთად ორი მისი ხნის კაცი გადმოვიდა (ბაბუა მაშინ 85 წლის იყო). ჭიშკარი გააღეს, მანქანიდან შინელში შეხვეული ძალიან მძიმე ტვირთი გადმოიტანეს და იმ ოთახში შეიტანეს, სადაც ნაკლებად შევდიოდით ხოლმე. აბა, პატარა ბიჭის თვალს რა გამოეპარება! მონუსხულივით მივჩერებოდი, ნეტავი რა მოიტანეს-მეთქი! ბაბუა გამიჯავრდა, - აქ რას უდგახარო და იქაურობას მომაცილა. მე კი ცნობისმოყვარეობამ ისე წამიჭირა ყელში ხელი, რომ კინაღამ დავიხრჩვი, ერთი სული მქონდა, მენახა, რა იყო იმ შინელში, მაგრამ ბაბუები საქეიფოდ ჩამოსხდნენ და  ისე გემრიელად ილხენდნენ, რომ ადგომას აღარც ფიქრობდნენ.

ლოდინი გვიან საღამომდე გაგრძელდა. როგორც კი წამოშლილი ძმაკაცები გააცილა, ბაბუამ საწოლზე მიდო თავი და მყისვე დაეძინა. მეც ბევრი არ მიფიქრია და ჯიბიდან სარდაფის გასაღები ამოვაცალე. შინელი ხელის კანკალით გადავწიე და რა დავინახე - საეკლესიო ზარი, რომელიც მხოლოდ ტელევიზორში, ძველ ფილმებში მქონდა ნანახი. 7 წლის ბიჭმა ზარს შინელი მოწიწებით, ათრთოლებულმა დავაფარე. მერე კარი გამოვკეტე, გასაღები ისევ მძინარე ბაბუას ჩავუდე  ჯიბეში და არც მშობლებთან, არც ჩემს ძმასთან, რომელიც ჩემი მესაიდუმლე იყო, კრინტიც არ დამიძრავს.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გაკვეთილზე ვიჯექი, მაღლაკის ეკლესიიდან   მწყობრი გუგუნი შემოგვესმა. მთელი სკოლა დავიძარით. ეს ხმა აქამდე არც ერთს არ გვსმენოდა. ეკლესიასთან მივირბინე და ვხედავ, ზარს ბაბუ, გრიგოლ ჭოლაძე აგუგუნებს, სწორედ ის ზარი იყო, რომელიც ჩვენს სარდაფში ვნახე  და რომელმაც შემდგომში სხვანაირად დამაფიქრა - ერს თავისი შვილები ინახავენ იმ გზით, ვინ როგორც შეძლებს, შეძლებით კი უნდა შევძლოთ, რადგან ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ იმაზე ფიქრი არ არის, როგორ გადარჩე ფიზიკურად. ჩემი ბაბუ იმ დღეს პატარა გმირობის მაგალითად იქცა.

ზარის გუგუნზე მალე მილიციაც მოვიდა, რომელმაც ხალხი ეკლესიის ეზოდან გამოყარა. ცოტა ხანში შინ "სტუმრები" გვეწვივნენ და 85 წლის ბაბუას დაკითხვა დაუწყეს, თუ ვინ ინახავდა ამ ზარს და როგორ მოხვდა ეკლესიაში. ბაბუას ხმა არ ამოუღია!

ეს ჩვეულებრივი ამბავია: საეკლესიო სიწმინდეები ხალხმა მაშინ გადამალა, როცა ეკლესიები დაანგრიეს და საეკლესიო ნივთების გადამალვისთვის ხალხს სჯიდნენ. ამ ზარის ისტორია ამ სამმა შეთქმულმა მოხუცმა იცოდა და მაშინ გამოაჩინეს, როცა ამის დრო მოვიდა! მას შემდეგ ორმოცი წელი გავიდა, მაღლაკს დღესაც ახსოვს ეს დღე და დღესაც სვამენ ბაბუაჩემის (და მისი ძმაკაცების) სადღეგრძელოს, რომელმაც იმ დროისთვის ერთი პატარა გმირობა ჩაიდინა, თუნდაც იმიტომ, რომ იმ დღეს მაღლაკის მაშინდელი სკოლის ყველა მოსწავლეს დაგვანახა, რისი ერთგულები უნდა ვიყოთ - მამულის, კაცობის და სარწმუნოების!

ნუკრი ჭოლაძე