"ტყე ისეა გაჩეხილი, რომ შვეულმფრენიც იოლად დაჯდება" - კვირის პალიტრა

"ტყე ისეა გაჩეხილი, რომ შვეულმფრენიც იოლად დაჯდება"

"გაზეთისთვის წერილი არასოდეს მიმიწერია. ახლა გწერთ. წინანდლის ტყეში ნანახი რომ გამახსენდება, ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი: აი, ეს განადგურებული ტყეა იმის დასტური, სადამდე მივყავართ იმის განცდას, რომ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გვახსოვდეს, მხოლოდ ჩვენი კუჭისთვის უნდა ვიბრძოდეთ და მხოლოდ ჩვენი სახლები უნდა გათბეს, დანარჩენი, თუ გინდა, ქვა ქვაზეც დადუღებულა!

ეს ტყე თელავის სოფელ წინანდალს 100 მ სიგანეზე და დაახლოებით 2-3 კმ სიგრძეზე გასდევს. ეს ჭავჭავაძეთა ცნობილი ტყეა, რომელსაც ისინი ძალიან უფრთხილდებოდნენ, თავადაც სარგებლობდნენ და გლეხობასაც ასარგებლებდნენ, მაგრამ ახლა რაც ამ ტყეში ხდება, მტერს არ ვუსურვებ: ხეები იჭრება არა მხოლოდ სეზონურად და გასათბობად, არამედ თონეში პურის ჩასაკრავადაც, რისთვისაც ტრადიციულად, ფიჩხს ან წალამს ხმარობდნენ!

ტყეში შესულს თვალში მოგხვდება იმხელაზე გაჩეხილი ფართობები, რომ შვეულმფრენიც იოლად დაჯდება, ახალწამოზრდილი, უკვე მოზრდილი თუ აქა-იქ შემორჩენილი ძველი ხეები ერთიანად  არის გადაჭრილ-გადაჩეხილი. განადგურებულია უნიკალური მუხნარი, გავერანებულია ბუჩქნარი. მაინტერესებს, სად არიან "მწვანეები", რომლებიც მაშინ ატეხენ ხოლმე ხმაურს, როცა ქულების ჩაწერა სჭირდებათ, სად არის ადგილობრივი ხელისუფლება, რომელმაც ამ გზაზე შესაძლოა დღეში რამდენჯერმე აიარ-ჩაიაროს?! რა ელის ისეთ ქვეყანას, რომლის ხელისუფალს არ ადარდებს, რას უპირებს მისივე ხალხი მისთვისვე ჩაბარებულ მიწა-წყალს! მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყით არ ისარგებლოს, მაგრამ როგორც მეტყევე ინჟინერმა, ისიც ვიცი, რომ ამ სარგებლობას გეგმა უნდა ახლდეს - რომელი ხის მოჭრა შეიძლება და რომლის არა. დღეს, როცა ყველაფერი მეწყერს მიაქვს და მათ შორის სოფელ წინანდალსაც ემუქრება საფრთხე (კოკისპირული წვიმებისგან ამ ბოლო წლებში სოფლის მიდამოებში და გზაზე უზარმაზარი ხრამები წარმოიქმნა!), ნუთუ ამ უბედურების ასე მშვიდად ყურება შეიძლება?!

იმედი მაქვს, ამ წერილს თელავის ხელისუფალი მაინც მიაპყრობს ყურადღებას, გავერანებულ ტყეში ახლა მაინც გააკონტროლებს ჭრას, სოფლის მეწყერსაშიშ ხრამებს დააკვირდება და გონს მოვა. ამით არა მხოლოდ წინანდალს გადაარჩენს, არამედ თავის ქვეყანას და თავის კაცობასაც  გაუწევს სამსახურს, თუ ქვეყანა უყვარს, რასაკვირველია!"

პატივისცემით,

დავით შაიშმელაშვილი