"რამდენი წლის ვარ? ოთხმოცდაათის! ბევრია?!. ამ ლექსმა მიბიძგა, ჩემი ოცნებაც ამე­ხდინა" - კვირის პალიტრა

"რამდენი წლის ვარ? ოთხმოცდაათის! ბევრია?!. ამ ლექსმა მიბიძგა, ჩემი ოცნებაც ამე­ხდინა"

"კაცი თავისი საქციელით ახალგაზრდობაში იმზადებს სიბერის საგზალს."

ამას წინათ რედაქციაში წერილი ლამაზმა მოხუცმა ქალბატონმა მომიტანა - გვერდზე ნუ გადადებ, ჩემი არ არის. ამის დამწერმა იმდენ მოხუცს გვაჩუქა სიხარული, უნდა გადახედოო და გამხდარი ხელი ხელზე დამადო. მისმა ხელებმა ბებიაჩემის სითბო გამახსენა, ლამის ცრემლმორეულმა დავხედე და ვკითხე:

- ვინ ხარ, ბებო, რამდენი წლის ხარ ან ეს რა ლექსი მომიტანე?

- მერი კუსიანი ვარ. მასწავლებელი ვიყავი, რამდენი წლის ვარ? ოთხმოცდაათის! Bბევრია?! სხვა მოხუცებივით მეც გავყურებ ფანჯრებს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მორჩა. შვილები ისეთი დაღლილი ბრუნდებიან შინ, გამოლაპარაკების დროც აღარ რჩებათ...

- სევდიანად დაიწყეთ, არადა, მითხარით, ერთ ბედნიერ დღეზე უნდა მოგიყვეთო.

- კაცი თავისი საქციელით ახალგაზრდობაში იმზადებს სიბერის საგზალს. ამ საგზალში თუკი იმ მადლს ჩადებ, რომ თუნდაც უცხო მოხუცებს ბედნიერი წუთები აჩუქო, წინ დაგხვდება. ჩემს თაობას მძიმე სიბერე ერგო - ქვეყნის დანგრევა და შიმშილი. ჩვენი შვილების უიმედობას შევყურებდით და მათთან ერთად ვშრომობდით, რომ ეს დრო გასულიყო. ეს დროც გავიდა და ჩვენი წლებიც. ახლა ზოგჯერ შინ ოჯახის წევრების მოლოდინში ფიქრი წამიღებს, - ყველაფერი მორჩა-მეთქი!

თქვენს რედაქციაში მოსვლა იცით, რამ მომაფიქრებინა?  ამდენი წელია გაზეთს ვკითხულობ და დროდადრო სურვილი მიჩნდება, მოდი, შევივლი და იმ ადამიანებს ვნახავ, ასეთ საინტერესო გაზეთს რომ აკეთებენ-მეთქი, მე ხომ "ჩემი ჟურნალისტებიც" მყავს, მათი თვალის შევლება კი ძალიან მაინტერესებს. რამდენჯერმე წამოვედი, მაგრამ შემოსვლა ვერ გავბედე.

ამას წინათაც ასე ვიყავი ფიქრებში ჩაძირული. უეცრად ტელეფონმა დარეკა - ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოხუცებს გვეპატიჟებოდა საღამოზე, რომელსაც "სიბერეც სიხარულია" ერქვა. გავიფიქრე, - სად მაქვს აქეთ-იქით სიარულის თავი-მეთქი, მაგრამ მერე კარგად გამოვიპრანჭე და წავედი - იქ ისე მოგვეფერნენ, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა და საჩხერეშიც კი წავედი ბოსტანში სამუშაოდ.

- ლექსი რა შუაშია?

- ამ ლექსში 90-იანი წლების ტკივილზეა ლაპარაკი. როცა მას ავტორი, თემურ შენგელია კითხულობდა, დარბაზში ყველანი ვიცრემლებოდით. მაგრამ იქ მხოლოდ 100 მოხუცი ვიყავით. დანარჩენებს ხომ არ მოუსმენიათ. იქნებ მცირე ამონარიდი მაინც დაბეჭდოთ, ეს ხომ მათაც ეძღვნებათ. თანაც ამ ლექსმა მიბიძგა, ჩემი ოცნებაც ამეხდინა და რედაქციაში მოვსულიყავი...

მიმავალს თვალი გავაყოლე. თუკი 90 წელიწადს მივაღწევ, გულით ვისურვებიდი, ასე ლამაზი და მხნე ვიყო-მეთქი. ამ ლექსმა კი გული ჩვენც გაგვითბო - ჩვენ ხომ ყველამ ერთად გამოვიარეთ და გავუძელით 90-იან წლებს!

...მე მახსოვს ისევ: დედაჩემის

ნაცხობი მჭადი

რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან

უფრო მეტი,

თავის წილსაც რომ გვიდებდა და

ჩვენ ხარბად ვჭამდით,

თვითონ მშიერი მიწვებოდა

მაძღარი ჩვენით.

მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან

ჟანგიან თოფით იცავდა ქუჩას.

ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან

ვხვდებოდი, ამ დღეს ეყოფოდა

ხმაური სროლის,

რომ ჩვენს შესახვევს დარქმეოდა

ობლების ქუჩა!..