"სიკეთეს საზომი არა აქვს" - კვირის პალიტრა

"სიკეთეს საზომი არა აქვს"

ქართველი მკურნალის გერმანელმა პაციენტებმა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის ფული შეაგროვეს

რამდენიმე დღის წინ, "კვირის პალიტრის" რედაქციას გერმანიაში ცნობილი ქართველი მკურნალი, ბიოენერგოთერაპევტი მაგული გორდელაძე დაუკავშირდა. გვითხრა, რომ მისმა პაციენტებმა ვერეს ხეობაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა შეაგროვეს და სურთ, ოთხ ოჯახს თანაბრად გადაეცეს.

"იმის გამო, რომ სამშობლოში 18 წელია არ ვყოფილვარ და საქართველოს ამბებს, ძირითადად, "კვირის პალიტრის" მეშვეობით ვიგებ, ვიფიქრე, რომ თქვენ დამეხმარებოდით ამ თანხის ადრესატებამდე მიტანაში. იქნებ შეარჩიოთ ოთხი ოჯახი და ჩვენ მაგივრად გაამხნევოთ", - გვთხოვა ქალბატონმა მაგულიმ, რომელსაც სურდა ამ ამბავს გაუხმაურებლად ჩაევლო. თუმცა, მისი გერმანელი პაციენტების მიერ გამოგზავნილ დახმარებას ემოციები მოჰყვა...

გამოგიტყდებით, დავალება არცთუ იოლი შესასრულებელი აღმოჩნდა. დაზარალებულთა სია საკმაოდ გრძელია და ყველას ძალიან უჭირს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც, ის ხალხი, ვისაც სტიქიამდეც ძალიან უჭირდა, წყალმოვარდნის შედეგად კი, რაც გააჩნდათ, ისიც დაკარგეს. ამასთან, სამსახურები არა აქვთ და მცირეწლოვანი შვილების აღსაზრდელად იძულებული არიან, სახელმწიფოს შემწეობა იკმარონ.

სოციალურად დაუცველთა და ამავე დროს სტიქიით დაზარალებულთა ნუსხაში პირველად თვალში ჯიბუტების ოჯახი მომხვდა. დაბადების თარიღების მიხედვით იკითხებოდა, რომ ოჯახში ბავშვებიც იყვნენ. როდესაც მათ დავუკავშირდი, არც მიფიქრია, რომ სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ოჯახში მოვხვდებოდი.

ტელეფონზე ივლიტას მამა, რაჟდენ ჯიბუტი, სასულიერო პირი, მამა გიორგი დამელაპარაკა: "სულ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ, ვინც თანადგომის, ადამიანობის საოცარი მაგალითი გვაჩვენა.

ჩემი შვილის დაღუპვის ამბავი გავრცელდა თუ არა, უამრავი ახალგაზრდა მოვიდა, შიშველი ხელებით ეძებდნენ ჩემს გოგონას. ამასთან, ბევრი კერძო პირი და ორგანიზაცია დაგვეხმარა. მადლობა ქალბატონ მაგულის და გერმანელებს, ადამიანებს, რომლებიც არ გვიცნობენ და ისე მიიტანეს ჩვენი განსაცდელი გულთან.

ჩვენ არ ვითვლით, ვინ რას გვაძლევს, რამდენის გაღება შეუძლია, რადგან სიკეთეს საზომი არა აქვს".

მამუკა მამულაშვილისა და ნინო ბადრიაშვილის სოციალურად დაუცველი ოჯახი ახლა თამარაშვილის ქუჩაზე, მერიის ხარჯებით დაქირავებულ ბინაში ცხოვრობს.

"იმ ღამეს სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, მაგრამ სასწაულმა გვიხსნა. ჭიშკარი რომ გავაღეთ, წყალმა იხუვლა და შემოვარდა. სიბნელეში ვერც ვხედავდით, ეზოს გარეთ რა ხდებოდა. ერთადერთი სახლი გვქონდა და ისიც წყალმა გააოხრა. აღარაფერი ვარგა. სახელმწიფოც ჯერ მხოლოდ ბინის ქირით და საკვებით გვეხმარება. ტრანსპორტის ფულიც კი არა გვაქვს. უმძიმეს დღეში ვართ", -“წუხდა ნინო. როდესაც ვუთხარი, გერმანიიდან გამოგზავნილი თანხა უნდა გადმოგცეთ-მეთქი, ცრემლები წასკდა, ბავშვებს რომ ემართებათ საახალწლო საჩუქარზე, ისეთი სიხარული მომგვარა ამ კეთილი გულით ნაწყალობევმაო...

კახა შაყულაშვილისა და ლია ქალიაშვილის 7-სულიანი ოჯახიც სოციალურად დაუცველთა ნუსხაშია, თუმცა, ლიამ მითხრა, რომ რამდენიმე თვეა დახმარება გაურკვეველი მიზეზით მოუხსნეს. ისინი წყნეთში, გრიშაშვილის 19 ნომერში ცხოვრობენ. წყალმა ეზო წალეკა და სახლი დანგრევის პირას მიიყვანა. იმ ღამით, საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გამოყვანილ ჩვილთან ერთად სახლის სახურავზე ვიდექით, რომ წყალს არ წავეღეთო...

ავთო ბუთხუზი თამარაშვილის ქუჩის ქვეშ გამავალ ვერეს გვირაბთან ცხოვრობს. სვანიძის ქუჩის წალეკვის შემდეგ წყალმა მათი ეზო და სახლთან მისასვლელი გზა წალეკა. ბუთხუზების ოჯახიც სოციალურად დაუცველია. ავთოს ოჯახი ისევ ძველ სახლში ცხოვრობს, თუმცა, მას სახლი შეიძლება პირობითად ეწოდოს. "ეს ფული ღვთის წყალობასავით არის ჩემი შვილებისთვის", - გვითხრა ავთოს დედამ ირმა ბუთხუზმა, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ მდინარის კალაპოტის გასამაგრებლად მხოლოდ მოპირდაპირე მხარეს შენდება ჯებირი, რაც ოჯახის წევრების აზრით, მათ ქოხს უქმნის საფრთხეს. წყალი მოპირდაპირე მხარეს რომ წინააღმდეგობას ნახავს, ჩვენკენ გადმოვა, ეზოსაც მოანგრევს, სახლსაც გაიყოლებს და ზემოთ გამავალ საავტომობილო გზასაც მისწვდებაო.