მადლი ყოველთვის ბრუნდება - კვირის პალიტრა

მადლი ყოველთვის ბრუნდება

ცოტა ხნის წინ სანდომიანმა ქალბატონმა მოგვაკითხა, - 16 წელიწადია, საბერძნეთში ვარ, ახლაც იქ ვბრუნდები, მანამდე კი თქვენთან შემოვიარე, -  საბერძნეთში 100 000 ქართველი \"კვირის პალიტრას" სულმოუთქმელად ელოდება, თუ ამ წერილს დაბეჭდავთ, ვალს მოვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც საქართველოდან წაღებულ მადლს გვიბრუნებსო.

"წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ათიოდ დოლარით ჩადის ათენში და ამდენ ხალხში აქეთ-იქით უმწეოდ იყურება. ეს მე ვარ... ახალი ცხოვრება ამ 10 დოლარით უნდა დამეწყო. გული ყელში მებჯინებოდა... ოჯახს, რომელსაც სამუშაოს დაწყებამდე უნდა შევეფარებინე, თავადაც არ ულხინდა. ქმარი, ლონგინოს იორდანიდისი, თელავიდან წასული ბერძენი იყო. მასა და მის ცოლს, მზიური გველესიანს, სარდაფის ერთი ოთახი ჰქონდათ ნაქირავები. მახსოვს მათი მოცემული ყოველდღიური ფული. როცა საბერძნეთში განაცხადეს, რომ ემიგრანტებს მოქალაქეობას მიანიჭებდნენ, ლონგინოსი ფულის სასესხებლად დადიოდა, რომ მე მოქალაქეობა მიმეღო..."

გულნაზ დევიძე: - ქართველ ემიგრანტებს იმდენად რთული ცხოვრება გვაქვს,  რომ აღარაფერი გვაშინებს და აღარც აღარაფერი გვიკვირს, სიკეთის გარდა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ათიოდ დოლარით ჩადის ათენში და ამდენ ხალხში აქეთ-იქით უმწეოდ იყურება. ახალი ცხოვრება ამ 10 დოლარით უნდა დამეწყო. ოჯახს, რომელსაც სამუშაოს დაწყებამდე უნდა შევეფარებინე, თავადაც არ ულხინდა. ქმარი, ლონგინოს იორდანიდისი, თელავიდან წასული ბერძენი იყო. მასა და მის ცოლს, მზიური გველესიანს, სარდაფის ერთი ოთახი ჰქონდათ ნაქირავები. მახსოვს მათი მოცემული ყოველდღიური ფული. როცა საბერძნეთში განაცხადეს, რომ ემიგრანტებს მოქალაქეობას მიანიჭებდნენ, ლონგინოსი ფულის სასესხებლად დადიოდა, რომ მე მოქალაქეობა მიმეღო, რათა ამ უცხო ქვეყანაში საიმედოდ ცხოვრების უფლებაც მქონოდა და მომავალი პენსიაც. ახლა ვუყურებ ამ ოჯახს - ლონგინოსსა და მზიურს, მათ შვილებს და ვფიქრობ, რომ მათი ამაგის გადახდა შეუძლებელია (ისინი სხვა ქართველებსაც ეხმარებიან).] მოუთმენლად ველოდები უქმეს, რომ დავადგე გრძელ გზას და ჩემი მეგობარი ოჯახის სითბოს მივაშურო. მათთან საქართველოს მონატრებას ვინაზღაურებ. ამ სახლში ყველანი მხატვრები არიან, მათი შვილებიც ხატავენ. ახლა უკვე კოხტა, ახალ სახლს მათი ულამაზესი ნახატები ამშვენებს...

მალე საქართველოში სამუდამოდ დავბრუნდები და ჩემს სოფელ ქვემო საზანოში, ჩემს აშენებულ ტაძარში ამ ოჯახზეც ვილოცებ - მეხუთე კლასში ვიყავი, ბებიას რომ შევპირდი, ეკლესიას ავაშენებ-მეთქი და სიტყვას ვასრულებ.

თავად ლონგინოსი, 150 წლის წინ საქართველოში ჩამოსული ბერძნების შთამომავალი, დაბრუნდა თავის ელადაში. ერთხელ მითხრა, - ჩემი ბერძენი ბაბუა მეტყოდა ხოლმე, მე ვერ შევძელი ელადაში დაბრუნება. ისე არ მოკვდე, რომ შენს მიწაზე არ დაადგა ფეხიო.

- ეკლესიის აშენება დიდი ჯაფით ნაშოვნი ფულით გადაგიწყვეტიათ - უცხოელი მოხუცების მოვლა ძნელი საქმეა...

- ჩვენსავით უცხო მოხუცის მშობელივით მოვლა სხვა ტომელს ნაკლებად შეუძლია! ქართველ ქალებს გულში ეს სითბო რომ არ გვქონდეს, ყველა მოგვიშორებდა. ამ სითბომ და უცხოეთში დაკარგულმა წლებმა გადაგვარჩენინა ოჯახები და ჩვენი ქვეყანაც - ვინ დათვლის, რა შემოსავალი შემოდის ემიგრანტებისგან.

საბერძნეთში 3-4 წელიწადი მოვუნდი ვალის გასტუმრებას, ოჯახის და ახლობლების ფეხზე წამოყენებას. ერთხელ, დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი ჩემს ნაქირავებ ბინაში და დასასვენებლად მივწექი. მაშინვე ჩამეძინა. უცებ ხმა მესმის, - ადექი, შენი ტაძარი ააშენეო! არ ვიცი, ეს რა ხმა იყო. გაზეთ "ელადის" რედაქტორს, ანა ყურშავიშვილს დავურეკე. მან მოძებნა ის, ვინც ეკლესიის აშენებაში დამეხმარებოდა... ასე შენდება ჩემი სოფლის ჯვართამაღლების ეკლესია. მისი მადლი შეეწიოს ჩემს ქვეყანას.