ვენო-დედას ამბავი
03-08-2015
ვენო-დედას ამბავი
ძვირფასო რედაქცია, ამ წერილით სამოცდაათს გადაცილებული ქალბატონი  მინდა გაგაცნოთ, რომელიც ცაგერში, ერთ უბრალო სახლში ცხოვრობს. მცენარეების  მესაიდუმლე ქალბატონი სნეულთ სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება!

სამი შვილი შეეძინა ვენერას. ალექ­სანდრე­ (გია) და თამილა ჯანმრთელი ბავშვები ყოფილან, ნაბოლარა გიორგი - მუნჯი აღმოჩნდა. ლამის მთელი ქვეყანა მოიარეს, მაგრამ უშედეგოდ. გამწარებული დედა ცაგერიდან ლენტეხში ფეხით ავიდა და ,,ფაყის ორკარიანად~“წოდებულ საყდარში უფალს აღუთქვა, ოღონდ შვილი განმიკურნე და სნეულებს უსასყიდლოდ მოვემსახურებიო. ცაგერში დაბრუნებულმა ბავშვი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს მიაბარა
(სადაც მალე სტიქარით შემოსეს), საკუთარ ოჯახში განეშორა მეუღლეს და შეუდგა ფარული აღთქმის შესრულებას. მძიმე განსაცდელები დაატყდა თავს. რა აღარ გამოიარა - უანგარობის წილ - უმადურება
და სიყვარულის წილ - სიძულვილი. ვერაფერმა გატეხა. დიდმა შრომამ და ტანჯვამ სამკურნალო მადლიც გაუმრავლა და მადლიერი ადამიანებიც, უფალმაც წყალობა მოიღო და 12 წლის შემდეგ, 17 წლის სტიქაროსანმა გიორგიმ ენა ამოიდგა!

წლები გადიოდა, უფროსი შვილები დაოჯახდნენ და ბოლნისში დასახლდნენ, ვენერა­ ლიპარტელიანი გიორგისთან ერთად ცაგერში დარჩა.

შარშან, ოქტომბერში დიდი უბედურება დაატყდა თავს - მოულოდნელად გარდაეცვალა უფროსი ვაჟი. ცაგერში ხმა დაირხა, ვენერა აღარავის უმკურნალებსო. ხალხი შეშფოთდა - ამდენ გაჭირვებულს რა ეშველება, ვინღა მიხედავსო... და გამწარებულმა ქალმა ამოიკვნესა, - რა ვქნა, ადამიანის ღალატი უფლის ღალატიაო და მის კართან ხალხის რიგი ისევ გაჩნდა.

ერთმა გამოჯანმრთელებულმა მადლიერების ნიშნად მას ვენო-დედა შეარქვა.
ვენერა დეიდა 2010 წელს გავიცანი. ეს ღვთისნიერი ქალი გამთენიისას ლოცვას დაასრულებს და ავადმყოფების მიღებას იწყებს, შუადღისას წაიხემსებს (არასოდეს­ გაუსინჯავს ხორცი და თევზი), საღამოს­ ლოცვის შემდეგ წამლების მზადებას შეუდგ­ება. ერთხელ 9 წლის მუნჯი ბიჭი მიუყვანეს. ვენერამ კალთაში ჩაისვა ბავშვი და შეეკითხა, - სიმღერა გიყვარსო? პატარამ­ თავი დაუქნია. ვენო-დედამ სიმღერა წამოიწყო, `იავნანას~ მღეროდა. ამყევიო, უთხრა ბიჭს. ბავშვი ღიღინით აჰყვა. ასე ვუმღეროდი ჩემს გიორგის, მუნჯი როცა იყოო, სიტყვა ჩაანაცვლა სიმღერას მკურნალმა. მერე ბავშვი შეაქო, შეაგულიანა, - აბა, ახლა დედაშენს სახელი დაუძახეო. ეკაო, - დაიყვირა ბავშვმა!..
ხშირად უნახავთ სვანებს ლენტეხში ფეხით ასული ვენერა დავრდომილი ავადმყოფების მოსავლელად - უპატრონო მოხუც დებს უვლიდა... სხვა კუთხის ავადმყოფებს, რომლებსაც ცაგერში ჩასვლა არ შეუძლიათ, ვენერა გამზადებულ წამლებს სამარშრუტო ტაქსით უგზავნის და ყოველ ამანათზე 2 ლარს იხდის. ეს რომ შევიტყვე, გავცეცხლდი,­ - თქვენ ფულს როგორ გართმევენ-მეთქი. დამამშვიდა: ყველას ვერ მოსთხოვ ქველმოქმედებასო!  

ლია გიგიტაშვილი, ყვარელი
ლელა
03 აგვისტო 2017 11:42
უპირველესად-დამწვრობის უძლიერეს წამალს ამზადებს...ვპასუხობ პირველ შეკითხვას!
dodo
23 ივლისი 2017 18:47
Gaixare bebo gmertma didxans gacocxlot. ra mainteresebs dziritadad raze mkurnalobt?
მაია გრძელიშვილი
25 იანვარი 2016 10:48
ჩემო საყვარელო ვენერა დეიდა, მიყვარხართ ძალიან და მინდა დიდხანს, დიდხადს იცოცხლოთ!!!

რედაქტორის რჩევით