"გმადლობ, ლილი ბებია!.." - კვირის პალიტრა

"გმადლობ, ლილი ბებია!.."

2010 წლის #5 "კვირის პალიტრაში" თბილისში, კუკიაზე მცხოვრები ინვალიდი გოგონას, ინგა გაბედავას შესახებ ვწერდით: "გადავარჩინოთ პატარა ინგა". იმის გამო, რომ ბავშვი მძიმე პირობებში ცხოვრობდა, გაცივდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მდგომარეობას ართულებს ინგას თანდაყოლილი ხერხემლის დაავადება, რის გამოც სუსტად აქვს განვითარებული ფილტვები. გოგონას უჭირს სუნთქვა, რაც მახრჩობელა ხველას იწვევს. თავიდან ეჭვობდნენ ტუბერკულოზსაც, საბედნიეროდ, ეჭვი არ დადასტურდა. გოგონას ასევე აქვს ცვლილებები სისხლის ანალიზშიც. სტატიამ მრავალი ადამიანი დააინტერესა 13 წლის ინგას ბედით. ბევრი რედაქციაში გამოგვეხმაურა, ზოგიც პირდაპირ ინგასთან მივიდა და რითაც შეეძლო, დაეხმარა. რედაქციაში ალვანიდან წერილი და პატარა ამანათი მოვიდა. თუშური ხელსაქმის ცნობილმა ოსტატმა, მქსოველმა ლილი მურთაზაშვილმა ინგას ჭრელი წინდები და თბილი ჯემპრი გამოუგზავნა, ჩვენ კი მოგვწერა:

"შემძრა ინგას ამბავმა, ამაფორიაქა, წარმოვიდგინე, როგორ სცივა მის სუსტ სხეულს და იმ დღიდანვე დავიწყე უხეში თუშური მატყლისგან ჯემპრისა და წინდების ქსოვა. ვიცი, რა ძალა აქვს თუშურ მატყლს, გოგონას ძვირად ღირებულ წამლებზე მეტად წაადგება. თუშური მატყლი არის ღრუღეროვანი (ერთადერთი მსოფლიოში) სითბო-სიცივის მარეგულირებელი, რომელიც 20-ზე მეტი დაავადების მკურნალია. მჯერა, ინგასაც უმკურნალებს. მახსოვს, ბავშვობაში ბებია რომ წინდებს მიკემსავდა, ხელზე შემოიცვამდა და ისე კემსავდა, მეც იქვე ველოდებოდი, რომ დაკემსილი წინდა ჩამეცვა. მერე მთელი დღე საოცარ სითბოს ვგრძნობდი ფეხებზე.

მჯერა, ის თუშური მატყლი და ბებიის ხელების სითბო მიფარავდა ყველანაირი დაავადებისგან. ამას რომ ვიხსენებ, ვიცი ჩემი ხელების სითბოც უმკურნალებს ინგას. ამ სითბოს ჩემს მოქსოვილ წინდებსა და ჯემპრს ვატან. აღარ შესცივდება. ასეთი დაავადებისთვის არა მარტო ზამთარში, ზაფხულშიც სამკურნალო მიზნით უნდა იხმაროს, სანამ განიკურნება, ეს კი ნამდვილად მჯერა, რომ მოხდება!"

ქალბატონი ლილის ამანათი ინგას მივუტანე. გოგონას თვალები სიხარულით აუციმციმდა. როდესაც ლილი მურთაზიშვილის წერილიც წავუკითხე, აცრემლებულმა მთხოვა, მზრუნველი ქალბატონისთვის მის მაგივრად მეთქვა: გმადლობ, ლილი ბებია!..