რაც დავკარგეთ, საკვნესად ისიც გვეყოფა - კვირის პალიტრა

რაც დავკარგეთ, საკვნესად ისიც გვეყოფა

მთა იცლება და ჭკუათამყოფელი ქართველი განგაშს უნდა ტეხდეს - რა მნიშვნელობა აქვს მიწას მტერი მოგვტაცებს თუ ჩვენივე ნებით დავტოვებთ. მიწიერ სამოთხეს გაუსაძლისი პირობები გვაცლევინებს.

მაგრამ არის ხალხი (და იქნება!), ვინც მთიდან ფეხის გამოდგმას არ აპირებს და იქაურობას ჩვენს, ყველას, ნაცვლად უვლის. ამისთანა ხალხს, იმის მაგიერ, ხელისგულზე ვატაროთ, თურმე ცხოვრების ელემენტარულ პირობებს ვართმევთ.

უკანაფშავის ულამაზესი სოფელი უძილაურთა წელიწადია იხვეწება, ამ სოფელსაც ნუ დაგვაცლევინებთ, სიბნელეში ვსხედვართ და გვიშველეთო. ვისაც ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წამში შეუძლია, ყურსაც არ იბერტყავს.

ვისაც მივადექით, ყველამ ხელი გვკრა. თქვენი იმედიღა დაგვრჩა - ეგებ "კვირის პალიტრაში" მაინც წაიკითხოს მთავრობამ ჩვენი ამბავი და გვიშველოს.  2009 წლის 8 აგვისტოს მეხმა დააზიანა ჩვენი ტრანსფორმატორი და მას შემდეგ სამყაროსთან კავშირი გავწყვიტეთ. ვის არ მივმართეთ - უკანა ფშავის საკრებულოს, დუშეთის გამგეობას, რაიონის ელექტროქსელების სამსახურს, ჩვენს დეპუტატს. ყველამ უიმედოდ მიგვაბრუნა - თქვენი ტრანსფორმატორი კერძო საკუთრებაა, ვერაფერს გიშველით, სახელმწიფო კერძო ტრანსფორმატორის ადგილზე ახალს ვერ დადგამსო. რას ნიშნავს ეს ხალხნო, თუ იმ შავბნელ წლებში, ჩვენ რომ გადავიტანეთ, ვიღაცას შეეშინდა, სოფელი არ დაიცალოსო და თავისი ინიციატივით ტრანსფორმატორი დაგვიდგა, ახლა ამისთვის უნდა დავისაჯოთ?! აქამდე მთაში გამოკეტილებს შუქი მაინც გვქონდა იმედად, ეგებ თქვენი დახმარებით მაინც გვიპასუხონ ამ კითხვაზე მათ, ვისაც ეს სოფელ-ქვეყანა აბარია. რას გვეტყვიან, კარი გამოიკეტეთ და თქვენც ბარში წამოდითო? თუ არადა, აიღოს მთავრობამ ტელეფონი და ამ ჩვენი ცოდვით სავსე რაიონის ხელმძღვანელობას ჩვენი მიხედვა დაავალონ - მათ მარტო ასეთი ზარების ეშინიათ.

სოფელ უძილაურთას მცხოვრებნი

რა გული გაგვიძლებდა, ჩვენი საცდელი არ გვეცადა. ამიტომ მცხეთა-მთიანეთის აბონენტებთან ურთიერთობის უფროსს, ბატონ გიორგი გუდაძეს დავუკავშირდით. მან კი, - ცოტა დამაცადეთ, რეგიონის ელექტროენერგიის სამსახურის ინჟინერს დავუკავშირდები და ყველაფერს გავარკვევო. ჩვენც დავაცადეთ და როგორც ველოდით, ისე აღმოჩნდა, - ამ პრობლემის მოგვარება თურმე სულ იოლია, რაღა თქმა უნდა, თუკი ქვეყნის და ხალხის გასაჭირი შენთვის ღობის ჩხირი არ არის.

- რა გაარკვიეთ, ბატონო გიორგი?

- მახლობელ სოფელ შუაფხოს სკოლა-ინტერნატს ორი ტრანსფორმატორი აქვს, როგორც მითხრეს, მათი სიმძლავრე სოფელსაც ეყოფა. ასე რომ, შეიძლება ერთი მათგანის სოფლის მოსახლეობისთვის გადაცემა. ოღონდ, ამ საქმეში "კვირის პალიტრის" დახმარება დაგვჭირდება, რომ დუშეთის გამგეობამ უარი არ გვითხრას...

P.S.  დუშეთის გამგეობას აქამდეც არ უნდა დასჭირვებოდა ამ საქმეში ჩვენი ჩარევა. იმედია, არც დაიჭირვებენ, რადგან ამ წერილით, ვგონებ, უკვე შევახსენეთ, რომ თითო სოფელი თითო ფარია ქვეყნისა. რაც დავკარგეთ, საკვნესად ისიც უნდა გვეყოს, არათუ ახალი დავამატოთ!