რატომ ხმება თბილისი?
28-09-2015
რატომ ხმება თბილისი?
პოლიციის შენობის უკან ძვირფასი კვიპაროსები გადამწვარიყო, შეხებისას ფოთოლი ტკაცუნით იმტვრეოდა და ცვიოდა. ეზოში გამხმარ ვერცხლისფერ ნაძვებს თხრიდნენ. გარშემო ბლომად იყო პირდაღებული ორმოები, საიდანაც ხეები ამოეთხარათ

"როცა თბილისის მერობის კანდიდატმა ნარმანიამ გამოაცხადა, ქალაქში მილიონი ნერგი უნდა დავრგოო, ვიღაცებმა დასცინეს, - სატურეთი ხომ არ უნდა მოაწყოსო. მე კი გული მომდიოდა - რა არის სასაცილო, ქალაქში ხე აღარ დარჩა, ერთი სიცოცხლე გვაქვს და იმასაც უჟანგბადობით ვისწრაფებთ-მეთქი. მოკლედ, ქალაქის მერიის დიდი იმედი­ მქონდა და
ვაი, რომ ტყუილად. დღეს დედაქალაქში ნარგაობამ კი არ მოიმატა, მოიკლო. ახალი შენობების ჩასადგმელად, რაც დარჩენილი იყო, ის ხეებიც იჭრება; ამასთანავე, მტერს არ ვუსურვებ იმ ნერგების ნახვას, რომელიც მერიამ ვითომ ქალაქის გასამწვანებლად დარგო, - ახალი ნარგაობა მოუვლელობამ და ცხელმა ზაფხულმა შეიწირა. წყალში გადაიყარა უცხოეთში მათ შესაძენად
გადახდილი სოლიდური თანხა - ეს მაშინ, როცა ჩვენ არაჩვეულებრივი და მცოდნე მენერგეები გვყავს რაიონებში.

ამ უბედურების სიმბოლოდ გლდანის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაც გამოდგება - გულს მიკლავს აქ დარგული ძვირფასი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვების ხმობა და ვერაფერი გამიწყვია. გთხოვთ ამის შესახებ დაწეროთ და ხელისუფლებას შეახსენოთ, რის წინაშე აყენებს საკუთარ ხალხს", - მოგვწერა ვლადიმერ ჭანტურიძემ.

მოგვიანებით ბატონ სოსოსთან ერთად გლდანის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაც შემოვიარეთ და სხვაგანაც გადავიღეთ ზეზეურად ჩამომხმარი ხეები. პოლიციის შენობის უკან ძვირფასი კვიპაროსები გადამწვარიყო, შეხებისას ფოთოლი ტკაცუნით იმტვრეოდა და ცვიოდა.
მერე ეზოში გამოვედით, სადაც გამხმარ და გაუბედურებულ ვერცხლისფერ ნაძვებს უკვე თხრიდნენ. გარშემო ბლომად იყო პირდაღებული ორმოები, საიდანაც ხეები ამოეთხარათ.

ბატონმა ვლადიმერმა მიწაზე დაყრილი დაჩეხილი ნაძვების დანახვაზე ქუდიც კი მოიხადა და მებაღეებს ჰკითხა, - ამ ნაძვებს რა მოუვიდათო. მოქუფრულებმა შემოგვხედეს და მწარედ იოხუნჯეს, - მორწყვისას წყალი მოუვიდათ ზედმეტიო და გააგრძელეს, - აქვე, ახლო ტერიტორიიდან სარწყავი წყლის გამოყვანას რა უნდოდა, მაგრამ მერიამ ჩაყარა მიწაში ნერგები და მიატოვაო. ამის გაგონებაზე გული დამიმძიმდა. მერე ერთადერთი "უადგილო" აზრიც კი გამოვთქვი - ამ შენობაში იმდენი პოლიციელი მუშაობს, ერთი მათგანი კვირაში ერთხელ მაინც რომ გამოსულიყო და ნაძვები მოერწყა, უეჭველად გადარჩებოდნენ-მეთქი, რაზეც მებაღეებმა მიპასუხეს, - ეგ იმათ ჰკითხეო და პოლიციის შენობისაკენ გაიხედეს, სადაც ჯანიანი პოლიციელები დააბიჯებდნენ. მეც ხელი ჩავიქნიე, თბილისში ხეები უმოწყალოდ ხმება და არავინ არის პატრონ-გამკითხავი. ერთი სული მქონდა, ამ საშინელებას როდის გამოვექცეოდი. მაგრამ როდემდე ვირბენთ ან მე, ან სხვა? ან ქალაქის მერია სად დაემალება თავის გულგრილობას, რომელიც უჟანგბადოდ დახრჩობით გვემუქრება?!
rezo
12 ოქტომბერი 2015 07:48
imitom rom qocebi arian sataveshi. magati amosuntquli haeri axmobs mcenares!

რედაქტორის რჩევით