"თქვენ რომ არა, ვინ იცის, რამდენ ხანს დავრჩებოდით უგზოდ" - კვირის პალიტრა

"თქვენ რომ არა, ვინ იცის, რამდენ ხანს დავრჩებოდით უგზოდ"

რამდენიმე ხნის წინ სურებელი ზურაბ დარსალია თავისი სოფლის სატკივარზე გვწერდა, - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეს სოფელი გურიის ბეღლად ითვლებოდა და რეგიონს რძით, ყველით, კარაქითა და თაფლით ამარაგებდა, დღეს კი უგზოობის გამო დაცლის პირას არის.

სოფლის გადასარჩენად "სურებელთა საზოგადოება" შევქმენით, ხელისუფლებას სურებამდე მიმავალი 17-კილომეტრიანი გზის გაკეთებას ვთხოვთ, ჟურნალისტების გარეშე ხმის მიწვდენა არ გამოგვდის და დაგვეხმარეთ, რომ სოფელი არ დაიცალოსო და გზა აგვიწერა: - სუფსის ხეობაში, კლდეებზე, 17-კილომეტრიანი ჯოჯოხეთური მონაკვეთია გასავლელი, დანგრეულ გზაზე მანქანა ისე ხტის, ყოველ წამს ელი, რომ გადაიჩეხებიო.

ზურაბ დარსალიას წერილი 27 აპრილის ნომერში დავბეჭდეთ და ხელისუფლებას ვთხოვეთ, სურებელებს დახმარებოდა. ახლახან რედაქციაში ზურაბ დარსალია გვესტუმრა: - სურებელების სახელით მადლობას მოგახსენებთ - "კვირის პალიტრა" რომ არა, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევდა მთავრობაში სირბილი. არც სოფლის მოწყვეტა შეიძლება ქალაქისაგან, არც ქალაქისა. თუ გლეხმა მოსავალი უგზოობის გამო ვერ ჩაიტანა ქალაქში გასაყიდად, რას არგებს ასეთი შრომა! ვან-ზომლეთამდე გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშა-მოასფალტება უკვე დაიწყო. გვპირდებიან, რომ გაისისთვის გზის დანარჩენი მონაკვეთიც მოასფალტდება.

- გამოდის, ყველაფერი მოგვარებულია?

- სანამ საქმე არ დამთავრდება, ამის თქმა არ შეიძლება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სურების გზის მშენებლობისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა და ხობის კომპანიამ გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოებზე დაახლოებით 100 ათასი ლარი დაზოგა. გვინდოდა, ეს ფული გზის დანარჩენი მონაკვეთის დაპროექტება-მომზადებას მოხმარებოდა, რომ ასფალტის დაგება დაჩქარებულიყო, მაგრამ სამინისტრომ დანაზოგი უკან წაიღო, - წესი ასეთია, თქვენ კი ახალი პროცედურები უნდა გაიაროთ ფულის მისაღებადო. ფული საქმის გასაკეთებლად დავზოგეთ და დავკარგეთ! იქნებ "ენერგოპროჯორჯიასთანაც" შეგვაწიოთ სიტყვა. ჩვენდა სასიხარულოდ, სოფელს ახლა შუქი აქვს და მას "ენერგოპროჯორჯია" ემსახურება, რისთვისაც სოფელი გადასახადს იხდის. მაგრამ ეს ხალხი სოფელს მიადგა და ეუბნება, - ჩვენ რომ დენის შემოსაყვანად კაბელები ჩაგიყარეთ, სამაგიეროდ ძველი ელექტროსადენები უნდა გვაჩუქოთ. თუ არ გვაჩუქებთ, წაგართმევთო!

სოფელს საკუთარი ელექტროჰესი აქვს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, მაგრამ მოვა დრო და ამუშავდება, - გვითხრა ზურაბ დარსალიამ და იმ იმედით დაგვემშვიდობა, რომ მის სათხოვარს ადრესატები უსათუოდ გაითვალისწინებენ.