"თქვენ რომ არა, ვინ იცის, რამდენ ხანს დავრჩებოდით უგზოდ"
26-10-2015
"თქვენ რომ არა, ვინ იცის, რამდენ ხანს დავრჩებოდით უგზოდ"
რამდენიმე ხნის წინ სურებელი ზურაბ დარსალია თავისი სოფლის სატკივარზე გვწერდა, - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეს სოფელი გურიის ბეღლად ითვლებოდა და რეგიონს რძით, ყველით, კარაქითა და თაფლით ამარაგებდა, დღეს კი უგზოობის გამო დაცლის პირას არის.

სოფლის გადასარჩენად­ "სურებელთა საზოგადოება" შევქმენით, ხელისუფლებას სურებამდე მიმავალი 17-კილ­ომეტრიანი გზის გაკეთებას ვთხოვთ, ჟურნალისტების გარეშე ხმის მიწვდენა არ გამოგვდის და დაგვეხმარეთ, რომ სოფელი არ დაიცალოსო და გზა აგვიწერა: - სუფსის ხეობაში,­ კლდეებზე, 17-კილომეტრიანი ჯოჯოხეთური მონაკვეთია გასავ­ლელი, დანგრეულ გზაზე­
მანქანა ისე ხტის, ყოველ წამს ელი, რომ გადაიჩეხებიო.

ზურაბ დარსალიას წერილი 27 აპრილის ნომერში დავბეჭდეთ და ხელისუფლებას ვთხოვეთ, სურებელებს დახმარებოდა. ახლახან რედაქციაში ზურაბ დარსალია გვესტუმრა: - სურებელების სახელით მადლობას მოგახსენებთ - "კვირის პალიტრა" რომ არა, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევდა მთავრობაში სირბილი. არც
სოფლის მოწყვეტა შეიძლება ქალაქისაგან, არც ქალაქისა. თუ გლეხმა მოსავალი უგზოობის გამო ვერ ჩაიტანა ქალაქში გასაყიდად, რას არგებს ასეთი შრომა! ვან-ზომლეთამდე გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშა­-მოასფალტება უკვე დაიწყო. გვპი­რდებიან, რომ გაისისთვის გზის დანარჩენი მონაკვეთიც მოასფალტდება.

- გამოდის, ყველაფერი მოგვარებულია?
- სანამ საქმე არ დამთავრდება, ამის თქმა არ შეიძლება. ჩოხატაურის მუნიციპა­ლ­იტეტს სურების გზის მშენებლობისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა და ხობის კომპანიამ გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოებზე დაახლოებით 100 ათასი ლარი დაზოგა. გვინდოდა, ეს ფული გზის დანარჩენი მონაკვეთის დაპროექტება-მომზადებას მოხმარებოდა, რომ ასფალტის დაგება დაჩქარებულიყო, მაგრამ სამინისტრომ დანაზოგი უკან წაიღო, - წესი ასეთია, თქვენ კი ახალი პროცედურები უნდა გაიაროთ ფულის მისაღებადო. ფული საქმის გასაკეთებლად დავზოგეთ და დავკარგეთ! იქნებ "ენერგოპროჯორჯიასთანაც" შეგვაწიოთ სიტყვა. ჩვენდა სასიხარულოდ, სოფელს ახლა შუქი აქვს და მას "ენერგოპრო­ჯორჯია" ემსახურება, რისთვისაც სოფელი გადასახადს იხდის. მაგრამ ეს ხალხი სოფ­ელს მიადგა და ეუბნება, - ჩვენ რომ დენი­ს შემოსაყვანად კაბელები ჩაგიყარეთ, სამაგიეროდ ძველი ელექტროსადენები უნდა გვაჩუქოთ. თუ არ გვაჩუქებთ, წაგართმევ­თო!

სოფელს საკუთარი ელექტროჰესი აქვს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, მაგრამ მოვა დრო და ამუშავდება, - გვითხრა ზურაბ დარსალიამ და იმ იმედით დაგვემშვიდობა, რომ მის სათხო­ვარს ადრესატები უსათუოდ გაითვალისწინებენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით