"ყველა ჩვენ რატომ გვიბრიყვებს?" - კვირის პალიტრა

"ყველა ჩვენ რატომ გვიბრიყვებს?"

კითხვა, რატომ გვიბრიყვებს ყველა - შინაურიც და განსაკუთრებით გარედან მოსული, ერთი შეხედვით ძნელად საპასუხოა, თუმცა, თუ ჩაფიქრდები, არც ისე - ჩვენ ერთად არ ვდგავართ.

გათითოებულ-დაცალკევებული კი ყველაფერი ადვილად ტყდება. ჩვენც ასე ვართ - ვინ მოთვლის, რამდენი საჩივარი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს შეტანილი სასამართლოში "ყაზტრანსგაზის" წინააღმდეგ და თითქმის ყველა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მთავრდება, რატომ? "დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი"!

პატივცემულო რედაქციავ, მეც ერთი იმათგანი ვიქნები, ვინც აღშფოთებას გიზიარებთ. მაგრამ ეს პრობლემა მარტო ჩემი სატკივარი არ არის, "ყაზტრანსგაზში" მისვლასა და ჩივილს აზრი არა აქვს. მოკლედ, სინდისდაკარგული ადამიანიც არ გადაახდევინებს გაღატაკებულ კაცს გადასახადს იმ მოწყობილობაში, რითაც ეს კაცი მის საქონელს ყიდის. მაგრამ "ყაზტრანსგაზი" არც სინდისს დაგიდევთ და არც გაღატაკებული ხალხის ჯიბეს, ერთი პირობა ხომ შეგვაძენინეს მრიცხველები, ახლა მათი წარმომადგენლები ბინა-ბინა დადიან და თუ სადმე მრიცხველი არ მოეწონებათ, კაი ბიჭი ხარ და თუ გეტყვიან, იყიდეო, ნუ იყიდი! ფული არა გაქვს? რა მათი საქმეა! არ იყიდი და სასამართლოში იმხელა ჯარიმის გადახდა მოგიწევს, შენს ღატაკ ჯიბეს არაერთი წელი დასჭირდება მის შესავსებად.

ახლა კიდევ ერთი რამ მოიგონეს - მრიცხველი რომ წესრიგში გქონდეს, მასზე შემოხვეულ ცელოფანს უჭვრიტინებენ და თუ ღმერთი გაგიწყრა და გაიხა, სასამართლოში გარბენინებენ. სად გაგონილა, სიფრიფანა ცელოფანს რაიმე დაეცვას?! ამხელა გადასახადებით სულს გვხდიან და თავიანთი მრიცხველების "დასაცავად" ცელოფანებზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს? სასამართლო განხილვები კიდევ სხვა საქმეა, მე შენ გეტყვი, სამართალს იპოვი, ყველა ასეთი პროცესიდან შინ ნერვებდაწყვეტილი და ჯანმრთელობაშერყეული უნდა დაბრუნდე და დარჩენილი საცოდავი გროშები მკურნალობაში დახარჯო.

ჩემო ძვირფასო "კვირის პალიტრავ", იქნებ თქვენც მიმართოთ ჩვენს ხელისუფლებას - თუ ნამდვილად ხალხი უყვართ და ხალხზე ზრუნავენ, გადამთიელს ჩვენს თავს აბუჩად ნუ ააგდებინებენ და დაგვიცვან. თუ არადა, როგორც გითხარით, ეს წერილი ხალხისთვის დავწერე და თუ ყველა ერთად გავუწევთ ასეთ უსამართლობას წინააღმდეგობებს, მაშინ უსამართლობის მსხვერპლი აღარ გავხდებით.

იური ნადიმაშვილი,  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი