"არ დაიჯერებთ, მაგრამ ხელფასი 7 ლარი მაქვს" - კვირის პალიტრა

"არ დაიჯერებთ, მაგრამ ხელფასი 7 ლარი მაქვს"

ამ წერილმა გული იმიტომაც გვატკინა, რომ რედაქციაშიც ხშირად მოდიან ადამიანები, ვისაც სულითა და გულით უნდათ ჩვენი გაზეთის ყიდვა, მაგრამ თავიანთი შემოსავლით პურსაც ვერ ყიდულობენ... მართალია, გაზეთი პურის მაგივრობას ვერავის გაუწევს, მაგრამ იმედს ხომ მისცემს. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ.

და იმისთვისაც, რომ მათ ნაცვლადაც მოვთხოვოთ და ვკითხოთ ხელისუფლებას, - რას აკეთებთ, ბატონებო, როდემდე შეიძლება თქვენმა ხალხმა ცხოვრების ზედმეტ ბარგად იგრძნოს თავი?!

გამარჯობა, "კვირის პალიტრავ", შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ. ჯერ არ გამოგიშვიათ ნომერი, რომ არ წამეკითხოს. თუმცა სამწუხაროდ, - ყოველთვის ძველი, რადგან არასოდეს მაქვს ახლის საყიდელი ფული. კი არ შემოგჩივით, მაგრამ იქნებ დაგვეხმაროთ და ჩვენს კოშმარში გაგვირკვიოთ რაიმე: ხომ ვერ გაგვიგებთ, რა დავაშავეთ ასეთი ყვარლის რაიონის სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა, რომ ამდენი წელიწადია ერთი ტომარა ფქვილის სამყოფი ხელფასიც არ აგვიღია. წელს, საახალწლოდ, პირადად მე 7 ლარი მქონდა გამოწერილი! შეიძლება ვინმემ თქვას, - წამოდი მერე, შე დალოცვილო და შინ დაჯექიო.

მაგრამ თქვენ ხომ მაინც შეგიძლიათ იმის გაგება, რომ ადამიანს სამსახური სჭირდება, ურთიერთობა სჭირდება, მით უფრო ჩვენს სტრესებით სავსე დროში. მეც და სამშობიარო სახლის ყველა თანამშრომელი მართლა ვფიქრობთ, რომ ქვეყანას ამით ვემსახურებით. ჩემი შვილები მამულის დამცველთა რიგებში არიან, აგვისტოს ომში იბრძოდნენ. ღმერთმა ისინი უვნებლად კი გადამირჩინა, მაგრამ ჩემი დისშვილი ისე დაიჭრა, სამი ოპერაცია გაუკეთდა და ახლაც მკურნალობს.

მისმა დარდმა თმა გამითეთრა. მერე, რა? ასე თუ გაგრძელდა, როდემდე შეძლებენ ღვთის ანაბარად მიგდებული დედები შვილების გულში მამულის სიყვარულის გაღვივებას? ზოგი გვეუბნება, მოითმინეთ და რაიმე იქნებაო. რამდენ ხანს ვიცადოთ XXI საუკუნეში, ნატოში შესასვლელად გამზადებულ, ეკონომიკააყვავებულ ქვეყანაში? ნუთუ მთავრობა ბაიბურში არ არის, რა ხდება მათ ოჯახებს იქით? მაშინ - გააგებინეთ, გთხოვთ. ვინ იცის, რამდენი ჩვენნაირი დგას ჩვენ უკან.

ლია მოსემღვდლიშვილი

P.S. სიმართლე გითხრათ, ქალბატონი ლიას წერილი და მისი 7-ლარიანი ხელფასი აშკარად დაუჯერებლად გვეჩვენებოდა, რომ არა ჯანმრთელობის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის დეპარტამენტის უფროსის, ბატონ ზურაბ უტიაშვილის კომენტარი: - კი, სამწუხაროდ, ასეთი რამ გასაკვირი არ არის. თუ სამშობიარო შპს-ა და ფეხმძიმე არ შევიდა, ხელფასს როგორ დაარიგებსო(?!). კიდევ რა შეიძლება ითქვას, როცა ექიმები, მედდები და სანიტრები (და სხვა პროფესიის ათასეული ადამიანი!) იძულებულნი არიან, უხელფასობის გამო საავადმყოფოები დატოვონ. მაშ, სახელმწიფო რისთვის არის?