"ყველაზე მძიმე უსამართლობის გაძლებაა" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მძიმე უსამართლობის გაძლებაა"

"სოფელ აჩიგვარაში საკუთარი ხელით აშენებული სასახლე ისე გადამიწვეს, იქიდან ნემსიც არ გამომიტანია. მეზობელმა ჩემი გადამწვარი სახლის ფოტოები რომ ჩამომიტანა, ბავშვივით ავტირდი"

ეს წერილი არაერთი ადამიანის ბედს გაგახსენებთ. წლები გადის და ადამიანურ ცხოვრებას ვერ ეღირსნენ. არველოდი ღურწკაიას საკუთარი გარჯით აშენებული სახლიდან ფერფლიღა შემორჩა, გაჭირვების გამო შვილები შემოეფანტნენ და ახლა ნაქირავები ბინიდან გამოგდებაც ემუქრება.

- 22-წლიანმა დევნილობამ ყველა იმედი გადამიწურა. ამ წერილს უკანასკნელ იმედად ვწერ, იქნებ კიდევ დარჩა სამართალი. ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ სახელმწიფოსგან მოცემულ თავშესაფარში არ ვცხოვრობდი, ამის გამო კერძო სტატუსი მომაკუთვნეს და ბინის მომლოდინეთა ბოლო რიგებისკენ მომისროლეს. აფხაზეთიდან გამოყრილები ქუჩაში სიცივით ვკანკალებდით და ახლობლებმა ბინის დაქირავება შემომთავაზეს, - დაიწყებ მუშაობას, ფეხზე დადგები და ქირასაც გადაიხდიო. რუსთავში ბინა ვიქირავეთ. ყველანაირ სამუშაოს ვასრულებდი, შვილებს ვზრდიდი და ცხოვრებას იმედით შევყურებდი. გამრჯე გოგონები გავზარდე. უფროსმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგისტრატურაში აღარ ჩაუბარებია - ვიმუშავებ, უმცროს დებს დავეხმარები, მაგისტრატურა სად გამექცევაო... ერთ დღეს მანქანა დაეჯახა... შვილის სიკვდილმა წამაქცია, თანაც მკვლელი დაუსჯელი დადის. მეორედ მაშინ გავიტეხე წელში, როცა მე და ჩემს ცოლს ქალიშვილებმა გვითხრეს, - საზღვარგარეთ წავალთ, ბინის ფულს შევაგროვებთ და ჩამოვალთო... ისესხეს ფული და საბერძნეთს მიაშურეს. მაგრამ ჩემი გოგონების გამოგზავნილი ფული ჩემი და ჩემი ცოლის წამლებში მიდის, ჩვენი პენსია კი - ბინის ქირაში. რუსთავშიც გაძვირდა ბინები და ახლა 300 ლარს ვიხდით იმ ბინაში, რომელშიც 22 წლის წინ შევსახლდით და 50 ლარს ვიხდიდით... არავინ იფიქროს, თითქოს კომფორტულ ცხოვრებას ვერ ველევით - არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა და არც გათბობა, მაგრამ ვუძლებთ - ამაზე მეტისთვის გაგვიძლია. ყველაზე მძიმე უსამართლობის გაძლება ყოფილა. 2013 წელს მე და ჩემს ცოლს 7 ქულა მოგვაკუთვნეს და სიაში შეგვიყვანეს. ბინაც კი გვაჩვენეს, სადაც რამდენიმე დღეში უნდა შევსულიყავით, მაგრამ ზუსტად წინადღეს სოციალური სტატუსის მოხსნის შეტყობინება მივიღეთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბინასაც აღარ მოგვცემდნენ. ასეც მოხდა - ჩვენს ბინაში სხვა შეასახლეს. სტატუსის მოხსნასთან ერთად, სოციალური დახმარებაც მოგვეხსნა... სოციალური სტატუსის აღდგენაზე განცხადება ისევ შევიტანე. მოვიდა სოცმუშაკი, აღწერა ჩვენი სიღატაკე და სტატუსი დაგვიბრუნა. მაგრამ 2015 წლის მარტში, როცა სახელმწიფოს ბიუჯეტი გაღარიბდა, გაოგნებულმა მოვისმინე ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადება, - უბინაო ლტოლვილი არ არსებობსო და მაშინვე მივხვდი, რომ სოციალურ სტატუსს ისევ წამართმევდნენ... წაგვართვეს... აი, ასე გაუბედურებული, უსახლკარო, გაყინული და უიმედო დავრჩით ორი ხანში შესული და სხვისი ჭერიდან ვეკითხებით ჩვენს ხელისუფლებას, - განა რა ძალა აქვს ამ სავარძლებს, რომ ის ხალხი დაგავიწყათ, რომლის საპატრონოდაც მანდ მიხვედით?! როცა თქვენ მშვიდად გძინავთ, ან საკუთარი თავისთვის გამოწერილი ასიათასობით პრემიებით სასახლეებს იშენებთ, მარტოხელა მოხუცებს სოციალური დახმარების გროშებსაც ართმევენ... ჩვენ ასეთი ცხოვრება ნებით არ აგვირჩევია - გალში სოფელ აჩიგვარაში საკუთარი ხელით აშენებული სასახლე ისე გადამიწვეს, ნემსიც არ გამომიტანია. მეზობელმა ჩემი გადამწვარი სახლის ფოტოები რომ ჩამომიტანეს, ბავშვივით ავტირდი... ხალხისთვის ცრუ დაპირებები წამებაა! წამებისთვის კი ადრე თუ გვიან ყველა ისჯება!