"გაიტანეთ მონსტრი ჩემი სახლიდან!" - კვირის პალიტრა

"გაიტანეთ მონსტრი ჩემი სახლიდან!"

ალბათ გიჟი უნდა იყო, თუ ირწმუნებ, რომ ცივილიზაციასა და ტექნიკურ პროგრესს სადმე გავექცევიო. თუმცა ზოგჯერ ეს ყველაფერი ისე გერევა, მართლა გიჩნდება გაქცევის სურვილი.

სიტყვა "ძალადობა" შემთხვევით არ გვიხსენებია, - უამრავი კანონი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანი დაიცვას იმ ზიანისგან, რაც ტექნიკის გამოყენების ნორმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, ეს კანონები, ისე როგორც დანარჩენი, ჩვენთან, სამწუხაროდ, არ მუშაობს და მათ მსხვერპლსაც, გარდა დაზარალებულისა არავინ ითვლის, მათი რიცხვი კი, საუბედუროდ, ცოტა როდია.

ჩვენო "კვირის პალიტრავ", აღარ ვიცი, მეყოფა თუ არა სიტყვები ჩემი გასაჭირის გამოსახატად, რომელსაც ამდენი წელიწადია, ყველას ამაოდ შევჩივი. აბა, რა, მე არც პარტია მაქვს და არც შესაძლებლობა, მიტინგი რომ მოვუწყო მთავრობას. არადა, სიცოცხლე ტანჯვად მექცა და ვინ იცის, კიდევ რამდენი ოჯახია, ჩემსავით უხმაუროდ რომ ეწირება ამ უბედურებას - მთელი ჩემი სახლი და ეზო, ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში, ელექტრომაგნიტურ ველად არის გადაქცეული, რომელიც დიდი ხანია მინადგურებს ოჯახს. მე აღვწერ და მერე თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება ჩვენს თავს ან როგორ ვცხოვრობ... ჩემს ეზოში სახლს 6,5 მეტრით დაშორებული მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზები და 10 და 380-კილოვატიანი მაგისტრალი ერთად გადის.

ახლა ვინ გამოვა და რა პირით მეტყვის, ამხელა ელექტრომაგნიტური ველი ვერაფერს გიზამთო?! ხანდახან მგონია, ჩემი ეზო ბერმუდის სამკუთხედია, სადაც ოჯახის წევრები ნელ-ნელა ვიკარგებით. მამა, კაცი, რომელსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევია, ფილტვის კიბოთი გარდამეცვალა; დედას კანის სიმსივნის ოპერაცია გაუკეთდა, მეც თავზე სიმსივნური წარმონაქმნი მაქვს და სამი კვირა ცნობიერებაც დაკარგული მქონდა. ფაქტობრივად ახალგაზრდა კაცი უკვე პენსიონერი გავხდი. მითხარით, რა ვქნა, ნუთუ სახელმწიფოს არ ევალება თავისი მოქალაქე სასიკვდილოდ არ გაწიროს და ჩემი ეზოდან ამ მონსტრებს თუ არ აიღებენ, მე მაინც დამეხმარონ, რომ აქაურობას მოვშორდე...

პატივისცემით, პაატა სალარიძე, ლაგოდეხი

მსგავსი შინაარსის წერილი რედაქციაში კიდევ მოვიდა. როგორც ჩანს, ეს პრობლემა სხვა ოჯახებსაც აწუხებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხის გადაწყვეტა, წერილის დაბეჭდვის შემდეგ მაინც ყურად იღებენ მოქალაქეთა თხოვნას.