"ტავარიშჩ კნიაზ!" ჩვენ, მართალია, ფული არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს კეთილშობილება - კვირის პალიტრა

"ტავარიშჩ კნიაზ!" ჩვენ, მართალია, ფული არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს კეთილშობილება

"ტავარიშჩ კნიაზ", - ასე მიმართავდა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი ლენინი რუსეთის მეფის გვარდიის პოლკოვნიკ ივანე რატიშვილს.  ამ კაცმა ჭკუამახვილი დიქტატორიც კი აიძულა, მისი ღირსეულობა ეღიარებინა - "ტავარიშჩ კნიაზმა" პეტერბურგის ზამთრის სასახლის შედევრების გადარჩენით იმპერიის უზარმაზარი სიმდიდრე იხსნა.

თავად კი სამშობლოში გარდაიცვალა იმპერიისვე მოწყალების შემყურე. რას ვიზამთ, შეიძლება, ქართველები ქონებით მდიდრები არ ვიყოთ, მაგრამ განა არსებობს კეთილშობილებაზე დიდი სიმდიდრე?

რატიშვილები წარმოშობით მცხეთის რაიონიდან იყვნენ, მათი წინაპარი რუსეთში გაჰყვა მეფე ვახტანგ VI-ს. ივანე რატიშვილი ორიოლში დაიბადა. იქვე შეიყვანეს სამხედრო სასწავლებელში. პეტერბურგში დაასრულა სწავლა და კავკასიაში სამსახური ითხოვა, ცოლად კი ერეკლე მეფის შვილიშვილი, ეკატერინე ბაგრატიონი შეირთო. აქ, კავკასიაში თავაწყვეტილი ჯირითისას ცხენიდან ჩამოვარდა და იძულებული გახდა, სამხედრო სამსახურისთვის თავი დაენებებინა. მაგრამ დრო ამაოდ არ გაუფლანგავს - პარიზს გაემგზავრა და ნატიფი ხელოვნების აკადემიაში შევიდა. სწორედ იქაური წარმატების გამო გადაიყვანა იმპერატორმა ზამთრის სასახლეში სამუშაოდ.

მალე ერთმანეთს წაეწყო ორი რევოლუცია - თებერვლისა და ოქტომბრისა. ორივეჯერ ბრბომ მეფის სასახლიდან ქონებას დატაცება დაიწყო და ორივეჯერ ივანე რატიშვილმა შეაჩერა, რასაკვირველია, საკუთარი სიცოცხლის სასწორზე დადებით! პირველად არ დაემორჩილა გენერლის ბრძანებას და ამით თავად სასახლეც იხსნა დაწვისგან. უარესი მეორე რევოლუციისას იყო - ღვთის ანაბარად მიტოვებული სასახლის საძარცვავად ყოველი მხრიდან მიემართებოდა ათასი ჯურის ნაძირალა, ხოლო კრეისერ "ავრორას" ქვემეხები პირდაპირ სასახლის ფანჯრებს მისჩერებოდა.

მასში კი, გარდა ძვირფასეულობისა, იყო სამხედრო ჰოსპიტალი, I მსოფლიო ომის მონაწილე ასობით დაჭრილით, პეტერბურგიდან გაქცეული იყო ყველა თანამდებობის პირი. რატიშვილსაც უთხრეს, - შენც წადიო. მან კი  ექიმებს და სანიტრებს მოუყარა თავი და დაჭრილები შედარებით უსაფრთხო ოთახებში გადაიყვანა. შემდეგ ერთგული გვარდიელებით გზა გადაუღობა ოქროთი და სხვა ძვირფასი ნივთებით ჯიბეებგატენილ ავაზაკებს, ნაძარცვიც წაართვა და ციხეშიც შეყარა.

თანაც სასახლის საცავებში ჩაიყვანა თავისი 16 წლის ვაჟი, ორი საიმედო გრენადერი ჩააყოლა და უბრძანა, ცოცხალი თავით არავინ შემოუშვათო. ამ საცავებში ინახებოდა უიშვიათესი იარაღის კოლექცია, რუსეთის იმპერატორის განთქმული მონომახის ქუდი, 185-კარატიანი ბრილიანტით მოოჭვილი სამეფო კვერთხი, ბრილიანტის დიდი ჯვრით დამშვენებული სამეფო გვირგვინი და სხვა უიშვიათესი განძეულობანი. ამ დროს ქალაქში მოთარეშე მძარცველებმა პირწმინდად გაძარცვეს მისი ბინა.

ამიტომაც დააფასა ლენინმა კნიაზი. ჯერ პეტერბურგის ოლქის ყველა სასახლის, მუზეუმისა და ისტორიულ ძეგლთა დაცვის მთავარ კომენდანტად დანიშნა და ის ეშელონიც ანდო, რომელსაც მოსკოვში გადაჰქონდა სახელმწიფო ბანკის ოქროს მარაგი. იმ დღეებში თეთრგვარდიელებმა შეუთვალეს, - თუ ეშელონს არ ჩაგვაბარებ, თავს დაგესხმებითო. დაესხნენ კიდეც, ტვერში, რკინიგზაზე, მაგრამ ამაოდ, - რუსეთს თავისი სიმდიდრე უკლებლივ ჩააბარა. მერე  კი მიატოვა - საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და თავის სამშობლოში გარდაიცვალა.

დღეს კი, კაცი, ვინც რუსეთის სიმდიდრის დაცვით მსოფლიო შედევრები დაიცვა, თითქმის აღარავის ახსოვს. არადა, მას არა მხოლოდ რუსეთი, კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის მსოფლიო უნდა მიაგებდეს პატივს!

მედეა თავდიშვილი