"თავის მოკვლა არ შემიძლია, მეშინია!" - კვირის პალიტრა

"თავის მოკვლა არ შემიძლია, მეშინია!"

"მარტო რომ ვარ, ისეთი აზრები მომდის, მეშინია, რაიმე საშინელება არ ჩავიდინო"

"ამ წერილს ჩემი ქალიშვილის სოციალური საცხოვრისიდან გწერთ. ის აქ მოიყვანა თავისმა უბედობამ, მე კი სიცოცხლის მწარე დასასრულმა. ერთ დროს კაცი ვიყავი, კარგი განათლებაც მქონდა, სამსახურიც, ოჯახიც, ახლა კი ისეთ შვილს ვაწვები კისერზე, რომელსაც თავად ვერ გაუხარია - 6 წლის უნარშეზღუდული შვილი ჰყავს, რომელიც მთელი სიცოცხლე ხელით უნდა ატაროს. ეს პატარა საცხოვრისიც მერიამ ხელშეკრულებით მისცა. ავადმყოფი შვილის პენსია წინასწარ გამოაქვს ბანკიდან და მისთვის წამალს ყიდულობს. ასეთ შვილს მეც დავაწექი ტვირთად ჩემი ავადმყოფობით, ასე რომ, ხშირად შიმშილის პირას ვართ. ზოგჯერ სიკვდილი მინდა, მაგრამ თავის მოკვლა არ შემიძლია, მეშინია! ჩემთვის ერთადერთი შვება, რომ ჩემს უბედო შვილს ცხოვრება შევუმსუბუქო, მოხუცთა სახლში გადასვლაა, მაგრამ არსად მიმიღეს - ადგილი არ გვაქვსო! გამწარებული თქვენ გწერთ - ბევრს დახმარებიხართ, იქნებ მეც მიშველოთ, მომიძებნოთ მოხუცთა სახლი, სადაც მიმიღებენ და დარჩენილ დღეებს მშვიდად დავასრულებ!

პატივისცემით, ჯემალ კაშია".

- ამ წერილმა იმდენად შემძრა, რომ დიდ დიღომში, სოციალურად დაუცველთა თავშესაფარში ჯემალ კაშია მოვძებნე. ციცქნა ოთახში სამი გაჭირვებული ადამიანი დამხვდა: 70 წლის ჯემალ კაშია, თავის თანდაყოლილი ტრავმით დაავადებული 6 წლის ლუკა და ჯემალ კაშიას ქალიშვილი ტატა - ცხოვრების უმძიმესი ტვირთით, რომელსაც ვერასოდეს მოიხსნის - შვილი მუდამ ხელჩაკიდებული უნდა ატაროს.

ჯემალ კაშია: "ჩემი დაქცევა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჩემს ვაჟსაც და ქალიშვილსაც ცხოვრება აერიათ. ვაჟი თაღლითს მიენდო. უთხრა, დიდ საქმეს დაგაწყებინებ, მაგრამ ამისთვის ფულია საჭირო, ბინა ბანკში ჩადეო. მანაც დაუჯერა და დაიღუპა, - ჭერი დავკარგეთ. ცოლ-შვილით ნაქირავებში გადავიდა და ნერვიულობისაგან მძიმე დიაბეტით დაავადდა, ქალიშვილი კი ფეხმძიმე მიატოვა ბავშვის მამამ, რომელსაც ავადმყოფი შვილის ამბავი არასოდეს უკითხავს. ჩემმა ქალიშვილმა სამი თავშესაფარი გამოიცვალა ავადმყოფი ბავშვით ხელში. დაიჭერდა პატარას ხელში, მიდიოდა ბინების დასალაგებლად, ბავშვს იქვე აძინებდა. ამ უბედურებაში ბიჭი ისე მძიმედ დაეწვა, ფეხზე თითები წააჭრეს. ამის გამო მერიამ ერთი ოთახი საცხოვრისი კი გამოუყო, მაგრამ მის გაჭირვებას ამით ვერ ეშველა... ბავშვი დამოუკიდებლად ვერ დადის, თავის ტვინში ცუდი მდგომარეობა აქვს - ტვინი თავის ქალას აწვება, ექიმებმა - არაფერი ეშველებაო... თვეში 60 ლარის წამალი სჭირდება. ჩემი პენსიაც წამლებში იხარჯება. ბოლო დროს ერთად 4 ოპერაცია გავიკეთე! ამ ტანჯვაში ახალგაზრდა ქალი მოხუცს დაემსგავსა. ავადმყოფი ბავშვით მადგა თავზე, ცალი ხელით შვილის ხელი ეჭირა, მეორით კი სტომას მიცვლიდა. ასე გამომაჯანმრთელა. პირველად ექიმმა გარეთ გაგდება დაუპირა, - ბავშვიანად პალატაში შემოსვლა არ შეიძლებაო, ის კი არ გადიოდა, - მამაჩემს ჩემ გარდა ვინ მოუვლისო. ასეთი წუთისოფელი მომცა განგებამ...

- ბავშვის დაავადების მიზეზი რა არის?

- ექიმები ამბობენ, სამშობიარო ტრავმაო. როცა ჩემს შვილებს გზა აერიათ, სამტრედიაში მოხუც დედასთან წავედი. მერე დედა ხელში ჩამაკვდა და შიში დამჩემდა. მარტო რომ ვარ, ისეთი აზრები მომდის, მეშინია, რაიმე საშინელება არ ჩავიდინო. გათბობას ვერ ვრთავთ - მერე რით გადავიხადოთ?! ბავშვს შინ ქურთუკი აცვია! ამის მაყურებელს სიცოცხლე აღარ მინდა... გარეთ რომ გადიან და საკუთარ ფიქრებთან მარტო ვრჩები, ვდარდობ - გაწამებულ შვილსა და შვილიშვილს ლუკმას ვართმევ-მეთქი. შვილს ვუთხარი, - მოხუცთა თავშესაფარში გადავალ, ტვირთად აღარ დაგაწვები, როცა მომენატრები, მოდი და მნახე-მეთქი, მაგრამ ვინ მიგიღო - თურმე ადგილები აღარ ყოფილა. ნეტა, ის ხალხი არ ფიქრობს დაბერებას, ვინც მთავრობაშია? ხომ არავინ იცის, ვის როგორი სიბერე ექნება!"

უმწეოთათვის გამოყოფილ საყოველთაოდ ნაცნობ კარავში ჯემალ კაშიას გაჩერება შეუძლებელია, - ოთხოპერაციაგადატანილი მოხუცი იქ დიდხანს ვერ გაძლებს. სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი მოხუცთა თავშესაფრების კარი კი მისთვის დაკეტილია. იმასაც აღვნიშნავთ, რომ ეს მხოლოდ ამ ადამიანის პრობლემა როდია, ცხოვრებისაგან გარიყულ საკმაოდ ბევრ მოხუცს თავშესაფრებში ღამის მშვიდად გატარება სანატრელი აქვს, მაგრამ იქიდან ცივი უარით ისტუმრებენ. ჩვენ კი ვთხოვთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, ჯემალ კაშიას თავშესაფარი გამოუძებნოს. ამით არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ ადამიანურ ვალსაც მოიხდის - არავინ იცის, ვის რა გველოდება!

P.S. ჩვენ დავუკავშირდით ჯანმრთელობის სამინისტროს და ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცნენ მოხუცები, რომლებიც სიდუხჭირის გამო თავშესაფრებში მოთავსებას ითხოვენ. გვიპასუხეს, რომ რაიონების სოციალურ სამსახურებში თავშესაფრებში მიღების მსურველთა გრძელი რიგებია. რიგის დარღვევა ხდება მხოლოდ გადაუდებლად მძიმე შემთხვევაში; ამიტომ მოხუცები მოთმინებით უნდა დაელოდონ, როდის გათავისუფლდება ადგილი თავშესაფარში(?!).