სოფელში გათხოვებას ვნანობ, მაგრამ ქმართან დაშორების მეშინია - კვირის პალიტრა

სოფელში გათხოვებას ვნანობ, მაგრამ ქმართან დაშორების მეშინია

"მინდოდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეცვლილიყო, ოღონდ არ ვიცოდი, რა."

"ჩვენი საძინებლის ფანჯარას შუშის ნაცვლად ცელოფანი ჰქონდა აკრული"

რედაქციაში რამდენიმე წერილი მოვიდა. უცვლელად გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს. 19 წლის ციცი სამი წელია სოფელშია გათხოვილი. ოჯახიდან წამოსვლა უნდა, მაგრამ ვერ ბედავს.

ციცი: ,,დედაჩემი დიასახლისია. მის შემყურეს ვეღარ წარმომედგინა, რომ ქალის ადგილი სამზარეულოს გარდა სხვაგანაც შეიძლება ყოფილიყო. მეცადინეობა ბავშვობიდან მეზარებოდა. დაწყებით კლასებში მშობლები მაძალებდნენ, მერე უკვე მკაცრად აღარ მაკონტროლებდნენ და მეც თავი დავანებე სწავლას. სილამაზით არ გამოვირჩეოდი, ამიტომ კლასსა და სკოლაში პოპულარული არ ვყოფილვარ. მეგობრებიც ცოტა მყავდა. თეკლე ჩემი კლასელი იყო (მოგვიანებით ჩემი მეჯვარე გახდა), ნია - მეზობელი. უფერული და მოსაწყენი ცხოვრება მქონდა. სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი, დედას საოჯახო საქმეში ვეხმარებოდი, მერე ცოტა ხანს ვსეირნობდი ან ოთახში წამოწოლილს უაზროდ გამყავდა დრო. არც უბედური ვიყავი, არც ბედნიერი. მინდოდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეცვლილიყო, ოღონდ არ ვიცოდი, რა.

მერე ინტერნეტით ბიჭი გავიცანი. თედო ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. ჯერ დავმეგობრდით, შემდეგ ერთმანეთი შეგვიყვარდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ძმაკაცი გამაცნო. მას წამოსცდა, თედო კახეთის ერთ სოფელში ცხოვრობსო, არადა, შეყვარებული მატყუებდა, თბილისელი ვარო. გული ძალიან მეტკინა. რამდენიმე დღე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ თედოსთვის ტყუილის პატიება შემეძლო. მეათე კლასში რომ გადავედი, თედომ მითხრა, ცოლად ხომ გამომყვებიო. ჩავთვალე, რომ სწორედ ოჯახი მჭირდებოდა.

გავიპარეთ. სოფელში რომ ჩამიყვანა, ელდა მეცა. პატარა ქოხი დამხვდა. დედამისმა რომ დამინახა, აშკარად დაიბნა, მერე გულდასმით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შინ შემიძღვა. ჩვენი საძინებლის ფანჯარას შუშის ნაცვლად ცელოფანი ჰქონდა აკრული (ჩემი კლასელების ნაჩუქარი ფულით ჩავდგით შუშა). იმ ღამეს ყური მოვკარი, თედოს დედამისი საყვედურობდა, - თბილისელი გოგო მოუვლის აქაურობასო?

ქორწილი არ გადაგვიხდია. ერთ კვირაში ჯვარი დავიწერეთ (თეკლე და ნია ჩამოვიდნენ) და პატარა სუფრა გავშალეთ. ჩემმა მშობლებმა სოფელში გათხოვება ვერ მაპატიეს და აღარც დაურეკავთ...

სიცოცხლე მაქვს გამწარებული. დედამთილი ჩემი კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებს. მე და თედოს შვილი არ გვყავს და სამკურნალოდ ექიმთან წასასვლელი ფულიც არ გვაქვს. მე და ჩემს ქმარს სალაპარაკოც გამოგველია, დღე შეიძლება ისე გავიდეს, სიტყვა არ ვუთხრათ ერთმანეთს.

კლასელებმა შარშან ბანკეტზე დამპატიჟეს და თბილისში უსახსრობის გამო ვერ ჩავედი. ძალიან უბედური ვარ.

ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი დაუფიქრებლობის შედეგია. მინდა ქმარს დავშორდე, მაგრამ სად წავიდე? მეშინია, რომ მშობლები არ მიმიღებენ. დედამ მაინც როგორ ამომიგდო გულიდან, ალბათ ჰგონია, ბედნიერი ვარ. არ ვიცი, ასე როდემდე გასტანს, ისიც არ ვიცი, გავუძლებ კი ამ ყველაფერს?..

თათული ღვინიანიძე