"ვერ გადავწყვიტე, დედ-მამა შევარიგო თუ არა" - კვირის პალიტრა

"ვერ გადავწყვიტე, დედ-მამა შევარიგო თუ არა"

"სიმართლე გითხრათ, მამის ნახვა არ გამხარებია. ის კი პირფერად ჩამეხუტა და მითხრა, შენი უმცროსი დაიკო გაიცანიო."

რედაქციაში 16 წლის ირაკლის წერილი მოვიდა. მოზარდი უჩვეულო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და მკითხველის დახმარება სჭირდება.

ირაკლი: - დედაჩემს (ცირას) და მამაჩემს (თენგოს) სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მამა თვეობით იკარგებოდა. 3 წლის წინ კი რუსეთში გადაიხვეწა. ახლახან, სკოლიდან შინ დაბრუნებულს თენგო სასტუმრო ოთახში დამხვდა. გვერდით 7-8 წლის გოგონა ეჯდა. დედას ნამტირალები თვალები დასივებოდა. სიმართლე გითხრათ, მამის ნახვა არ გამხარებია. ის კი პირფერად ჩამეხუტა და მითხრა, შენი უმცროსი დაიკო გაიცანიო. თურმე ადრე მამაჩემი ამ გოგონას დედის საყვარელი ყოფილა... 3 წლის წინ ის ქალი მამაჩემს დაუკავშირდა, ავად ვარო და ქალიშვილის შესახებაც უამბო. მთელი ეს დრო თენგო ავადმყოფს უვლიდა. გარდაიცვალა თუ არა, მამაჩემმა ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა და გოგონაც ჩამოიყვანა.

დედამ ბარგი ჩაალაგა და მშობლებთან გადავიდა. მეც თან გავყევი. მამაჩემი ყოველდღე სკოლასთან მაკითხავს და მეხვეწება, ცირასთან შემარიგეო. მარწმუნებს, რომ შეიცვალა, კარგი ქმარი და მამა იქნება. ამ ყველაფრის დაჯერება მიძნელდება. როგორ გგონიათ, ადამიანები მართლა იცვლებიან? სწორად მოვიქცევი, თუ დედაჩემს თენგოსთან დაბრუნებას ვთხოვ?

რა თქმა უნდა, მსურს ნორმალურ ოჯახში ვცხოვრობდე. მყავდეს დედ-მამა, თუმცა უსამართლობად მიმაჩნია, ცირას ამ გოგონასთან ცხოვრება დავაძალო. ის ხომ დედაჩემს სულ გაახსენებს მამაჩემის ღალატს.

თათული ღვინიანიძე