გახსოვდეს აგვისტო! - კვირის პალიტრა

გახსოვდეს აგვისტო!

ეს ახალგაზრდა ქართველის წერილია. ომმა მის თაობას დაღი დაასვა. ეს ის თაობაა, რომელიც არასოდეს დაივიწყებს, რომ სამშობლოს მუდამ ძლიერი მტერი ჰყავს! და აუცილებლად მოიფიქრებს, მას როგორ დახვდეს...

ქარიშხლისწინა სიჩუმეა. უეცრად ზაფხულის ღამეს ჭრიჭინების აბეზარი ჭრიჭინი აფრთხობს. სიმი იჭიმება. ტკივილი კრთება და... ომი იწყება.

ომი! ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ ახლა ვიგრძენი კიდეც.

ეიფორია!..

გამარჯვება და წინსვლა?! წარმატება საბედისწეროდ მაოცებს.

ხაფანგი?! არა, უბრალოდ, სიკვდილი, სიკვდილი და ნგრევა.

შიში?! არა, არარაობის შეგრძნება! უკონტროლობა. ჯარი - დაბნეული.

ხალხი დაზაფრული, ოჯახები დევნილი. ქვეყანა - სხვისი მოიმედე...

ღალატი!

ვჭირდებით, გვიყენებენ (ეს მერამდენედ!)

"სხვის სანაგვეზე ორი მამალი ჩხუბობს".

ორი ჩხუბობს? თუ ერთი ჩვენს მიწაზე ჩვენვე გვაჩხუბებს?

გაიყვეს! დაზავდნენ! მაგრამ ნადავლი ვერ გადაყლაპეს. ყელში აქვთ ჯერ კიდევ გაჩხერილი.

იქნებ დაიხრჩონ! ზღაპრული ამირანი გველეშაპის მუცელში...

დედები კივიან. ცოლები ტირიან. შვილები შიშით თრთიან.

საფლავები ბულდოზერებმა გათხარეს. მიწაც მიაყარეს...

ღირსების დაცემა? მკვდრებისა თუ ცოცხლების?

ვიღაცის გამარჯვების შეგრძნება. ვიღაცის დამარცხებით განგმირული გული.

ღირებულებათა გადაფასება.

ეჭვი: - გვქონდა კი ღირებულება?

"რაც ერი, ის ბერიო". "რაც მოგივა დავითაო..." (წარსულის ფესვები)

და უარესი ტკივილი: "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო".

"ოცდაათი ვერცხლი".

და... ბაზალეთის ტბის ყრმა - "მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა გმირი!.." ოცნება ძველია და მოქმედი.

საჭიროა გმირის ტრანსფორმაცია: მეტი ინდივიდუალურობა (არა მიმბაძველობა), ბრძნული მოქნილობა და შრომა (ჩვენი აქილევსის ქუსლი).

სერგი ხეცურიანი, ღვირიშის საჯარო სკოლის,

XI კლასის მოსწავლე