შეყვარებულისთვის დედაჩემის ოქროულობა მოვიპარე - კვირის პალიტრა

შეყვარებულისთვის დედაჩემის ოქროულობა მოვიპარე

მშობლებისთვის სიმართლის გამხელის მეშინია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

იმეილზე მომივიდა 15 წლის ნანოს წერილი, რომელმაც შეყვარებულის გამო ოჯახიდან ოქრო მოიპარა და ბიჭს დასალომბარდებლად მისცა. გოგონას დედამ შენიშნა, რომ სამკაულები დაიკარგა. თინეიჯერს ვერ გადაუწყვეტია, მშობლებს გამოუტყდეს თუ არა.

ნანო: - მე და მათე 9 თვეა, შეყვარებულები ვართ. მათე ჩემზე სამი წლით უფროსია. ერთმანეთი უბანში გავიცანით. სამი თვის წინ შევნიშნე, რომ უგუნებობა დასჩემდა, ხშირად აღარ მნახულობდა, სალაპარაკოსაც ვეღარ ვპოულობდით. ამას ძალიან განვიცდიდი. ვიფიქრე, მათეს გული გაუცივდა-მეთქი. მოგვიანებით მისმა ძმაკაცებმა მითხრეს, ფინანსური პრობლემები აქვსო. ამის თაობაზე დალაპარაკება ვცადე, მაგრამ მომახალა, - ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ყოფო. ერთი კვირის შემდეგ მესიჯი მომწერა, - ფული ძალიან მჭირდება და ხომ ვერ დამეხმარებიო. მივხვდი, რომ გამოუვალ მდგომარეობაში იყო, თორემ მომხდარის შემდეგ ფულის სათხოვნელად ჩემთან არ მოვიდოდა. მაშინვე ვუთხარი, დასალომბარდებლად ოქროს მოგცემ, ოღონდ უსათუოდ უნდა დააბრუნო-მეთქი. მეორე დღეს ჩემი მშობლები სამსახურში წავიდნენ თუ არა, დედის დამალული სამკაულები მოვიპარე და მათეს შევხვდი.

გადიოდა დრო. მათე მეუბნებოდა, ლომბარდის პროცენტს ვიხდი, მაგრამ ოქროს გამოსატანად ფული არ მაქვსო. მეშინოდა, დედას ოქროულობა არ შეემოწმებინა. ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი შიში გამართლდა კიდეც. წინა კვირას დედაჩემი ქორწილში უნდა წასულიყო, გამოიპრანჭა, მერე სამკაულების გაკეთება მოინდომა. ზარდახშა გადმოიღო. მაშინვე შენიშნა, რომ საყურეები და ყელსაბამი აკლდა. ჯერ მე მკითხა, ოქროსთვის ხელი ხომ არ გიხლიაო, მერე - ოჯახის ყველა წევრს. ეჭვი მამაჩემის უმცროს ძმაზე მიიტანეს, რომელმაც ტოტალიზატორის გამო ნივთები რამდენჯერმე დაუკითხავად გაიტანა სახლიდან. მამა ბიძაჩემს ეჩხუბა, ის კი პროტესტის ნიშნად შინიდან წავიდა. მათეს მომხდარი მოვუყევი, დამპირდა, რომ ოქროულობას გამოიტანდა, თუმცა იმ ღამესვე გამომიტყდა (მესიჯით), ოქრო დაკარგულიაო. აღმოჩნდა, რომ პროცენტის ფულს ვერ იხდიდა. შეიძლება გაყიდა კიდეც. ძალიან მეწყინა. მისი საქციელი ღალატად ჩავთვალე და დავშორდი. მშობლებისთვის სიმართლის გამხელის მეშინია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

თათული ღვინიანიძე