როდის ვისწავლით, ქართველებო? - კვირის პალიტრა

როდის ვისწავლით, ქართველებო?

რამდენიმე ხნის წინ მკითხველს მათემატიკოს გია კვაშილავას საინტერესო ინტერვიუ შევთავაზეთ. ამ მეცნიერმა ფაქტობრივად სასწაული მოახდინა, - გაშიფრა კრეტის კუნძულზე, მიწისძვრით იავარქმნილ ქალაქ ფესტოსში აღმოჩენილი 4000-3500 წლის დისკოს წარწერა. ამ საიდუმლოს ამოხსნას მსოფლიოს დიდი მეცნიერები ცდილობდნენ.

იმასაც ვწერდით, ასეთი მეცნიერის ნაშრომები ჩვენს ქვეყანაში არ აინტერესებთ, არავინ აფინანსებსო.

ამ წერილით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვის არ ვპატრონობთ. იქნებ ახლა მაინც გამოჩნდეს ამ ნიჭიერი კაცის დამხმარე!

აი, როგორ აჯობა მარტვილში გაზრდილმა ბიჭმა მსოფლიოს დიდ მეცნიერებს. ალბათ ნიჭთან ერთად გენეტიკური ცნობიერებაც დაეხმარა, რომ ათასწლეულების საიდუმლოში ჩაეხედა და მტკიცედ განეცხადებინა, - დისკოსზე უძველესი პროტო-ქართველური ენით დაწერილი სონეტებია, რომელსაც კოლხები დიდ ქალღმერთსა და დედას, ნენანას უგალობენო!

როგორი მოსაფიქრებელია და საამაყო, რომ ძველ კოლხებს თავისი სამწერლო ნიშნები ჰქონდათ და თანაც სონეტებს წერდნენ! ეს დიდი აღმოჩენა იოლად არ მოსულა - გია კვესელავამ ამის დასამტკიცებლად 17 წელიწადი იშრომა - 16 წლისამ დაიწყო და 33-სამ დაამთავრა ერისთვის უდიდესი საქმის კეთება. შემიძლია მოვიყვანო, რას წერდნენ მსოფლიო მკვლევარები ლონდონის სამეფო აკადემიაში გია კვაშილავას მოხსენების მოსმენის შემდეგ:

ბრიტანელი დოქტორი პიტერ კლეიტონი: "თქვენი მოხსენება გამორჩეულად საინტერესოა. მას დიდი კამათი მოჰყვება. დოქტორი აიზენბერგი, დოქტორი მერონი და მე მივესალმებით თქვენ მიერ კონფერენციის მუშაობაში შეტანილ ამ დიდ წვლილს!"

დოქტორი ჯერომ აიზენბერგი (აშშ): "თქვენი მოხსენება ბრწყინვალე და სრულიად განსაცვიფრებელი იყო!"

დოქტორი დიტერ რუმფელი (გერმანია): "ძალიან ვაფასებ თქვენს სამეცნიერო თვალსაზრისს, ცოდნასა და ძალისხმევას. რამდენადაც ვიცი, თქვენ დისკოს ერთადერთი მკვლევარი ხართ, რომელმაც გაბედა და თავის გამოკვლევაში ჩართო მითოლოგიური პერსონაჟები."

დოქტორი ი. ციგენფუსი (ავსტრია): "თქვენ გმართებთ მოთმინება და სიმტკიცე. სწორ გზას ადგახართ და საბოლოოდ გაღიარებენ!"

დოქტორი რ. სპროუტი (აშშ): "მეტად საინტერესოდ მომეჩვენა თქვენი ანალიზი ნიშანთა როტაციაზე, რომელსაც განმასხვავებელი ფუნქცია აქვს... თუ ეს დისკოს დამახასიათებელი ნიშანია, დისკოს წარწერა კიდევ უფრო უჩვეულო აღმოჩნდება, ვიდრე აქამდე გვეგონა!"

...ალბათ ამის მოსმენაზე სიხარულით საფლავში გადაბრუნდებოდა ავსტრიელი მკვლევარი ჰერბერტ ძებიში, - კერძოდ მან ივარაუდა ფესტოსის დისკოს კოლხურად წაკითხვა და სწორედ ამან მისცა საფუძველი მაშინ სრულიად ახალგაზრდა ქართველ ყმაწვილს, კვლევა დაეწყო! ეს კვლევა გამარჯვებით დაგვირგვინდა, თუმცა საქართველოში, ვისაც ამ აღმოჩენის პატრონობა და მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენა შეუძლია, დიდად არავის "გაუოცებია"; არადა, სად, რომელ ერში უნდა გაკეთებულიყო ასეთი აღმოჩენა, რომ მსოფლიო არ შეეწრიალებინა, - ნახეთ, ვინ ვარო. მხოლოდ ერთი მცირე კონფერენცია ჩატარდა კინოს სახლში ამ თემაზე. პირადად მე ამ კონფერენციიდან ამ ტკივილითა და თან სიამაყით წამოვედი.

როდის ვისწავლით, ქართველებო, ნამდვილი ღირებულებების ფასს?!

ზაურ ფიფია