"გთხოვ, მომწერო, რომ ცოცხალი ხარ!"
07-03-2016
"გთხოვ, მომწერო, რომ ცოცხალი ხარ!"
"ძვირფასო იტა, 50 წელი ცოტა აღმოჩნდა­ იმისთვის, რომ მეგობრებს ერთმანეთი გვეპოვა და კვლავ ერთად გვემღერა "თბილისო" და "ზლატა პრაღა"

- გვწერდით, რომ ეს ამბავი პოლი­ტექნიკური ინსტიტუტის ჯაზში ყოფნისას შეგემთხვათ. ცნობილია, რომ ეს იყო პირველი ჯაზანსამბლი საქართველოში.
- ლამაზი ანსამბლი გვქონდა - 18-20 წლის ბიჭები შეგვარჩიეს და დავცხეთ! მხოლოდ 2 გოგონა გვყავდა, ორივე ვარსკვლავი - ჯილდა დათუაშვილი და ნანი ბრეგვაძე! საქართველოში ბევრი მსმენელი და თაყვანისმცემელი გვყავდა, მაგრამ ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ
ჰქონდა, როცა 1966 წელს ჩეხეთში გაგვიშვეს - იმ დროს ჩვენი ტოლა ბიჭებისთვის უცხოეთში წასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ხაშურელი ბიჭი უცხოეთში მივემგზავრებოდი და თანაც იქ, დედაქალაქში, მეგობარი გოგონა მელოდებოდა.

- თუ უცხოეთში წასვლის ნებას არ გაძლევდნენ, მეგობარი გოგონა როგორ გყავდათ?

- ფოსტით ვგზავნიდით წერილს რომელიმე სოციალისტური
ქვეყნის სკოლაში ან ინსტიტუტში და ჩვენი თანატოლები გვპასუხობდნენ. ასეთი მიწერ-მოწერა ჰქონდა პრაღის უნივერსიტეტში იტა იუკოვასთან ჩემს ჯგუფელ დალი ნიკოლაიშვილს, რომელიც მეც გამაცნო... მოკლედ, მივდივარ პრაღაში და მიპყრობს იტასთან შეხვედრის სიხარული - როგორ დამხვდება, როგორი იქნება! საოცრება გამოდგა. მარტო იტამ კი არა, მთელმა მისმა ოჯახმა გაშლილი სუფრა დამახვედრა. ცოტა რომ დავლიე, მასპინძლებთან ერთად "თბილისო" და "ზლატა პრაღა" დავაგუგუნე - ასე რომ, მოვხიბლეთ ერთმანეთი.

იტა ჩვენს კონცერტზე დავპატიჟე პრაღის ოპერის თეატრში... მანამდე კი ბედმა­ იტა კონცერტამდეც შემახვედრა. როცა მასთან მივედი, ერთი კოლოფი შოკოლადი წავუღე, მაგრამ მისი ნახვით აღელვებულმა ჰოლში დავდე და მერე მისი არსებობა გადამავიწყდა. მეორე დღეს დამირეკა სასტუმროში, - რაღაც დაგრჩა, მოგიტანო. ის რაღაც ჩემი მიტანილი შოკოლადი აღმოჩნდა, რომელიც ორივემ ერთად მივირთვით, როცა პრაღის ულამაზესი ადგილები მომატარა. ჩვენი ერთადერთი ფოტოც იმ დღეს გადავიღეთ - ფოტოგრაფმა თავი ერთმანეთისთვის მიგვადებინა და "ჩიტიც გამოფრინდა". მომდევნო შეხვედრა თბილისში დავთქვით - იტა უნდა ჩამოსულიყო... მაგრამ სულ ტყუილად. 1968 წელი იყო, პრაღაში საყოველთაო მღელვარება დაიწყო და ამ ულამაზესი ქალაქის ქუჩებში რუსული ტანკები შევიდნენ.
ვურეკავდი იტას და არავინ მპასუხობდა.­ ვწერდი და პასუხი არ მიბრუნდებოდა. მერე შემთხვევით გავიგე, რომ იმ არეულობისას იტას ოჯახს ქალაქი დაუტოვებია. ასე ჩამრჩა სამუდამოდ გულში პრაღა, იტა და მისი ოჯახი... მერე კი მეც კარგი ოჯახი შევქმენი.

- როცა ამ ამბავს თქვენი მეუღლე წაიკითხავს, არ ეწყინება?
- რას უშლის 50 წლის წინანდელი ამბავი... მხოლოდ ის მინდა გავიგო, რა მოუვიდა გოგონას, რომელთანაც ვმეგობრობდი.
ჩეხეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს,­ საელჩოც გვაქვს, ხომ შეიძლება, თქვენი გაზეთი ვინმე ისეთმა წაიკითხოს, რომელიც იტას იცნობს და ხმა მომაწვდინოს.
ასე რომ: "ძვირფასო იტა, 50 წელი ცოტა აღმოჩნდა­ იმისთვის, რომ მეგობრებს ერთმანეთი გვეპოვა და კვლავ ერთად გვემღერა "თბილისო" და "ზლატა პრაღა". თუ ეს წერილი შენამდე მოაღწევს, გთხოვ, გამაგებინო, რომ ცოცხალი ხარ!
ნიკო მუმლაძე"
ციური
29 მარტი 2016 18:28
როგორ მაინტერესებს....ნახავენ ერთმანეთს??? დაწერეთ...
mari
29 მარტი 2016 14:20
მთლად მასეც არ იყო, ძნელად მაგრამ მაინც ახერხებდა ხალხი და დადიოდა :)
nino
29 მარტი 2016 11:01
კი ძალიან კაი მოგონება წავიკიტხე, მარტლა იმ დროს ვინ გაგისჰვებდა საზვარგარეტ?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?