"თურქეთში დარჩენილ ტაძრებს მივტირით, აქ კი ვანადგურებთ" - კვირის პალიტრა

"თურქეთში დარჩენილ ტაძრებს მივტირით, აქ კი ვანადგურებთ"

"ჩემო კარგო რედაქციავ, ვიცი, ჩემი თხოვნაც არ იქნებოდა საჭირო, ამაზე თავადაც დაწერდით, ბარაკონის ტაძრის შემოგარენი რომ გენახათ. დაწყებითი განათლება ამ

ულამაზესი ტაძრის ახლოს, სკოლად გადაკეთებულ ერისთავების სასახლეში მივიღე და კარგად მახსოვს, იქაურობას, ხალხი რწმენის აკრძალვის მიუხედავად, უვლიდა. ახლა კი, ბარაკონის გზას რომ დაადგები, ეკალბარდს ვეღარ გაუხვალ. უფრო გულის მომკვლელი ის არის, რომ შამბნარმა დაფარა ბარაკონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ლუხუნის პირას მდებარე უძველესი წმინდა გიორგის ტაძრის ნანგრევებიც.

ასაკოვანი კაცი ვარ და, საუბედუროდ, თავად ვერ შევძლებ ეს შამბნარი ავკაფო. გული მტკივა, რომ არც სოფელი გამოუჩნდა აქაურობას გულშემატკივრად და არც მთავრობა. დავიწყებულია ბარაკონის გაღმა, ქედზე მდებარე მინდაციხეც. ციხეც აღსადგენია და მისი გზაც გასაკაფი. ეს ციხე XII საუკუნეში რაჭის ერისთავს, კახაბერს აუგია პატარა თამარისთვის. მომავალ მეფეს თურმე ერისთავი ზრდიდა. ერთ დღეს იმ მთაზე ასვლა უნებებია, სადაც ახლა ციხე დგას. ერისთავს თამარისთვის უთქვამს, ორი კვირა მაცალეო და მთამდე გზაც გაუჭრია და ეკალბარდიც აუკაფავს, მერე თამარიც აუყვანია. თამარს ისე მოსწონებია იქაურობა, უთქვამს, - აქ ციხის აშენება მინდაო. ციხეც მალე აუშენებია ერისთავს. ამიტომაც ჰქვია მას მინდაციხე... ახლა ორი კვირა არა და, წლები გადის და ვერც მინდაციხეს ვუვლით და წმინდა გიორგის ეკლესიის კედლებსაც წყალს ვატანთ. ვერ გამიგია, რა ხდება, - თურქეთის საზღვრებში დარჩენილ ტაძრებს მივტირით და რაც თვალწინ გვაქვს, იმას ვანადგურებთ?!

პატივისცემით, დავით გოგობერიშვილი".

P.S. ბატონი დავითის ეს ტკივილი, თუ ოდნავ სამშობლოს გულშემატკივრობ, შეუძლებელია, არ გაიზიარო. მართლა რა გვჭირს? ნუთუ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკში ვართ მაგრები? თუ არადა, რას უნდა მიეწეროს, რომ სოფელი წესი ტაძრის გზაზე შამბნარს ვერ ხედავს? ბარაკონის მოძღვარმა, მამა დავითმაც ბრძანა, - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია ქრისტეს გზაზე შესადგომად, მაგრამ რახან სოფელმა, ღვთის მადლით, ტაძრისკენ მოიხედა, ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდებაო. ჩვენც ამის იმედი გვაქვს. არ შეიძლება ყოველივე სხვას, ამ შემთხვევაში მთავრობას დააბრალო. მთავრობას თავისიც ეყოფა, - ქართული ეკლესია-მონასტრები და ციხე-ტაძრები, თითქმის ყველა შველას ითხოვს და მთავრობის კისერზეა. ბარაკონის მოძღვარმა ისიც ბრძანა, - წმინდა გიორგის ტაძრის კედლები, რომელზეც თქვენი ავტორი გწერთ, წყალს მიაქვს და თუ სახელმწიფომ არ უშველა, მისგან აღარაფერი დარჩებო.

როგორი საქმეა, ცხრა საუკუნეგამოვლილი ძეგლი მაინცდამაინც შენი თაობის ხელში რომ წაიქცევა! ჩვენ კულტურის სამინისტროს წარსულის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსს, ბატონ ნიკოლოზ ანთიძეს დავუკავშირდით.

- უნდა დაგვერწმუნოთ, რომ ეს ამბავი ჩვენც გვაღელვებს. სამწუხაროდ, დაზიანებული ძეგლი იმდენი გვაქვს, ყველას ერთად ვერ მივეპატრონებით. ამიტომ პირველ რიგში იმ ტაძრებს აღვადგენთ, რომელსაც თუ არ მივეშველეთ, მალე ჩამოიშლება. ციხეების აღდგენა ჯერჯერობით შეჩერებულია. მათი აღდგენის პროექტი კომპანია "ტაძარს" ეკუთვნის. ეს კულტურის სამინისტროს და კერძო ორგანიზაციების ერთდროულად დაფუძნებული კომპანია გახლავთ, მაგრამ მისი საქმიანობა, სამწუხაროდ, ომმა შეაჩერა.

- ომმა ბევრი რამ შეაჩერა, ბატონო ნიკა, მაგრამ ეს შთამომავლობასთან ვერ გაგვამართლებს, თუ მინდაციხე და მისი მსგავსი ციხეები დაინგრევა.

- ვიცი, რომ კომპანია "ტაძარი" საქმიანობის აღდგენას მალე აპირებს.

- ბრძანეთ, ჯერჯერობით მხოლოდ ტაძრებს აღვადგენთო, მაგრამ ბევრი ტაძრის კედლებს არანაკლები ისტორიული ღირებულება აქვს. რაჭაში უძველესი წმინდა გიორგის ტაძრის კედლები წყალს მიაქვს. ის თავის რიგს ვერ დაელოდება, დაიქცევა.

- რა ბრძანეთ, სად არის?

- ამბროლაურში, ბატონო ნიკა.

- ასეთ შემთხვევაში, გპირდებით, იქ მუშა-ჯგუფს გავუშვებთ, მდგომარეობას შეისწავლიან და აუცილებლად რაიმეს ვიღონებთ.

დარწმუნებული ვართ, ბატონი ნიკა ამას აუცილებლად გააკეთებს. ჩვენი წერილის ავტორს კი იმით მაინც გავახარებთ, რაც ამბროლაურის რაიონის გამგებელმა, კახა ჯაფარიძემ გვითხრა, - თვე-ნახევარია ბარაკონზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.