ყველას უთხარით! - კვირის პალიტრა

ყველას უთხარით!

"სხვებისთვის ჭკუის დარიგება არასდროს მყვარებია, მაგრამ ხშირად ისეთ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, მითქვამს, ეს ყველას უნდა უამბო, რომ დაფიქრდნენ-მეთქი.

ერთმა ასეთმა ამბავმა წერილის მოწერა გადამაწყვეტინა...  ახალგაზრდობაში სამსახურიდან თავისუფალ დროს მოხუცებისგან ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს ვიწერდი. ერთ-ერთ სოფელში შემხვედრ მამაკაცებს ვკითხე, აქ ყველაზე ხანდაზმული ვინ არის, ვისაც ძველი ამბების მოყოლა შეუძლია-მეთქი. ას წელს გადაცილებულ მოხუცზე მითხრეს, - მეხსიერებაც კარგი აქვს და ბევრ რამესაც მოგიყვებაო. მივედი, სტუმრობის მიზეზი ვუთხარი. ჩაფიქრდა. მერე ერთი-ორი ლექსი მითხრა და უცებ მომიბრუნდა: - ახლა მთავარს გეტყვი, ყველაფერი ჩაწერე, რომ რაც შეიძლება ბევრმა გაიგოსო და აი, რა მიამბო: ახალგაზრდობისას დახელოვნებული ქურდი ვიყავი, ყველაფერს ვიპარავდი, რაც შემეძლო: ცხენს, ძროხას, ცხვარს, თხას. ყველაფერი შემრჩა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ხელსწრაფი ვიყავი. ერთხელ ჭედილა მოვიპარე და მისი პატრონი რომ კვალში ჩამიდგა, მის მოსვლამდე დავკალი, გავატყავე და საარყე ქვაბით ცეცხლზე შემოვდგი. ჩემს ჭიშკარს რომ მოადგა, დაიჟინა, - ჩემი ცხვარი აქ უნდა იყოსო, მაგრამ მიიარ-მოიარა და ცეცხლზე შემომდგარი საარყე ქვაბის გარდა ვერაფერი ნახა. რას იფიქრებდა, მისი ცხვარი თუ იხარშებოდა. ესეც შემრჩა...  მაგრამ სიბერეში მოჩვენებები დამჩემდა, წავთვლემ თუ არა, ჩემკენ მოდიან ჩემი მოპარული ცხენები - ჭიხვინით, ძროხები და ცხვრები - ბღავილით, თხები - კიკინით და ლამისაა შევიშალო.

გამჩენ ღმერთს ვევედრები: მოიღოს მოწყალება, წამიყვანოს და მომასვენოს, მაგრამ სიკვდილი არა და არ მოდის. ასე ვიტანჯები, მაგრამ მე აწი რაღა მეშველება, ჩემიანებს კი ანდერძად ვუტოვებ, რაც უნდა გაუჭირდეთ, გროშიც არასოდეს აიღონ სხვისი, თორემ სიბერე ჩემსავით გაუმწარდებათ...

მისმა ნაამბობმა დამაფიქრა და დამამწუხრა. ვწუხვარ, რომ მოხუცს თხოვნა ვერ შევუსრულე, - ჩემი ამბავი ყველას  მოუყევი, იქნებ გაითვალისწინონო. ძვირფასო რედაქციავ, ეგებ დამეხმაროთ და ეს ამბავი "კვირის პალიტრაში" დაბეჭდოთ. თქვენთან მაინც ხომ ყველა წაიკითხავს.

პატივისცემით, ვახტანგ ცოტნიაშვილი".