"თუ ბრძოლას ვერ მოვიგებ, შერცხვენილი ჰერის სახელი ხომ მაინც არ მექნება!"
21-03-2016
"თუ ბრძოლას ვერ მოვიგებ, შერცხვენილი ჰერის სახელი ხომ მაინც არ მექნება!"
"იმ დღეს რა დამავიწყებს, - ჩვენს ეზოში ტრაქტორს მამაჩემი და ბიძაჩემი დაუწვნენ. მძღოლი არც შეჩერებულა, ორივე ტრაქტორის ციცხვით აიყვანა და განზე გადაყარა... "

ვისაც საინგილოში ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი, ასმაგად განუახლდება მიწის დაკარგვის ტკივილი და ამ მიწის მკვიდრ­ თანამემამულეებზე დარდი... ეს განცდა საზღვრის გადაულახავადაც თან უნდა გდევდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი ახსოვს, მათ შორის ხელისუფალთაც. ამიტომაც, სწორედ მათ მოვუწოდებთ:­ თუ საინგილოში ჩასვლა გეზარებათ (რაც შეუძლებელი
სულაც არ არის), მოკვეთილი ჰერეთის საზღვართან მაინც მიბრძანდით. იქნებ მაშინ დაფიქრდეთ, რატომ უნდა ამოუდგეთ ჰერებს მხარში. სხვათა შორის, აზერბაიჯანის მთავრობა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ყოველთვის გვერდით უდგას.

სლავა ალაყულაშვილის და კახში მცხოვრებთა ამბავი კი ამ საზღვრის "ფრაგმენტად" მოგვაქვს - მასაც და სხვა ჰერებსაც უპირველესად,
საკუთარი სამშობლოს დედინაცვლობა აიძულებთ, რომ ჰერეთის მიწა სხვა ინგილოებთან ერთად მიატოვონ. შეგვძრა მისმა ამბავმა - თუ როგორ იქცა სხვა ჰერებთან ერთად ჰერეთიდან ლტოლვილად.

- ისტორიულ ჰერეთში ქართველების მიზანმიმართული შევიწროება, საუბედ­უროდ, ახლა არ დაწყებულა. კაცს, რომელიც ჰერეთში ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიურად ვიბრძვი, ამ თემაზე ლაპარაკი მანადგურებს.­ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს აზერბაიჯანული და ქართული მთავრობები ერთად იცავენ, ჰერები კი ორივემ მოგვიცილა თავიდან. საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე ლაპარაკს ან გაურბის აზერბაიჯანელებთან, ან ეზარებათ თავის ატკივება.

- თქვენი ოჯახის ჰერეთიდან ლტოლვილობის საბაბი რა გახდა?
- არა მხოლოდ ჩემი!.. კახის ცენტრში მოსახლე კიდევ 12 ქართული ოჯახი, უმძიმეს დღეშია, მშობლიური კერიდან აყრა უჭირს... ეს ასე დაიწყო: ზუსტად 30 წლის წინ მოგვადგა კახის ცენტრში მცხოვრებ 12 ქართულ ოჯახს ადგილობრივი აზერბაიჯანული მთავრობა, - თქვენი საცხოვრებლების ადგილზე კორპუსი უნდა ავაშენოთ, თქვენ კი მიწის საყიდლად და სახლის ასაშენებლად ფულს მოგცემთო. იმ დროს კორპუსების მშენებლობა აზერბაიჯანში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ასე რომ, რაიმე ცუდზე არც გვიფიქრია, ისე დავთანხმდით ამ წინადადებას. იმ დღესვე­ ნაცნობმა აზერბაიჯანელმა მითხრა, - ვიცი, რომ მთავრობა ქართველებისთვის, კომპენსაციის მოცემას არ აპირებს, ამიტომ სახლები­ არ დათმოთო.
თორმეტივე ოჯახი კახის პრეფექტურაში მივედით და ვუთხარით, - სახლ-კარის დატოვებას არ ვაპირებთ, მაგრამ მერე რა... ერთ დღეს, როცა ხალხი სამუშაოზე იყო გასული, ჩვენი ეზოები ტრაქტორებით შემოლეწეს და ყველაფრის ნგრევა დაიწყეს. იმ დღეს რა დამავიწყებს, - ჩვენს ეზოში ტრაქტორს მამაჩემი და ბიძაჩემი დაუწვნენ. მძღოლი არც შეჩერებულა, ორივე ტრაქტორის ციცხვით აიყვანა და განზე გადაყარა...
მერე ინგილოები დავდექით ერთად და იძულებულები გახდნენ, შეჩერებულიყვნენ. მაგრამ ერთი წლის შემდეგ 12-ვე ოჯახს კუთვნილი მიწის ნახევარი მაინც წაგვართვეს და ხუთსართულიანი კორპუსი ააშენეს.

- ამ ხუთსართულიან კორპუსს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?
- იქ აზერბაიჯანელი მოსახლეობა შეასახლეს. 2007 წელს აზერბაიჯანში ხელისუფლებამ მოითხოვა, ქვეყანაში საკუთრების დაკანონება თავიდან დაწყებულიყო. ამისთვის ჩვენც მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. გვითხრეს, - მიწას ვერ დაგიკანონებთ, რადგან ძველ საბუთებში ბევრად მეტი საკუთრება გიწერიათ, ვიდრე ამჟამად გაქვთ (ანუ ჩვენთვის წართმეული მიწა, რომელზეც კორპუსი ააშენეს, ოფიციალურად დოკუმენტაციაში არც შეუტანიათ!), თუ მიწის დაკანონება გინდათ, სასა­მართლოს უნდა მიმართოთ. ის თქვენი მიწის "გაუჩინარებას" დოკ­უმენტურად დაადასტურებს, თან კომპენსაციასაც მოგცემთო. მივმართეთ... მოსამართლე დამპირდა,­ დარჩენილ მიწასაც დაგიკანონებ, მთავრობას წართმეულისთვისაც მოვაცემინებ კომპენსაციას, მაგრამ 5.000 დოლარი უნდა გადამიხადოო.

- ეს თანხა აზერბაიჯანში სასამართლო პროცესის ოფიციალურ გადასახადად ითვლება?
- გვითხრა, ამ ფულიდან ოფიციალ­ურად გადასახადი 1.500 დოლარიაო. ამ თანხის მიცემის შემდეგ დანარჩენის სასწრაფოდ მიტანაც მომთხოვა. 3.500 დოლარი საიდან მექნებოდა?! ამიტომ მოსამართლესთან ჩხუბი მომივიდა. დამემუქრა, - ჭკუით იყავი, თორემ შენც წაგართმევ ყველაფერს და დანარჩენ ინგილოებსაც დავტოვებ უსახლკაროდო! გამიწყდა მოთმინების ძაფი. ჰერების მიმართ ჩადენილი ბევრი უსამართლობა მქონდა ჩაგუბებული... ასე ვიქეცი ჰერების მიმართ ჩადენილი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლად. როგორ არ უნდა ვქცეულიყავი - ოღონდ ის არ გვეხსენებინა­, რომ ქართველები ვიყავით და გვითხრეს, პასპორტებში ჩაგიწერთ, რომ ინგილოები ხართო. ეკლესიები დაგვიკეტეს, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი ძველ ალბანურ ძეგლად გამოაცხადეს, ჩვენი ერთადერთი მოძღვარი აიძულეს, ჰერეთიდან წასულიყო, რის გამოც ქრისტიანულად ვერც მიცვალებულს ვკრძალავთ და ვერც ბავშვს ვნათლავთ.

- ამ ბრძოლას რა გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ ხელისუფლებაში?
- ჩემი დევნა. აზერბაიჯანიდან წელიწადია, წამოსული ვარ.

- დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას არ მიმართეთ?

- ლტოლვილი ვარ მთელ ჰერეთთან ერთად და უკვე აღარ ვიცი, საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ჰერეთი და ჰერები აღარ არსებობდნენ, თუ აზერბაიჯანისას. ლამის საქართველოს მთელ მთავრობას მივწერე წერილები, - მიაწვდინეთ ხმა ალიევს, მოსთხოვეთ რეაგირება ჰერებისთვის მიწების წართმევაზე, ჩვენი ეკლესიების დახურვაზე-მეთქი. მპასუხობენ, - ჩვენ პარტნიორი ქვეყნები ვართო. მე ხომ არ ვითხოვ, ომი გამოუცხადეთ-მეთქი?
თუ საქართველოში ნებისმიერი აზერბაიჯანელის უფლებების დარღვევაზე ერთი ამბავი ატყდება ხოლმე, ჩვენ, აზერბაიჯანის საზღვრებში მოქცეულმა ქართველებმა, რა დავაშავეთ?

- თბილისში სად ცხოვრობთ?

- ხან ერთ ნათესავთან, ხან მეორესთან. თავის რჩენა არ გამიჭირდება - ხელოსანი ვარ, მაგრამ ფეხს ვერსად ვადგამ, რადგან საქართველოს მთავრობა სულ მატყუებს, ახლა მოვაგვარებთ შენს პრობლემასო. ყველა მატყუებს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრიდან დაწყებული... აფხაზეთში ნაომარი ვარ და ასეთი სამშობლოსთვის არ მიბრძოლია, ამიტომაც ორივე მთავრობასთან ბრძოლას, სანამ ვიქნები, მანამ ვაპირებ. თუ ვერ მოვიგებ, მაშინ შერცხვენილი ჰერის სახელი ხომ მაინც არ მექნება!

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი თანამემამულის პრობლემის გასარკვევად მივმართეთ ყველა იმ სამინისტროსა და ორგანიზაციას, რომელთაც მან ერთი წლის განმავლობაში დახმარებისათვის მიმართა, მათ შორის, რეინტეგრაციისა და დიასპორის სამინისტროსაც. ამ უკანასკნელთა განცხადებით აღნიშნულ თემაზე მათ უფლებამოსილება არ გააჩნიათ; შესაბამისად, დიასპორის სამინისტრომ ზემოხსენებული პირი დევნილთა სამინისტროში, პრეზიდენტის აპარატსა და სახალხო დამცველთან გადაამისამართა. მათგან პრობლემის მოგვარება დევნილთა სამინისტროს პრეროგატივაში აღმოჩნდა, სადაც სლავა ალაყულაშვილმა განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შეიტანა. როგორც სამინისტროში გაგვიმარტეს, მსგავსი საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად სამინისტროს მიცემული აქვს 9 თვე, რაც გასული წლის ოქტომბრიდან არ გასულა. თუმცა საუბრის ბოლოს დადგინდა, რომ სლავა ალაყულაშვილის საკითხს სამინისტრო 3-4 დღეში გაიტანს კომისიაზე; რის შედეგადად, სავარაუდოდ, მას მარტყოფში მიეცემა თავშესაფარი.
თემო
03 ივნისი 2016 09:58
სტატიის ავტორს ვთხოვ ეგებ რამენაირად მომაწოდოს ამ ადამიანის საკონტაქტო მონაცემები. 571 73 38 74 ძალიან გთხოვთ მინდა მხარში დავუდგე
მიხეილი
12 აპრილი 2016 05:25
სირცხვილია საქართველაოს მთავრობამ ამაზე ხმა რომ არ ამოიღოს,აზერბაიჯანელებს აქ ყველანაირი პირობები აქვთ,სოფლები,მიწები,მეჩეთები და მეტიც რუსთავში ალიევის სახელობის პარკი,ეთნიკურ ძირძველ ქართველებს კი უმოწყალოდ ავიწროვებენ საინგილოში.ამაზე მთავრობამ ხმა რომ არ ამოიღოს ეს იმას ნიშნავს სიდედრს ცივ ნიავს არ აკარებდე და საკუთარ დედას ყურადღებას არ აქცევდე!!!!

რედაქტორის რჩევით