"ამ საქმეში მე ვინ ჩამახედებს..." - კვირის პალიტრა

"ამ საქმეში მე ვინ ჩამახედებს..."

"ამ წერილს ისეთი ოჯახი გწერთ, რომელიც ცხოვრებას კი ებრძვის, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოერია. ზარმაცები არ ვართ. მე და ჩემს მეუღლეს, ავთანდილ ზარიძეს, უმაღლესი განათლება გვაქვს, მაგრამ ვერც მან და ვერც მე ისეთი სამუშაო ვერ ვიშოვეთ, რომ ჩვენი სამი გოგონასთვის პატარა სიხარულის მინიჭება შეგვძლებოდა.

დღემდე ხუთი სული ერთოთახიან მიწურში ვცხოვრობთ ისნის რაიონში. ყველას უკვირს, - ბავშვებს აქ როგორ აჩერებთო. ჩემი შვილები 105-ე სკოლაში სწავლობენ და მასწავლებლები გვეუბნებიან, განსაკუთრებული ბავშვები არიანო. რახან იმის საშუალება არ გვაქვს, რომ შვილები ზაფხულობით სადმე დასასვენებლად გავუშვათ, ქართველ ბერძენთა სათვისტომოს ყოველ წელიწადს ვემუდარები, ჩემი შვილები ზაფხულში საბერძნეთში რამდენიმე დღით გაუშვითო. საქმე ის არის, რომ დედა მყავს ბერძენი და საბერძნეთის მთავრობა ქართველ ბერძენთა შთამომავლებს საზაფხულოდ ბანაკებში უფასოდ იწვევს. ისინი კი იწვევენ, მაგრამ საქართველოს ბერძენთა სათვისტომომ მხოლოდ ერთხელ გაუშვა ჩემი უმცროსი გოგონა დასასვენებლად. საბუთებს ყოველწლიურად მაკეთებინებენ, ფულს მახდევინებენ და მერე უამრავ მიზეზს იგონებენ, რომ ბავშვები არ გაუშვან. ზოგი ავტობუსამდე მიჰყავთ და მერე უკან აბრუნებენ - საბუთებში უზუსტობააო. მათ ნაცვლად, იქვე, სხვები სხდებიან ავტობუსებში. ნელ-ნელა დავრწმუნდი, რომ უკანონობა ხდება, მაგრამ მე ამ საქმეში ვინ ჩამახედებს. იქნებ თქვენ დამეხმაროთ და გაარკვიოთ, რა ხდება. არადა, როგორც ბერძნის შთამომავალს, საბერძნეთში ოჯახით წასვლა ისედაც შემეძლო, მაგრამ სამშობლოს მიტოვება არც მიფიქრია და არც ვიფიქრებ.

პატივისცემით, სუზანა ბასილაური".

ქალბატონი სუზანას დღეში, სამწუხაროდ, არაერთია. ცხოვრებამ ბევრი განათლებული და გონიერი ადამიანი მისწია გვერდზე, ჩვენ კი უპირველესად იმან დაგვაფიქრა, რომ ღირებულებების დაფასება ვერ ვისწავლეთ. ამ ქალბატონს შეუძლია, აწყობილ ქვეყანაში წავიდეს და თავისი ლამაზი შვილებიც წაიყვანოს, მაგრამ არ მიდის. მშობელი მიწა ურჩევნია, სადაც სიღატაკეში სძვრება სული. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ისნის გამგეობას, მიბრძანდნენ ყვარლის ქუჩაზე, 107-ე "ბ" კორპუსში, ნახონ ამ ოჯახის საცხოვრისი, სადაც ვირთხებსაც არ დაედგომებათ და როგორც შეუძლიათ, ისე დაეხმარონ. მერე კი ალბათ ის დროც დადგება, რომ მართლაც ნიჭიერი ხატია, ნათია და ანა ზარიძეები თავად მიეშველებიან სამშობლოს.

ჩვენ დავუკავშირდით ქართველ ბერძენთა სათვისტომოს თავმჯდომარეს, ბატონ ფოტი ჩიტლიდისს და სიტუაციის გარკვევას შევეცადეთ.

- ვიცი, მაგ ქალბატონის პრობლემა, მისი ოჯახიც მინახავს და მართლა გაჭირვებულები არიან, მაგრამ სათვისტომო არაფერ შუაშია. საბერძნეთში უფასო დასვენების პროგრამები მხოლოდ 12 წლამდე ბავშვებისთვის არის. ამ პროგრამით მისი უმცროსი გოგონა უკვე გავუშვით. სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია. წერილიც კი გავგზავნეთ საბერძნეთში, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

- ასეთ შემთხვევაში რა საჭიროა, ყოველ წელიწადს საბუთების ტყუილად გამზადება და ადამიანის წვალება?

- ?..

- თუ მართლაც საბერძნეთის მთავრობა ეხმარება ბავშვებს, 12 წლის ზემოთ მოზარდებმა რაღა დაუშავეს?

- ქალბატონო, მე ერთი რამ შემიძლია, რომელიმე ბერძნულ ფირმას ვთხოვო და ჩემი ხათრით, იქნებ ამ ქალბატონის ერთ-ერთი გოგონა წავაყვანინო დასასვენებლად. თუმცა ვეჭვობ, დედამისი ამაზე დამთანხმდეს, - იტყვის, მეორემ რა დააშავაო.

- თქვენ შეეცადეთ. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონს რაიმეში ეჭვი რომ არ შეჰპაროდა, არც გამწარდებოდა. თუმცა, ეს ალბათ სხვა სამსახურებმა უნდა გაარკვიონ.

P.S. ბატონ ფოტისთან საუბარი ასე დავასრულეთ. იმედი გვაქვს, ქალბატონი სუზანა ბასილაურის შვილებს დაეხმარებიან და ის სამსახურებიც "შეწუხდებიან", ვისაც კანონით ევალება მსგავსი გაჭირვებულების დახმარება.