"ხელისუფლებებთან ბრძოლამ დამღალა, მაგრამ თავს არ წავხრი..."
04-04-2016
"ხელისუფლებებთან ბრძოლამ დამღალა, მაგრამ თავს არ წავხრი..."
ოთარ იმნაიშვილი: "თემქაზე, "ინჟმშენის" მე-5 სამმართველოს ბაზაზე შპს "მშენებელი-5" შევქმენით, სწორედ ამ ობიექტის დაბრუნებისთვის 12 წელია ვიბრძვით"

მსგავსი ისტორიები, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ცოტა როდია. საზოგადოების ნაწილი დღემდე იმ იმედით ცხოვრობს, რომ სამართალს იპოვის. ჩვენც ამ განზრახვით ვბეჭდავთ ამ წერილს, - იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები გამოგვეხმაურებიან და ყველაფერს გააკეთებენ კანონისა და სამართლიანობის აღდგენისათვის.

- 12 წლის წინ ამ საქმეზე ბრძოლა იმიტომ დავიწყე, რომ მაშინდელმა მთავ­რობამ არა მხოლოდ მე მომინდომა ნაშრ­ომის
წართმევა, არამედ ყველას, ვინც ჩემ უკან იდგა. ეს ბრძოლა დღემდე არ შემიწყვეტია, მაგრამ მდგომარეობა ვერაფრით შევცვალე. მას მერე მოსულმა მთავრობებმაც გააგრძელეს ჩვენი გატყავება...

მე ინჟინერთა იმ თაობის წარმომადგე­ნელი ვარ, რომელიც ამ ქვეყანას აშენებდა. 25-მა კაცმა თემქაზე, "ინჟმშენის" მე-5 სამმართველოს ბაზაზე შპს "მშენებელი-5" შევქმენით. ხალხი დავასაქმეთ.
პირველი სერ­იოზული სამუშაო ეი-ი-ეს თელასმა მოგვცა. ნაშრომი მოგვიწონა და დიდი შეკვეთაც მივიღეთ. მას შემდეგ უსაქმურად­ არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ჩვენი უბედურება ჩვენივე შრომა აღმოჩნდა - იმჟამინდელი კანონით, ყველა­ ოფიციალ­ური კომპანია ვალდებული იყო, მასალები ასევე­ ოფიციალური კომპანიისაგან შეეძინა და დღგ-ც მისთვის გადაეცა, ანუ გადახდილი საქონლის ღირებულებაში შეეტანა; მომწოდებელი კომპანია კი თავად შეიტანდა დღგ-ს სახელმწიფო ბიუჯეტში. ერთხელაც, შემოსავლების სამსახურში მისულ ჩვენს ბუღ­ალტერს უთხრეს, თითქოს ჩვენს კომპანიას სახელმწიფოსთვის დღგ არ ჰქონდა გადახდილი. რა თქმა უნდა, ჩვენი ბუღალტერი აღშფოთდა, - ჩვენ ხომ დღგ მიმწოდებელს გადავუხადეთ, რისი ოფიციალური დოკუმენტაციაც გვაქვსო. უპასუხეს - მაგ ქაღალდებს ძალა დაეკარგა, სახელმწიფომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვ­ითაც, დღგ გადახდილად არ ჩაითვლება, თუ სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის დაფ­იქსირებულიო. ეს მოხდა 2001 წელს. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მომწოდებლებს ბიუჯეტში ჩვენი გადახდილი დღგ არ შეჰქონდათ, რის გამოც 99 000 ლარი თავიდან უნდა გადაგვეხადა.

- თქვენს დღეში ხომ არაერთი ჩავა­რდებოდა. პროტესტი არავინ განაცხადა?
- მსხვილმა ბიზნესმენებმა, რომელთაც ფული ჰქონდათ და იცოდნენ, სასამართლოდან ვერაფერს გამოიტანდნენ, ეს თანხა მეორედ გადაიხადეს; ჩვენ კი რა უნდა გადაგვეხადა, რაც არ შეგვეძლო! ამიტომაც სასამართლოს მივმართე. გამიმართლა - გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ არანაირი დღგ-ს გადახდა არ გვევალებოდა! პირიქით, თუ მეორედ გადავიხდიდით, ამით კანონს დავარღვევდით.

- აბა, რაღა პრობლემა დაგრჩათ?
- შემოსავლების სამსახურმა ეს გადაწ­ყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესზე კანონი ისე წაიკითხეს, რო­გორც აწყობდათ და დღგ-ს გადახდა კვლავ დაგვაკისრეს. გავასაჩივრე უზენაეს სასამართლოში. მან საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა - გადახდილი თანხის მეორედ გადახდასთან გვაქვს საქმე­ და სარჩელი ხელმეორედ განიხილეთო! მოკლედ, სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი 43 თვით შემოდო თაროზე. ბოლოს, 2006 წელს, კვლავ უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა. ესეც იმიტომ, რომ უკვე "ნაციონალური ხელისუფლება" იყო მოს­ული და, ჩანს, მათ მოითხოვეს დოკუმენტაციის მოწესრიგება. უზენაესის ერთმა-ერთმა წარმომადგენელმა პირად საუბარში მითხრა, - სარჩელი უსათუოდ თქვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, მაგრამ არაფერი გამოგივათ, რადგან დავალებული გვაქვს, ყველა ეკონომიკური დავა სახელმწიფოს სასარგებლოდ განვიხილოთო!

- და რაღა გააკეთეთ?
- რა უნდა გვექნა! 2001 წელს ვერ გადავიხადეთ დღგ-ს გადასახადი მეორედ და 2007 წელს როგორღა გადავიხდიდით, როცა უკვე შოკის მომგვრელი საურავები ჰქონდა დარიცხული?! მხოლოდ ის მოვიფიქრეთ, რომ სასამართლოში დავა ისევ განვაგრძეთ, პარალელურად კი, ანგარიშების დაყადაღების გამო, სხვა ინდსაწარმო­ ჩამოვაყალიბეთ და საქმიანობა ძველი საწარმოს ტერიტორიაზე, თემქაზე განვაგრძეთ. ამასობაში სადავო თანხა, საურავების დამატების გამო, 500.000 ლარამდე ავიდა და საქმეც ვერ მოვიგეთ. ჩვენი საწარმოს ტერ­იტორია თემქაზე აუქციონზე გაიტანეს. ამასობაში ახალი ხელისუფლებაც მოვიდა და "ნაციონალების" ხელისუფლებისაგან დაკისრებული არარეალური ჯარიმების ჩამოწერა გამოაცხადა. ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ. თურმე ტყუილად - 2014 წელს ეკონომ­იკის სამინისტროდან ვიღაც კაცი მოგვადგა­ - თქვენი საწარმო, თავისი ტერიტორიით, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია გადასულიო. ასე რომ, დღევანდელ პრემიერსა და მაშინდელ ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მივედი საქმის გასარკვევად. მან ისღა გააკეთა, რომ ჩვენივე შენობა 2 წლით მოგვცა იჯარით. ამასობაში გვირჩიეს, შემოსავლების სამინისტროს დავების კომისიისთვის მიგვემართა. მათ რამდენიმეფურცლიანი დასკვნა გამოგვიგზავნეს, სადაც ყველა ფურცელზე აღნიშნავდნენ, რომ ამ საქმეში მართლები ვართ. თუმცა სულ ბოლოში მიაწერეს - საქმეს თქვენს სასარგებლოდ მაინც ვერ გადავწყვეტთ, რადგან დავების კომისიაში განაცხადის შემოტანა ერთი დღით დაიგვიანეთო.

- 12 წელია, სამართალს ეძებთ და ყველაფერი ერთმა დღემ როგორ გადაწყვიტა?!
- სწორედ ეს არის ცინიზმი, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სასამართლოში, რომელსაც 5 თვეა იხილავენ და ვერ განიხილეს, მაგრამ ჩვენ მონები არ ვართ. მართალია, სამ ხელისუფლებასთან ომში ჯანმრთელობა შემერყა, მაგ­რამ ვამაყობ, რომ სხვებივით თავი არ წავხარე... ვფიქრობ, თუ მხარში ამოგვიდგებით, ერთად დავამტკიცებთ, რომ ჩვენი დამონება არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუვა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით