"მამას ოცნებას ვერ ავუხდენ..." - კვირის პალიტრა

"მამას ოცნებას ვერ ავუხდენ..."

"ჩემი სახლის წინ მოედანია. აივანზე არ გავდივარ, რომ არ დავინახო, მეზობლები ფეხბურთს როგორ თამაშობენ. სულ მძინავს ან ფილმებს ვუყურებ. ხანდახან ვფიქრობ, არ დავემორჩილები ექიმს, გავრისკავ და ჩემს გუნდში დავბრუნდები-მეთქი..."

ჩვენ კვლავ ვიღებთ მოზარდების წერილებს. ამჯერად დახმარება 17 წლის ბესომ გვთხოვა. ბიჭი ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ ექიმმა სპორტისთვის თავის დანებება მოსთხოვა. ბიჭი დეპრესიაშია, რადგან ფეხბურთის გარეშე მომავალი ვერ წარმოუდგენია.

ბესო: "მამაჩემი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბაბუამ იურიდიულზე ჩაბარება აიძულა. დედაჩემი რომ დაორსულდა, მამას უნატრია, ნეტავ ჩემი შვილი მაინც გამოვიდეს სპორტსმენიო. ხუთი წლის ასაკში ოჯახის წევრებისთვის მითქვამს, ფეხბურთზე მიმიყვანეთ-მეთქი. მამამ სიხარულით ამისრულა თხოვნა. ასაკის მატებასთან ერთად დავრწმუნდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. არც ტექნიკური საგნებისკენ ვიყავი მიდრეკილი, არც ისტორია ან ლიტერატურა მიტაცებდა. დედაჩემი ნერვიულობდა, საქართველოში ფეხბურთელმა რა კარიერა უნდა გაიკეთოსო, მაგრამ მე სამშობლოში დარჩენას არც ვაპირებდი.

საუბედუროდ, ცოტა ხნის წინ მუხლი დავიზიანე და ოპერაცია გამიკეთეს. ჯერ წოლითი რეჟიმი მქონდა, ახლა უკვე ყავარჯნებით დავდივარ. როგორც მოსალოდნელი იყო, ექიმმა კატეგორიულად ამიკრძალა ფეხბურთის თამაში. შემაშინა, ვეღარ გაივლიო. გეგმები წყალში ჩამეყარა. ვერც მამაჩემს ავუსრულებ ოცნებას. დედაჩემი უნივერსიტეტზე ალაპარაკდა, ბაკალავრის დიპლომი მაინც აიღე, თავი ხომ უნდა ირჩინოო. ეროვნულ გამოცდებზე მშობლების ხათრით გავალ, მაგრამ ვიცი, რომ ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მოვეწყობი, ან თუ ჩავირიცხები, მეცადინეობას გულს მაინც ვერ დავუდებ. ხელობას ვისწავლიდი, მაგრამ ისეთი მოუხერხებელი ვარ, შემთხვევით ან თავს ვავნებ, ან რამეს დავაშავებ.

არ ვიცი, მომავალში რა მელის. ალბათ, ვიქნები კაცი, რომელსაც მშობლები არჩენენ და ვერც პირად ცხოვრებას ავიწყობ. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ჩემი სახლის წინ მოედანია. აივანზე არ გავდივარ, რომ არ დავინახო, მეზობლები ფეხბურთს როგორ თამაშობენ. სულ მძინავს ან ფილმებს ვუყურებ. ჩემი ცხოვრება უაზრო გახდა.M ხანდახან ვფიქრობ, არ დავემორჩილები ექიმს, გავრისკავ და სამ თვეში ჩემს გუნდში დავბრუნდები-მეთქი... როგორ მოვიქცე?

თათული ღვინიანიძე