ვერეს ხეობაში გადარჩენილი ბიჭები - კვირის პალიტრა

ვერეს ხეობაში გადარჩენილი ბიჭები

ადამიანმა მხოლოდ წარსულით არ უნდა იცხოვროს, მაგრამ უწარსულოდ არც არავინ ვიქნებით. ის კი მუდამ გვახსენებს, რომ სულ ფრთხილად უნდა ვიყოთ, - არც ერთი დიქტატორი არ გაჭაჭანებულა, ჩვენთვის რომ არ შემოეტია.

ხომ ვითომ მეორე მსოფლიო ომში გერმანელებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ, მაგრამ ჰიტლერის ხელი მაინც მოგვწვდა, - საქართველოს დედაქალაქში მათი რამდენიმე ბომბი ჩამოვარდა. აბა, რა გასაკვირია, რომ ორი წლის წინ რუსებმაც იგივე დაგვიპირეს... გერმანელების დაბომბვის თვითმხილველი თბილისელები ისევ შიშით იგონებენ ვერეს ხეობაზე გადაფრენილ სვასტიკიან თვითმფრინავს.

შემოდგომის მიწურული იყო, მეორე მსოფლიო ომის ბოლო. უნივერსიტეტის ქვევით, ვერეს ხეობაში, ბარაკები და სიმინდის ყანები იყო და მშობლებს გამოპარული პატარა ბიჭები მთელი დღე იმ სიმინდის ყანებში ვთამაშობდით. ერთ დღეს ზოოპარკის მხრიდან, საბურთალოს გორაზე, თვითმფრინავი გამოჩნდა. ჯერ რუსული გვეგონა და დიდად არ შეგვშინებია, მაგრამ თავაღერილები მაინც ცნობისმოყვარეობით მივაჩერდით. იმდენად დაბლა მოფრინავდა, რომ მის ფრთებზე გერმანული სვასტიკა დავინახეთ.

ელდა გვეცა.  "ლეჩკომბინატის" ახლოს ვიყავით, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ქვემოთ. გასაქცევი არსად იყო, ამიტომ გაშეშებულებმა დავუწყეთ ლოდინი, რა მოხდებოდა. უეცრად ყველა მხრიდან ქვემეხების ქუხილი და ტყვიამფრქვევების კაკანი გაისმა. მაშინ თბილისში, ბევრგან იდგა ეგრეთ წოდებული "ზენიტკები". თვითმფრინავს ამ "ზენიტკებიდან" ესროდნენ.

გერმანელი ცხადია, დაჭრილებით სავსე "ლეჩკომბინატის" დაბომბვას აპირებდა, მაგრამ ხელი მოეცარა, ბომბი ცარიელ ადგილზე ვერეს ხეობაში ჩამოაგდო - ტვირთი მოიშორა და ხეობაში გაუჩინარდა, მდინარის სათავეს აუყვა. ასე რომ, ამ ბომბმა მხოლოდ საწყალი მეველე დააზარალა - სადარაჯო ქოხში ჩასძინებოდა და ჰაერის ნაკადმა იმ ქოხიანად მოისროლა.

ჩვენ კი გულები დაგვისკდა. დაბომბილ ადგილზე უზარმაზარი ორმო გაჩნდა და მილიციელები მოცვივდნენ. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თვითმფრინავი თურქეთის საზღვართან ჩამოუგდიათ. ამბობდნენ, ის თვითმფრინავი რუსული იყო, გერმანელებს ასეთები  არა ჰყავთო. ღმერთმა უწყის, როგორ მოხვდა ის ავად მოსაგონარი "კუკურუზნიკი" გერმანელების ხელში. ასეა თუ ისე, ჩვენი მოსვენება რომ არ არის, ცხადია და კარგად უნდა გვახსოვდეს.

ალექსანდრე თუთბერიძე, მთაწმინდის პარკის მებაღე-დეკორატორი

P.S. ბატონ ალექსანდრეს ჩვენც დავეთანხმეთ და დავუკავშირდით კიდეც. გვითხრა, - ეგ რა არის, გერმანელების ჩამოგდებულმა მეორე ბომბმა კინაღამ მთელი ვერეს ხეობის ბიჭები ამოგვჟუჟაო. თურმე როცა ბომბი ასაფეთქებლად აშიშინებულა, ერთი მივარდნილა, ქურთუკი დაუფარებია და გუბეში მოუსვრია. ასე გადარჩენილან აფეთქებას. ჩანს, ღმერთი ჰფარავდათ. ("კვირის პალიტრა" შეეცდება ეს ისტორია უახლოეს ნომრებში უფრო ვრცლად შემოგთავაზოთ. - რედ.) ასე დაგვიფაროს მთელი საქართველოც უფალმა.