"ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს..." - კვირის პალიტრა

"ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს..."

"ჩემო "კვირის პალიტრავ", სათნოება თქვენთვის უცხო რომ არ არის, ამიტომაც გიგზავნით ამ წერილს. ამას წინათ ერთ ოჯახში ვიყავი, სტუმართაგან ერთმა ლექსი წაიკითხა, რომელსაც ახლა მოგწერთ. ჩუმად ვაკვირდებოდი ყველას - იმ ასაკის ბიჭები იყვნენ, ცრემლის გამოჩენისა რომ რცხვენიათ, მაგრამ იმ წუთში ამას არ დარიდებიან. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამის შემხედვარე. რატომ? მეც დედა ვარ... ლექსი გადავიწერე და გიგზავნით.

თუ შეგიძლიათ და, რაც მთავარია, თუ მოგეწონებათ, გთხოვთ, დაბეჭდოთ. იმიტომ რომ, სანამ დროა, მანამ ვიფიქროთ იმ გადაუხდელ ვალზე, რომელიც დედასთან გვრჩება. იმასაც გეტყვით, რომ ამ ლექსის ავტორი თქვენი კოლეგაა, მერაბ ბერაძე.

"მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი, ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი,  მაქვს უამრავი დანაშაული, მინდა თუ არა, გვერდს ვერ ავუვლი. უპირველესად ცოდვა მაქვს დედის, აი, მიზეზი ცრემლის და სევდის. ვერ მოვეფერე,  როცა დაბერდა, როცა მიცდიდა ღია სარკმელთან.  გათენებამდე ტანჯვით მელოდა,  ლოდინი გახდა მისი ხელობა,  მე - სხვაგან ლაღი და სიტყვაუხვი,  დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი.

იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის, გასამართლებლად აბა, რა მეთქმის... მონანიება შორი გზით მოდის,  ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს. მაგრამ ვაი, რომ არის გვიანი, რა მწარედ ცდება ადამიანი...  აი, ამიტომ მოგმართავთ ყოველს, სანამ დრო არის, ეფერეთ მშობელს! მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ გყავთ, იქ რომ დაადგეთ სხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ, დედ-მამისათვის, დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი".

სიმართლე გითხრათ, ჩვენც თვალზე ცრემლი მოგვადგა და ბატონ მერაბსაც დავუკავშირდით.

- ბატონო მერაბ, ბევრის სათქმელი გითქვამთ..

- იმიტომ, რომ თითქმის ყველანი ასე ვართ, ყმაწვილობისას დედის მოფერება გვავიწყდება. დედა კი უხმოდ, უსაყვედუროდ გვიცდის... ამაზე ფიქრს მაშინ ვიწყებთ, როცა თავად მშობლები ვხდებით და წლები გვემატება. პოეტი არ ვარ, მაგრამ ამაზე რომ დავფიქრდი, გულმა თავისით ამოთქვა ეს სტრიქონები. პირველად "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა, მერე - ბუკლეტებად გავრცელდა. ამისთვის ჩემს მეგობარ გოგი ავსაჯანიშვილს მინდა ვუთხრა მადლობა. სხვათა შორის, ამ ლექსით პატრიარქთანაც მოვხვდი, - სასულიერო აკადემიის რექტორმა, მამა გიორგი ზვიადაძემ მიმიყვანა. ძალიან გამიხარდა, როცა მითხრა, ქადაგებაში წავიკითხავო.

- პატრიარქი ხომ გვეუბნება: "სულ გახსოვდეთ დედის ღიმილი, ის თქვენი მფარველიაო..."

- ღმერთმა გვაცილოს დედასთან გაუცხოება ქართველებს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ შეიძლება ასე მოხდეს და მეშინია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გაუცხოების საშინელი სენი გვერევა. დედმამიშვილები თვეობით ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ - ბევრი საქმე გვაქვსო... ეს რა არის?! "საქმის" ძახილში შეიძლება ფული იშოვოს, მაგრამ კარგავს, რისთვისაც ამქვეყნად მოვიდა - სიყვარულს. ამიტომაც შევთხოვე პატრიარქს, - იქნებ თქვენი ლოცვა-კურთხევით "ოჯახის დღე" დავაარსოთ-მეთქი. ანთებულ სანთელს სანთელს რომ დაამატებ, უფრო არ გაანათებს?!