"ჩემს დას თვალებში როგორ ჩავხედო?" - კვირის პალიტრა

"ჩემს დას თვალებში როგორ ჩავხედო?"

15 წლის მარიკო სასიყვარულო სამკუთხედში პირველად აღმოჩნდა.

მარიკო: მე და ჩემი და ანა ერთ სკოლაში დავდივართ, ის მეთერთმეტეკლასელია. მეორე სემესტრის დასაწყისში ანას კლასში ახალი მოსწავლე, ზურა, გადავიდა. ერთხელ ზურა ჩვენთან ფიზკულტურის გაკვეთილზე შემოიპარა და ბიჭებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. მაშინ გავიცანი - ბურთი შემთხვევით სახეში მომარტყა, თავი ვერ შევიმაგრე, წავიქეცი და ცხვირიდან სისხლი წამსკდა. სიმწრისგან ავტირდი, სახეც აწითლებული მქონდა. შეშფოთებული მომვარდა, წამომაყენა და ბოდიში მომიხადა. იმ მომენტში ისეთი გაცეცხლებული ვიყავი, რომ მწარედ ვეჩხუბე.

გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სკოლის გასასვლელთან დამხვდა, ბოდიში კიდევ ერთხელ მომიხადა და სახლში გაცილება შემომთავაზა. სიბრაზე კიდევ არ გამნელებოდა და მივახალე, თავი დამანებე-მეთქი. უკან არ დაიხია, თუ არ გინდა, რომ გაგაცილო, შენ წინ იარე და მე გამოგყვებიო. სახლის სადარბაზოს რომ მიუახლოვდით, კიდევ ერთხელ მთხოვა პატიება.

იმ დღის შემდეგ გაკვეთილების დასრულებისთანავე ეზოში მხვდებოდა და შინ უხმოდ მაცილებდა, ასე გაგრძელდა ორი კვირა. საბოლოოდ გული მომილბა. მეტიც, მივხვდი, რომ ზურა არც ისეთი საშინელი ბიჭი იყო, როგორიც მეგონა. მისმა იუმორმა და მოთმინების უნარმა მომხიბლა. ფიზიკურადაც კარგი ბიჭია: მაღალი, მწვანეთვალება, წაბლისფერი თმით. ვერც კი მივხვდი, როგორ შემიყვარდა. სანამ ანა ექსკურსიაზე წავიდოდა, მეგონა, ზურას მოვწონდი. ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ კი ჩემი და გამომიტყდა, ერთ ბიჭს დავუახლოვდიო. მომიყვა, რომ გაცნობის დღიდან მოსწონდა და ზურას სურათი მაჩვენა... იმ დღესვე ზურას ვკითხე, ანასთან როგორი ურთიერთობა გაქვს-მეთქი, მშვენიერიო, - მიპასუხა. ჩემი და ძალიან აქო, კლასში ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი გოგონააო. არაფერი გაუზვიადებია, მაგრამ მაინც ვიეჭვიანე. ჩავთვალე, რომ არ მოვწონვარ და ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. გაურკვევლობა არ მიყვარს. თუ მეცოდინება, რომ ზურა ჩემი დის შეყვარებულია, მის დავიწყებას შევეცდები. მაშინაც კი თუ მე ვუყვარვარ... ანას თვალებში როგორ ჩავხედო? როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ?

თათული ღვინიანიძე