"მეგონა, ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი" - კვირის პალიტრა

"მეგონა, ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი"

ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ... დღიურო, დღეს ჩემთვის ყველაზე უბედურ პერიოდზე მინდა მოგიყვე... ჩემი და და ბიძაშვილები თებერვალში დაიბადნენ, ამიტომ ეს სუსხიანი თვე ყოველთვის ძალიან მიყვარდა...

2016 წლის თებერვლის პირველი რიცხვებიდან ცუდი წინათგრძნობა მქონდა, სიბნელე და სიცივე მესიზმრებოდა. როგორც ჩანს, ჩემი ინტუიცია თავიდანვე ტრაგედიის მოახლოებას გრძნობდა. ჩემი დის დაბადების დღიდან ორი დღე გავიდა. შინ დაბრუნებულს არავინ დამხვდა. არ გამკვირვებია, რადგან ჩემი ოჯახის წევრები, ჩვეულებრივ, სამსახურიდან გვიან ბრუნდებიან. მოსაღამოვდა თუ არა, მათთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ყველას მობილური ჰქონდა გამორთული. გონება საშინელი აზრებით გამევსო: "რაღაც ცუდი მოხდა?" - ავიკვიატე.

არ მახსოვს, დედა როდის მოვიდა, მაგრამ მის ნათქვამ სიტყვებს ვერასდროს დავივიწყებ: ბებო გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.

თავიდან არ დავიჯერე. ვუყურებდი და ველოდი, ტყუილში როდის გამოტყდებოდა. არ მესმოდა, რაში სჭირდებოდა ეს ბოროტი ხუმრობა. ჩემი დუნიაშა... ყველაზე ტკბილი... ყოველთვის ვიცოდი, რომ მიყვარდა, მაგრამ მისმა დაკარგვამ კიდევ უფრო გამიმძაფრა გრძნობები. დუნიას გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ კვირაში მეორე ბებომაც დამტოვა. მეგონა, ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი.

ცარიელ სახლში ბიძაშვილებსა და ჩემს დებთან ერთად ვიყავი. ბებოს ფოტოები ჩავიხუტე და გათენებამდე ვტიროდი. თებერვლის შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მარტო მაინც ვერ ვიძინებ. ბებო ექიმების მცდარმა დიაგნოზმა წამართვა...

ძვირფასო დღიურო, ვისურვებდი, ჩვენი სიცოცხლე პროფესიონალების ხელში იყოს და თითოეული მათგანი აცნობიერებდეს თავის პასუხისმგებლობას.

ელენე შუბითიძე, 16 წლის

თათული ღვინიანიძე