ვაკუუმი - ბრწყინვალე ტვინების ქვეყანაში - კვირის პალიტრა

ვაკუუმი - ბრწყინვალე ტვინების ქვეყანაში

ალბათ ბევრს ახსოვს, ერთი ხელის დაკვრით როგორ მოიხვეჭა ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ხალხის პატივისცემა იმით, რომ მეცნიერებას თითქმის ტრილიონი დოლარი გამოუყო. ჩვენში კი... ოდესღაც აყვავებული მეცნიერების ნაშთებიც ნადგურდება. თუმცა ვიდრე ასეთ თემებზე საზოგადოება შფოთავს, საშველიც იქნება...

"ჩემო "კვირის პალიტრავ", გთხოვთ ამ წერილს გვერდი არ აუაროთ. ამას წინათ ფიზიკის ინსტიტუტში გახლდით. გული შემიღონდა, ისეა იქაურობა მილეწილ-მოლეწილი. განა მარტო ეს ინსტიტუტია ამ დღეში, მაგრამ სიტუაცია ტრაგიკომიკურია იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მეცნიერების აყვავებას ტექნიკური დარგებით აპირებს.

გთხოვთ შეახსენოთ მასაც და ხელისუფლებასაც, ცნობილი ქართველი მეცნიერები აქეთ-იქით სწორედ მათი გულგრილობის გამო არიან გაფანტულნი. ამ ადამიანების ბრწყინვალე გონებას, ჩვენ გარდა, ყველა ქვეყანა იყენებს... მაგალითად, პაკისტანში ქართველი მეცნიერების დიდი ჯგუფი მუშაობს. მათ შორის ზოგიერთი საქართველოში დროდადრო ჩამოდის ხოლმე და თუ დაინტერესდებით, თავად მოგახსენებენ, რა პირობებს უქმნიან უცხო ქვეყნებში მეცნიერებას. იქნებ ამან მაინც დააფიქროს ჩვენი ხელისუფლება."

ელისუფლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ როცა იავარქმნილ ფიზიკის ინსტიტუტში პაკისტანიდან დროებით ჩამოსულ ცნობილ ფიზიკოსებს: ნოდარ ცინცაძეს, თამაზ კალაძეს და მათემატიკოსს ალექსანდრე მესხს შევხვდით, დავფიქრდით იმაზე, საით მიდის ჩვენი ქვეყანა.

ნოდარ ცინცაძე: - სამწუხაროდ, ფიზიკოსები და მათემატიკოსები გამონაკლისნი არ ვართ, ვინც უცხოეთს მიადგა არსობის პურისთვის. მაგრამ ჩვენს მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებზე საზღვარგარეთ მოთხოვნა ძალზე დიდია - ამ დარგის ბრწყინვალე მეცნიერები გვყავს. მეცნიერი ლუკმისთვის ვერ ითაღლითებს და შავ ხვრელებში ვერ გაძვრება. ამიტომაც სხვაგან მიდის. დაახლოებით 300-მდე ქართველი მეცნიერია საზღვარგარეთ წასული. მათ შორის რამდენიმე უკვე მსოფლიოშია ცნობილი.

თავად საქართველოში პლაზმური ფიზიკის ფუძემდებელი გახლავართ. მსოფლიოს ყველა აღიარებულ უნივერსიტეტში - პრინსტონში (აქ აინშტაინი ასწავლიდა. - ავტ.), ბერკლიში, სან-დიეგოში, კოლუმბიაში წამიკითხავს ლექციები და გულწრფელად ვიტყვი, რომ ქართველებს ყველგან პატივს გვცემდნენ. ბოლო დროს, პაკისტანში, ლაჰოლის უნივერსიტეტში ჩავიყვანე ახალგაზრდა მათემატიკოსები - ამ უნივერსიტეტის საგანგებო საბჭოს წევრი გახლავართ.

გაოგნებულები იყვნენ,  - რა ბრწყინვალე ტვინები გაქვთ ქართველებსო! ამ უნივერსიტეტში ექვსი ქართველი ვართ - ორი ფიზიკოსი: მე და ბატონი თამაზ კალაძე და ოთხიც მათემატიკოსი: ალექსანდრე მესხი, მალხაზ შაშიაშვილი, ვახტანგ ლომაძე, ქართლოს ყაჭეიშვილი. ზოგ ქვეყანას ამდენი მეცნიერი საერთოდ არა ჰყავს.

თამაზ კალაძე: - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენთან საგანგებოდ იშორებენ თავიდან ნიჭიერ ხალხს. როცა ბატონი ლომაია უნივერსიტეტში და საერთოდ, განათლების სისტემაში რეფორმებს ატარებდა, ხელის შეშლა რომ მოვინდომეთ, ლამის ქვეყნის მტრებად შეგვრაცხეს. ჩვენ კი ვიცოდით, ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა - ქვეყანაში მეცნიერება აღარ გვაქვს და აღარც უნდათ.

ახლახან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსი ჩატარდა და გრანტით მომუშავეებს გვითხრეს, - ამ  კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ, რახან გრანტი გაქვთო. ანუ მეცნიერები, რომლებსაც უცხოური სამეცნიერო ფონდები წარმატებული კვლევებისთვის გარკვეული ხნით სამოწყალოდ უხდიან ხელფასს, უნივერსიტეტში არ სჭირდებათ. სხვათა შორის, ამის შესახებ წერილით მივმართე განათლების მინისტრსაც. თუმცა, რა იმედი უნდა მქონდეს, ჩვენს მინისტრს რომ ჰკითხეს, იაკობ გოგებაშვილის მიხედვით რატომ არ ასწავლით დედაენას სკოლაშიო, მიუგო, - მე მენეჯერი ვარ, არაფერი ვიცი, ექსპერტებს დავეკითხებიო...

ნოდარ ცინცაძე: - აი, ეს არაპროფესიონალიზმი გახლავთ ჩვენი უბედურება. ნუთუ ერთი მეცნიერი აღარ მოიძებნა, რომ განათლების სამინისტროში მიეწვიათ, მეცნიერების ავ-კარგზე საზრუნავად? ჩანს, არც ეს სჭირდებათ. აკი, ბატონმა გიგი თევზაძემ, ჩვენი განათლების ცნობილმა იდეოლოგმა, განაცხადა, - როდის გვყავს მეცნიერები ქართველებს, მათ შესახებ მითი კომუნისტების შექმნილი იყოო. ასეთი იდეოლოგიის პირობებში ქვეყანაში მეცნიერებას რა განავითარებს? პაკისტანში კი, სადაც ყოველ წამს ტერორისტული აფეთქებებია, განათლებაში მარტო შარშან 182 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თავისი რომ არ ჰყავთ, სხვა ქვეყნის მეცნიერებს იწვევენ სამუშაოდ და საუცხოო სამუშაო პირობებს უქმნიან.

ალექსანდრე მესხი: - გაოგნებული ვარ იმით, რომ ასეთ ღარიბ ქვეყანაში სწავლისადმი ინტერესი ისეთი დიდია, მასწავლებელი გაკერპებული ჰყავთ. მილიონებს ხარჯავენ სამეცნიერო აპარატურის შესაძენად, უზარმაზარ თანხებს იხდიან უცხოეთში მაგისტრანტების გასაგზავნად... აქ ჩამოდიხარ და ნერვები გეშლება: თაობები ჩაგვივარდა, ჩვენს ინტელექტში ვაკუუმი შეიქმნა.  მეცნიერს რომ გროშებს აძლევ, სტუდენტი მოიკლავს თავს ფიზიკისა და მათემატიკის სწავლით?.. მაინც ვერაფერში გამოიყენებენ!

ნოდარ ცინცაძე: - თუკი ვინმეს აქვს ტექნიკური მეცნიერების ნიჭი, ბანკში მიდის სამუშაოდ - იქ ზოგან ორი ათასამდე ლარი აქვთ ხელფასი. ფიზიკოსებს კი 150 ლარს აძლევენ, ანუ პირდაპირ გეუბნებიან, - წადი და ქუჩა დახვეტეო! მეეზოვეების ხელფასი 500-600 ლარია... ამიტომაც დავდექით კატასტროფის წინაშე.

ამის შედეგია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის მთელ მიმართულებაზე (ფაკულტეტიც აღარ ჰქვია!) მხოლოდ რვა კაცი სწავლობს. იგივე მდგომარეობაა მათემატიკაშიც. რამდენიმე წელიწადი მათემატიკურ ოლიმპიადებს ვხელმძღვანელობდი.

განსაცვიფრებლად ნიჭიერი ბავშვები ჩამოდიოდნენ სოფლებიდან - ნებისმიერ მათემატიკურ ამოცანას ბრწყინვალედ ხსნიდნენ. ასეთებს უნდა ეხვეწო, მოდი და ისწავლეო, ჩვენ კი ყველა უმაღლესი სასწავლებელი ფასიანი გავხადეთ. იქ გლეხს კი არა, მილიონერს გაუჭირდება ფულის გადახდა. ასე აყვავდება მეცნიერება?!

P.S. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მადლობა მოვუხადოთ ყველა იმ მეცნიერს, რომლებიც ურთულეს პირობებში ზრდიან ნიჭიერ ახალგაზრდებს.