"ისევ თქვენ გვეიმედებით" - კვირის პალიტრა

"ისევ თქვენ გვეიმედებით"

ომი მაშინ არ მთავრდება, როცა ცეცხლი და სისხლის ღვრა წყდება, - ომის მსხვერპლის ტანჯვაც ომია. ამიტომ ომის შემდეგ მაინც უნდა შეგეძლოთ უდანაშაულო მსხვერპლის გვერდით დგომა.

ამ წერილს გორიდან გწერთ და როცა გიგზავნიდით, მწარედ ვფიქრობდი, ჯანმრთელი რომ ვყოფილიყავით, იქნებ თავად გავმართულიყავით წელში-მეთქი, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს ქალაქში წელში გამართვა ჩვენსავით უსინათლო ოჯახს კი არა, ჯანმრთელებსაც გაუჭირდათ. არადა, ღმერთმა იცის როგორ ვცდილობდით, სხვებს მხრებზე ტვირთად არ დავწოლოდით და უსინათლოების ოჯახმა ბიზნესი წამოვიწყეთ (ჩემი მეუღლეც და ვაჟიშვილიც პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები არიან. ჩვენი შემოსავალი პენსია და 22-ლარიანი დახმარებაა). ჩემმა ვაჟმა, რომელიც ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამაა, 2007 წლის აგვისტოში  ტაქსოპარკი გახსნა.

კრედიტი (ვთბ) ბანკიდან ავიღეთ და   აგვისტოს ომის დროს  სრულიად გავნადგურდით, - ერთი ტაქსი ორ მგზავრ ქალბატონთან ერთად ააფეთქეს და მგზავრებიც შიგ დაწვეს. მეორე ტაქსი გაიტაცეს და დღემდე ცხინვალში ჰყავთ. დანარჩენები გაძარცულები და მწყობრიდან გამოსულები დაგვხვდა. ჩემმა შვილმა ეს დაზიანებული მანქანები კი გაყიდა, მაგრამ ეს ბანკის გადასახადებს რას უშველიდა და ახლა პროცენტს პროცენტი ემატება.

საარბიტრაჟო სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი ჩვენი ჭერის გაყიდვისა. ნერვიულობაზე ჩემს მეუღლეს ინფარქტი დაემართა. ყოველდღე იმის მოლოდინში ვართ, როდის გაგვაძევებენ ბინიდან და როდის დაგვტოვებენ ღია ცის ქვეშ. ეს ბინა მე და ჩემს უსინათლო მეუღლეს ქიმიურ საამქროში ოცდაშვიდწლიან მძიმე მუშაობის შედეგად გვაქვს მიღებული. ამ კორპუსს უსინათლოების ბინას ეძახიან, უმეტესობა უსინათლოები ვცხოვრობთ.

რახან ჩვენი პატრონი დედამიწის ზურგზე, თქვენ გარდა არავინ არის (ჩვენ ვიცით, რამდენ ჩვენნაირ უბედურს დახმარებიხართ), ისევ თქვენ მოგმართავთ ჩვენო "კვირის პალიტრავ" ხალხს ხმა მიაწვდინოთ. იმის იმედიღა გვაქვს, რომ უბრალო ადამიანები შეგვიცოდებენ.

P.S. შეუძლებელია ამ წერილს რაიმე დაამატო, გარდა ერთისა, - მისი ავტორია ზოია გულიშვილი და მისთვის დახმარება ამ ანგარიშით შეგიძლიათ:

სახალხო ბანკი: ანგარიში

ეროვნულ ვალუტაში #86 46 36 33 30